საზოგადოება

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა UNFPA–ს ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება

21 ოქტომბერი, 2014 • 2182
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა UNFPA–ს ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება

საქართველოში გენდერული ძალადობის აღმოფხვრა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან და ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოწვევაა. 

 

რამდენიმე დღის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ ლექტორის მკვლელობის გახმაურებული შემთხვევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პოლიცია მხოლოდ მოძალადის გაფრთხილებით შემოიფარგლა და შემაკავებელი ორდერი არ გამოუწერია. საქართველოში ქალთა გახშირებული მკვლელობების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების გასაპროტესტებლად თბილისში არაერთი აქცია ჩატარდა. ასევე, 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან იგეგმება აქცია-პერფორმანსი, რომლის მიზანიც თანამედროვე საქართველოში ქალების მდგომარეობის – როლის და ფუნქციის აღწერა და ამ როლის გაპროტესტება იქნება.

ზაჰიდ ჰაქი, UNFPA-ს წარმომადგენელი თურქეთში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ოფისების დირექტორი UNFPA-ს და საქართველოსთან თანამშრომლობის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე თბილისში.  20.10.2014
ზაჰიდ ჰაქი, UNFPA-ს წარმომადგენელი თურქეთში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ოფისების დირექტორი UNFPA-ს და საქართველოსთან თანამშრომლობის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე თბილისში. 20.10.2014

 

ზაჰიდ ჰაქი ამობს, რომ შეშფოთებულია ქალთა მკვლელობების რაოდენობის ზრდით, თუმცა კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ამ საკითხს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის ზრდა მათ მიერ უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვებას უკავშირდება

 

“უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ ქალებს და შეუძლიათ, რომ ყოველგვარი დამალვის გარეშე, ღიად გადმოსცენ თავიანთი აზრები. ჩემი აზრით, ეს არის ამგვარი ძალადობის გახშირების ერთ–ერთი უპირველესი მიზეზი,”- ამბობს ზაჰიდ ჰაქი.

UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე კი ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა შეიძლება იყოს გამოვლინება იმისა, რომ მართლაც ხდება გარკვეული ძვრები ქალთა რეალური ემანსიპაციის თვალსაზრისით.

 

“ქალები უკვე ირჩევენ, რომ იყვნენ მეტად დამოუკიდებლები, ჰქონდეთ თავიანთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება,”- თქვა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას 20 ოქტომბერზს, საქართველოსა და UNFPA-ს შორის თანამშრომლობის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე.

 

ზაჰიდ ჰაქი ამობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად სპეციალური პროგრამების შემუშავება არის საჭირო.

 

“ჩვენ გვინდა, რომ უშუალოდ მამაკაცები ჩავრთოთ ამ პროგრამაში, ისე, რომ მამაკაცთა ერთმა ჯგუფმა მიაწოდოს ინფორმაცია მამაკაცთა მეორე ჯგუფს. რათა მამაკაცებს შორის ინფორმირებულობის დონე ამაღლდეს ამ საკითხის შესახებ, იმიტომ, რომ ამგვარი მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელია,” – თქვა მან.

 

თუმცა ზაჰიდ ჰაქმა განაცხადა, რომ ეს დროებითი გამოსავალი იქნება. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, მისი თქმით, აუცილებელია, რომ სკოლაში გენდერული ურთიერთობების შესახებ პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა მოხდეს.

 

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, რომ სკოლებში გენდერული სწავლება არ მიმდინარეობს, მაგრამ, მისი თქმით, ხდება საკითხების ისეთ ჭრილში გადაყვანა, სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპები:

 

“თითოეული ამოცანის დაყენებისას, თითოეული თემის გაშლისას, ისე იქნება ეს თემები გაშლილი და ისე იქნება პრიორიტეტები განსაზღვრული, რომ დაცული იყოს გენდერული თანასწორობის პრინციპები. ეს საკითხი წამოწეული იქნება სხვადასხვა საგნების სწავლებაში თანაბრად,”- განაცხადა ლია გიგაურმა.

 

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საკითხებს მასწავლებელთა ყველა ტრენინგ-მოდული გაითვალისწინებს.

 

ზაჰიდ ჰაქი ამბობს, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდმა უკვე დაიწყო პროგრამა,  სადაც მამები უკითხავენ თავიანთ ქალიშვილებს.

 

“ეს პროგრამა მხოლოდ თბილისში მიმდინარეობს და გვინდა, გავაფართოვოთ და მთელი საქართველო მოიცვას. ეს ძალიან კარგი მაგალითი იქნება ასეევე ბიჭებისთვისაც, იმიტომ, რომ ისინი შეხედავენ, მამები როგორ ზრუნავენ თავიანთ ქალიშვილებზე და ეს ალბათ მისაბაძი მაგალითი იქნება,”- თქვა მან.

 

ლელა ბაქრაძემ კი გვითხრა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსურ ძალისხმევას მოითხოვს – უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები და ამაღლდეს განმახორციელებელი სექტორების შესაძლებლობები, როგორებიც არის  პოლიცია, სასამართლო ხელისუფლება, ჯანდაცვის სექტორი, სოციალური დახმარების მხარე და ა.შ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეული წარმატებები უკვე აქვს.

 

“ადრე თუ გენდერული თანასწორობა და ოჯახში ძალადობა იყო ძალიან ეფემერული და თითქოს დასავლეთის მიერ თავზე მოხვეული პრობლემები საქართველოსთვის, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში თითქოს არ არსებობდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა 2009 წელს, მაშინ ძალიან რთული იყო ამ კედლის გარღვევა და თქმა, რომ გენდერზე დაფუძნებული ძალადობა არის პრობლემა საქართველოში. ეს უკვე უზარმაზარი გარღვევაა, როდესაც სახელმწიფო პირები საუბრობენ ამაზე, რომ ეს პრობლემაა,”- ამბობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღანელი.

UNFPA საქართველოსთან უკვე 15 წელია თანამშრომლობს, ამჟამად 2011-2015 წლების სამოქმედო გეგმას ახორციელებს. საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იწყება მომდევნო ციკლის დაგეგმვა, რომელიც 2016-2020 წლებს მოიცავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი