ახალი ამბები

სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა რექტორის არჩევის წესი მესამედ გააპროტესტეს

2 ოქტომბერი, 2014 • • 2291
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა რექტორის არჩევის წესი მესამედ გააპროტესტეს

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ 1 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აკადემიის რექტორის თანამდებობის დაკავებას მხოლოდ  აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი შეძლებს, ეს სტუდენტების რიგით მესამე აქციაა.

 

“პირველ სექტემბერს ეს მუხლი კიდევ გადაკეთდა იმიტომ, რომ აკადემიამ იცის, რომ ჩვემ მხარს ვუჭერთ გია ეძგვერაძეს და გვინდოდა ის ყოფილიყო აკადემიის რექტორი. მას რომ არ ჰქონოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ეს მუხლი დაავიწროვეს და დაიწერა, რომ მხოლოდ აკრედიტირებული სასწავლებლების აქტიურ პროფესორებს აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება,”- ამბობს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ნატალია ნებიერიძე.

 

მისივე თქმით, ეს დებულება რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უზღუდავს იმ ადამიანს, რომელიც კულტურის დარგში საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ დღეს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის აქტიური პროფესორი არ არის.

 

ნატალია ნებიერიძე თავის სტუდენტურ გამოცდილებაზე საუბრისას ამბობს, რომ საჭიროა, სამხატვრო აკადემიაში ფუნდამენტურად გადაიხედოს ის, თუ რას ასწავლიან სტუდენტებს.

 

“არანაირი მუშაობა იმისთვის, რომ შენ შემოქმედებითი აზროვნება განავითარო, ან შენი საკუთარი ენა შეიმუშავო. არანაირი ექსპერიმენტი, არანაირი სტუდენტური კვლევა, არანაირი ლექტორის დახმარება იმაში, რომ შენ კი არ ჩაჯდე ჩარჩოებში და მოერგო შემოთავაზებულ ნორმას, პირიქით, სულ სიახლის ძებნა გინდოდეს,” – ამბობს ის.

 

აქციის მონაწილეები იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრის შემდეგ კულტურის სამინისტროს წინ საუბრობენ
აქციის მონაწილეები იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრის შემდეგ კულტურის სამინისტროს წინ საუბრობენ

 

გარდა რექტორის არჩევის წესისა, სტუდენტები პროფესორთა კონკურსის შედეგებსაც აპროტესტებენ და თვლიან, რომ კონკურსი საეჭვო ვითარებაში ჩატარდა.

 

ლუიზა ლაფერაძე სამხატვრო აკადემიის ყოფილი ლექტორია. ლაფერაძე ამბობს, რომ მისი დოკუმენტაცია სრულად შეესაბმებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თუმცა მან კონკურსი მაინც ვერ გაიარა. მისი თქმით, ამის მიზეზად შესარჩევმა კომისიამ თანამშრომლების მიმართ მისი არაკოლეგიალობა დაასახელა.

 

“სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც სტუდენტებმა პროტესტი გამოხატეს აკადემიაში არსებული პრობლემების მიმართ, მე მათ სოლიდარობა გამოვუცხადე. ჩემი მხრივ ვთქვი, რომ დიახ, პრობლემები რეალურად არსებობს, რადგან სასწავლო პროცესს სტუდენტი და ლექტორი ქმნის და მეც მექმნება სასწავლო პროცესში პრობლემები, რადგან არ მაქვს საშუალება, თავისუფლად წარვმართო პროცესი და ეს პროცესი შედეგზე ორიენტირებული იყოს, – ზუსტად ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, არაკოლეგიალობა,” – ამბობს ლუიზა ლაფერაძე.

 

25 სექტემბერს სტუდენტებმა კულტურის სამინისტროში წერილი შეიტანეს, სადაც სამინისტროს მიერ პროფესორების კონკურსის გამოძიებას თხოვენ, ასევე სთავაზობენ იმ მუხლის ალტერნატიულ ვერსიას, სადაც ჩამოთვლილია ის სტანდარტები, რომლებსაც რექტორობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს. ისინი ამბობენ, რომ სამინისტროსთან გამართული მეორე აქციის შემდეგ მათ კულტურის მინისტრის მოადგილე, კახა კანდელაკი სწრაფ რეაგირებას დაპირდა.

 

“პირობა იყო, რომ სამ დღეში იქნებოდა პასუხი, მაგრამ ყველაზე გვიან ველოდებოდით ორშაბათს და უკვე ორშაბათსაც რომ არ გვიპასუხეს და დარეკვით რომ  გვითხრეს, რომ კიდევ 10 დღე უნდა ვიცადოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს კიდევ აქციის ჩატარება, რადგან 10 დღე თუ დავიცდით, აკადემიაში 3-4 სექტემბერს არის რექტორის არჩევნებისთვის რეგისტრაცია და გამოდის, რომ კიდევ 4 წლით უნდა დაიხუროს აკადემიის კარი,” – ამბობს ნატალია ნებიერიძე.

 

თუმცა დღეს კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად აქცია-პერფორმანსის გამართვა საჭირო არ გამხდარა. შეკრებილი სტუდენტების რამდენიმე წარმომადგენელთან სამინისტროს იურუდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნოდარ რაზმაძემ შეხვედრა მოაწყო, რომელიც 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 

ნინო ჩათალაშვილი მთელი ამ დროის მანძილზე შეხვედრის დასრულებას სამინისტროს წინ ელოდებოდა. ნინო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, თუმცა ახლა სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს.

 

“რეალურად არ ვიცი, მენდომება თუ არა სწავლის გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ რეაგირება არ მოყვება ამ ყველაფერს და კულტურის სამინისტრო გულისყურით არ მოეკიდება ჩვენს თხოვნას,” –  თქვა მან ნეტგაზეთთან საუბრისას.

შეხვედრიდან გამოსული ნატალია ნებიერიძე იმედიანად იყო განწყობილი. მან თქვა, რომ კულტურის სამინისტროსთან ერთად ისინი გრძელვადიან სამუშაო პროცესს იწყებენ.

 

“კარგი შედეგია ისიც, რომ სამინისტრო დაინტერესდა და მზად არის, რომ უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა აკადემიის პრობლემების გადაწყვეტაში.

 

აქამდე ესეთი ფაქტი არ ყოფილა, აქამდე ყოველთვის იყო სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ლაპარაკი. ადმინისტრაცია ყოველთვის ყველაფერს სამინისტროს აბრალებდა,  სტუდემტები – აკადემიას. ახლა ჩვენ მივედით რეალურ სამუშაო პროცესამცე, რომელიც ალბათ გრძელვადიანი იქნება,” – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი