ახალი ამბები

პოლიციელის მიერ მოკლული მოქალაქის ნათესავებმა ქუთაისის საავადმყოფო დატოვეს [ვიდეო]

4 ოქტომბერი, 2014 • • 1038
პოლიციელის მიერ მოკლული მოქალაქის ნათესავებმა ქუთაისის საავადმყოფო დატოვეს [ვიდეო]

თავის არეში დაჭრილი 21 წლის მირზა ბ ქუთასისის ცენტრალურ საავადმყოფოში 3 ოქტომბერს, 19 საათზე მიიყვანეს. საავადმყოფოდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მას ოპერაცია არ გაკეთებია, რადგან იგი ურთულეს მდგომარეობაში იყო. მირზა ბ. მალევე გარდაიცვალა.

 

საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ გარდაცვლილის ნათესავები, რომლებიც შიგ შესვლას და მირზა ბ-ს ნახვას ითხოვდნენ. ნათესავებმა შესვლა ვერ შეძლეს, მათ საავადმყოფოს შესასვლელი კარის მინები ჩაამტვრიეს.

 

ქუთაისის საავადმყოფოში ამბობენ, რომ ყველა მათგანის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეუშვეს. თუმცა იმ დროს, როცა ნათესავებს მირზა ბ. ცოცხალი ეგონათ, შსს-მ გაავრცელა განცხადება მისი გარდაცვალების შესახებ. ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ნათესავებმა მირზა ბ-ს გარდაცვალების შესახებ იციან.

 

მოქალაქის ნათესავები, რომელსაც პოლიციელმა ქუთაისში ესროლა, საავადმყოფოში შესვლას ითხოვენ. 3.10.2014
მოქალაქის ნათესავები, რომელსაც პოლიციელმა ქუთაისში ესროლა, საავადმყოფოში შესვლას ითხოვენ. 3.10.2014

შსს-ს ცნობით, პოლიციელს, რომელმაც მირზა ბ-ს ესროლა, უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება პოლიციელის დაკავების შესახებ. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების გადამეტებას იარაღის გამოყენებით.

 

პოლიციის ცნობით, მირზა ბ ეჭვმიტანილი იყო ქურდობაში და  დევნაში იმყოფებოდა. პოლიციელმა მას მაშინ ესროლა, როდესაც არ დაემორჩილა პოლიციელის ბრძანებას.

 

ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ მირზა ბ-ს გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი