ახალი ამბები

შავგულიძის თქმით, ერისთავს მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა

2 ოქტომბერი, 2014 • • 978
შავგულიძის თქმით, ერისთავს მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა

“მითხრა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პოლიციამ შეიძლება განახორციელოს მოკლულის მეგობრების დაკავება, მათ შორის მისი. ნარკოტიკის “ჩადების”, ეს ტერმინი გამოიყენა სორედ მან, ან იარაღის ქონის ბრალდებით და არ მოხდეს ამ კონფლიქტის გაგრძელება ან შურისძიება. მე მას ვუთხარი, ასეთი არაადამიანური მეთოდით მე არ მგონია, რომ რომელიმე პოლიციამ გამოიყენოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც უკვე დაკავებული იყო ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ის ადამიანი, ვის მიმართაც შეიძლებოდა შურისძიება განეხორციელებინა, უკვე დაკავებული იყო, ანუ ეს მოტივი მაინცდამაინც სარწმუნო ვეღარ რჩება. ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა, თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ახალგაზრდამ განაცხადა ამ ბრალდებით მისი მოსალოდნელი დაკავების შესახებ, გვაფიქრებინებს, რომც იყოს ნარკოტიკის მომხმარებელი და მფლობელი, ის თავს შეიკავებდა ალბათ ამის ფლობისაგან”,-განუცხადა “რუსთავი 2”-ს შალვა შავგულიძემ.

 

თენგიზ ერისთავი 17 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს აცხადებს, რომ მას შვიდი აბი სუბოტექსი აღმოუჩინეს. სასამართლომ თენგიზ ერისთავს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერისთავის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მომხდარი  აქციით გააპროტესტეს.  ერისთავის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.

 

თენგიზ ერისთავი 2 სექტემბერს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარია. აბაშიძის ქუჩაზე თავდასხმა ლაშა მახარაძეზე საცხოვრებელი კორპუსის წინ მოხდა, – ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი