კომენტარი

რელიგიურ შეუწყნარებლობა და ქალთა მიმართ ძალადობა – ინტერვიუ სახალხო დამცველთან

21 ოქტომბერი, 2014 • • 2047
რელიგიურ შეუწყნარებლობა და ქალთა მიმართ ძალადობა – ინტერვიუ სახალხო დამცველთან

ბოლო წლებში საქართველოში განვითარებული რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტებზე თქვენ არაერთი განცხადება გააკეთეთ. თქვენი შეფასებით, მაგალითად, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით? – მედრესეზე ღორის თავის მიკვრას ვგულისხმობ.

 

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები ახალი არ არის საქართველოში. ამის ბევრი ფაქტი გვაქვს. ბოლო დროს რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება, თუმცა გამოძიება არ არის ბოლომდე მისული და პრობლემა სწორედ ეს არის, რომ საბოლოო შედეგი არ არის დამდგარი. რიგ შემთხვევებში გამოძიება ასე თუ ისე ჩატარდა, მაგრამ სანქციები და რეაგირება არ არის ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, სასჯელები უნდა ყოფილიყო უფრო ადეკვატური; იგივე ქობულეთის ინციდენტის შემთხვევაში მიმაჩნია, რომ უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, როგორც სასამართლოს, ასევე წინასწარი გამოძიების დროს.

 

ის, რომ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამრღვევი არ დაისაჯა, ეს ახალი დანაშაულის ჩადენას ახალისებს. ეს ტალღა შესაძლოა გაგრძელდეს და ახალი ინციდენტი წარმოიშვას. ჩვენი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ შემდეგში მდგომარეობს: რიგ შემთხვევებში გამოძიება არ არის ბოლომდე დამთავრებული და არც სათანადო კვალიფიკაციაა მინიჭებული. მეორეც – როცა სახელმწიფო რიგ შემთხვევებში სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს რთავს მოლაპარაკების პროცესში და ამ გზით წყვეტს საკითხს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი, მაგრამ სახელმწიფო ვერ მიანდობს რომელიმე ჯგუფს იმ საქმეების გადაწყვეტას, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. მივესალმები იმას, რომ მაქსიმალურად სცადოს სახელმწიფომ კონფლიქტები აირიდოს თავიდან და ჩართოს სხვადასხვა ჯგუფი მედიცინაში, მაგრამ გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს. სახელმწიფო არის გარანტორი უფლებების დაცვის და ეს როლი, ფუნქცია უნდა ჩანდეს.

 

ბარბარეს ეკლესიის ძარცვას თბილისში კვალიფიკაცია სწორად მიენიჭა? ამას იმიტომ გეკითხეით, რომ თქვენს განცხადებაში წერია: მნიშვნელოვანია დადგინდეს დანაშაული არის თუ არა ჩადენილი რელიგიური მოტივით. ძიება მხოლოდ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. თქვენ ხედავთ რელიგიური დისკრიმინაციის საფუძველს?

 

ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არა მხოლოდ ქურდობა მოხდა, არამედ კონკრეტული ნივთები, რელიგიური სიწმინდეები დააზიანეს. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა რელიგიური მოტივიც ყოფილიყო. გამოძიებამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს მოტივი. პოლიციელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება, შეძლოს სწორი დიაგნოზის დასმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ამ ფაქტს და უნდა გამორიცხოს თუნდაც ის, რომ აქ არ იყო რელიგიური მოტივი. სამწუხაროა ის, რომ ხშირ შემთხვევაში ამ მომენტებს არ ითვალისწინებენ.

 

პირველ კითხვას მინდა დავუბრუნდე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რელიგიური შეუწყნარებლობის მიმართ სახელმწიფოს ისეთ დამოკიდებულებას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ?

 

როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ან ვერ ასრულებს, შემდგომ საზოგადოების ნაწილი ცდილობს პროცესში ჩართვას და სამართლის აღსრულებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც სახელმწიფოს კანონით ევალება, მან შეასრულოს, რათა სხვას არ ჰქონდეს იმის ცდუნება, რომ თვითონ მოაგვაროს პრობლემა. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება უზრუნველჰყოს აღმსარებლობის თავისუფლება. როცა სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს, ეს კიდევ უფრო რთულად აისახება საზოგადოებაზე. როცა გამოძიება იწელება დროში, პრობლემა კიდევ უფრო სხვა ფორმებს იღებს და მძაფრდება. სახელმწიფოს რომ დროზე მოეხდინა რეაგირება, ვფიქრობ, ნაკლები პრობლემა გვექნებოდა.

 

სახელმწიფოს დამოკიდებულებას გულგრილს უწოდებთ?

 

რიგ შემთხვევაში გაცნობიერებული აქვს სახელმწიფოს და რეაგირებას ახდენს. რიგ შემთხვევაში უკან იხევს და თითქოს ცდილობს სხვას დაუთმოს ის, რაც მისი გასაკეთებელია – რეგულირების შესაძლებლობა. სხვადასხვა გარემოების გამო, ხანდახან იმის გამო, რომ შესაძლოა ერიდება კონფლიქტის გაღრმავებას, სურს სხვა ალტერნატიული მეთოდებით მოაგვაროს პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, როცა კონკრეტული პირი არ ისჯება. ეს ახალი დანაშაულის ჩადენის წახალისებაა.

უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი
უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

ბოლო პერიოდში თითქმის ყოველ კვირას ვრცელდება ინფორმაცია ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მოკვლის შესახებ. სახელმწიფოს მიერ ამ კუთხით გატარებული ღონისძიებები საკმარისია?

 

რიგ შემთხვევებში სამართალდამცავების საქციელი ოჯახური ძალადობის მიმართ გულგრილია. ბევრი ჩვენი რეკომენდაცია არ სრულდებოდა და არც ახლა არ სრულდება. მნიშვნელოვანია სამართალდამცავების წარმომადგენლებს რეალურად გაცნობიერებული ჰქონდეთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა კონკრეტულ შეტყობინებაზე ადეკვატურ რეაგირებას. მე ვერ ვხედავ, რომ სახელმწიფოს აქვს ამ ტრაგიკულ ინციდენტებზე ჩამოყალიბებული პოლიტიკა. როცა ხდება ამდენი მკვლელობა, მიზეზების კვლევაა საჭირო და მეორეც ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც, სახელმწიფოს რომელიღაც ინსტიტუტის რგოლი არ არის რეალურად მზად პრევენციისა და დასჯისთვის, ამიტომ ხდება ეს დანაშაულები.

 

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, როცა რეაგირების გარეშე დარჩა შეტყობინებები, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ოჯახის შიდა პრობლემა და არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, პოლიცია. ჩვენ დღეს ვიმკით ამ მიდგომის შედეგებს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს განგაშის ზარი მაშინ, როცა ასეთი ძალადობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება. ცხადია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

თქვენი რეკომენდაცია რა არის?

 

თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები, ეს პროცესი არ გაჩერდება. თუნდაც საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, გამკაცრება, იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა მოხდეს, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ, მაგრამ არ მოახდინეს სათანადო რეაგირება. ხელისუფლებამ ეს პროცესი უნდა შეაჩეროს.

 

თქვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებს თუ არა მთავრობა?

 

საზოგადოებას წლის ბოლოს წარვუდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ უფრო მეტად ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს და ვინ არ ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი