ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ახალ პროგრამაში ჩართვა 5 ათასამდე მიკრო და მცირე მეწარმეს შეეძლება

20 ოქტომბერი, 2014 • • 998
ღარიბაშვილი: ახალ პროგრამაში ჩართვა  5 ათასამდე მიკრო და მცირე მეწარმეს შეეძლება

მთავრობის ინფორმაციით, ახალი პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია. პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, რომლებზეც პროგრამაში ჩართვისას  სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება.

 

ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, დაინტერესებული პირები მიიღებენ მცირე და ეფექტიან გრანტებს, რომელიც მათ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას მისცემს.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებზე დაყრდნობით შემუშავდა, 5 000-მდე ადამიანზეა გათვლილი. სახელმწიფო ყველა დაინტერესებულ პირს ჩაუტარებს ტრენინგებს ბიზნესის კეთებაში და 5 ათასამდე ლარს გადასცემს, რითაც ისინი 2-3 კაციანი კოოპერატივების შექმნას და სოფლებში მცირე ბიზნესის წარმოების დაწყებას შეძლებენ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს მათ დასაქმების და შემოსავლის გაჩენის საშუალებას მისცემს. სახელმწიფო მარტო ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენ ვქმნით ყველა პირობას. შეიძლება ჩვენ არ ვართ იდეალური, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს კერძო ბიზნესის განვითარებისთვის. დანარჩენი კერძო სექტორმა უნდა განავითაროს. ბიზნესს მიღებული კრედიტების 10%-ს სახელმწიფო უხდის. ვერ დამისახელებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, სადაც ღარიბი სახელმწიფო მსგავს რამეს აკეთებს, მაგრამ ჩვენ გამოვნახეთ რესურსი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ახალი პროგრამის განხორციელება ნოემბრიდან დაიწყება. გამარჯვებულები ოთხი თვის შემდეგ გამოვლინდებიან და დაფინანსებას მიიღებენ.

 

პრემიერის განცხადებით, თითოეულ რეგიონში არსებობს იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ადგილობრივ ბაზარს სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი