ახალი ამბები

TI: 75 ათასი ევრო დაჯდა უსუფაშვილის სტატიის გამოქვეყნება International NY Times-ში

21 ოქტომბერი, 2014 • • 1270
TI: 75 ათასი ევრო დაჯდა უსუფაშვილის სტატიის გამოქვეყნება International NY Times-ში

ორგანიზაციის ცნობით, მათ გაარკვიეს, რომ დავით უსუფაშვილის სტატია გამოცემა agenda.ge-მ International New York Times-ის პარიზის ოფისს დაუკვეთა სექციაში მსოფლიო ამბები (World News), სადაც სრულ გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება დაახლოებით 75 000 ევროს შეადგენს.

 

“ამასთან, გაზეთის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ უსუფაშვილის წერილი სრულ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც International New York Times-ის წარმომადგენელმა განგვიცხადა, გაზეთმა მიმართა agenda.ge-ს თხოვნით, გაესწორებინათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით უსუფაშვილის სტატია რეკლამაა, თუმცა ამ მოთხოვნაზე მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ”, – აცხადებენ TI-ში.

 

2014 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ International New York Times-ში გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილი სათაურით Saakashvili Prosecuted by His Own Past And Not Putin’s “Accomplice” Ivanishvili, რომელშიც გამოთქმული იყო ხელისუფლების მხარდამჭერი მოსაზრებები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.


„ტაბულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის სპიკერის სტატია გამოქვეყნდა როგორც რეკლამა, რაც საქართველოს „მთავრობის მიერ დაარსებულმა” საინფორმაციო ვებგვერდმა agenda.ge-მ, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც სტატიის ქვემოთ იყო განთავსებული, არ დაადასტურა. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ხაზინიდან New York Times-თვის ფული არ გადარიცხულა. თავად დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სტატია მან დაწერა და agenda.ge-ს გადასცა, თუმცა მისთვის მოულოდნელი იყო წერილის New York Times-ში გამოქვეყნება. უსუფაშვილის განმარტებით, სტატიისათვის ფული არც მას გადაუხდია.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების მიერ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული მასალა რეკლამა აღმოჩნდა. 2011 წელს ჩვენ გამოვეხმაურეთ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას პარლამენტში, სადაც მან აღნიშნა, რომ Financial Times-მა დაწერა სტატია საქართველოზე, რომელიც საქართველოს კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად აცხადებდა. ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად კი, გამოქვეყნებული მასალა რეკლამას წარმოადგენდა.


ვინაიდან ეს სტატია მთავრობასთან პირდაპირ დაკავშირებულმა ვებგვერდმა agenda.ge-მ შეუკვეთა, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გავგზავნეთ წერილები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მთავრობის კანცელარიაში და იმავე მისამართზე მდებარე agenda.ge-სთან.


მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ ვინ გადაიხადა 75 000 ევრომდე agenda.ge-ს დაკვეთით გამოქვეყნებულ რეკლამაში: სახელმწიფომ, პოლიტიკურმა პარტიამ, კერძო ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა”, – აცხადებენ TI-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი