ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პატიმრების წამებისა და გაუპატიურების შეფუთვა ბოკერიას ევალებოდა

2 ოქტომბერი, 2014 • • 1299
ღარიბაშვილი: პატიმრების წამებისა და გაუპატიურების შეფუთვა ბოკერიას ევალებოდა

ის კრიტიკული ჩანაწერები, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია გაკეთებული ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი საქმეების შესახებ, ღარიბაშვილის აზრით, ნაციონალური მოძრაობის მცდელობას უკავშირდება:


„დღეს საზოგადოებას ჭკუას ასწავლის ბოკერია, სიცრუის გამხოვანებელი – ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ატყუებდა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს- ლენინის დროინიდელი მეთოდებით პატიმრების წამება, გაუპატიურება, ამ ყველაფრის შეფუთვა ევალებოდა ბოკერიას. ეს ადამიანები დღეს ებრძვიან სახელმწიფოს, მოსახლეობას და აკეთებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში. ორი წლის წინ, პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი დღითიდღე ახდენენ საკუთარი თავის მარგინალიზებას, მოსახლეობაში თესენ სიძულვილს, აგრესიას და ძალიან რთული იქნება მათი ინტეგრიება საზოგადოებაში. მე მათ მოვუწოდებ, შეწყვიტონ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა. ეს არის მავნებლური საქმიანობა, რითაც ისინი აზიანებენ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.


 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას არაერთ ნაწილში აფასებს კრიტიკულად. ყოფილი მაღალჩინოსნების  წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ საქმეების შესახებ ასამბლეა აცხადებს:

 

 

 

“ასამბლეა მხედველობაში იღებს დიდი რაოდენობის ბრალდებებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სერიოზულად ვართ შეშფოთებული  ჩივილით, რომ მათი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, სამართალი კი შერჩევითი და რევანშისტულია”- წერია ანგარიშში.

 

 

 

ევროსაბჭოს რეკომენდაციები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ასეთია:

 

 

“ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება დანაშაული დაუსჯელი დარჩეს, განსაკუთრებულად ის დანაშაული, რომელიც მთავრობის წევრების და პოლიტიკოსების მიერაა ჩადენილი წარსულში ან აწმყოში.

 

 

 

ასამბლეა მოუწოდბს საქართველოს ხელისუფლებას,  ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ  საგამოძიებო მოქმედებები მიუკერძოებლად, გამჭირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების  დაცვით ჩატარდეს, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითაა გათვალისწინებული.

 

 

 

ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული სამართალს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ასევე არ უნდა არსებობდეს აღქმა, რომ სამართალი შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

 

 

 

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად და გამჭირვალედ გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ საქმეებთან”.

 

 

 

უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ასამბლეა აცხადებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის წინასწარი დაკავების მოთხოვნები, არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. 

 

 

 

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქმეს, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს იმ პერიოდის ხანგრძლივობის გამო, რაც ახალაიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა უწევს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ყველა სახის სამართლებრივი საშუალება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თვალსაზრისით.

 

 

 

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების კონტექსტში ასამბლეა ასევე აცხადებს, “იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური გარემო ყოფილი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნის გამო მნიშვნელოვნად დაიძაბა, ასამბლეა მიესალმება  შესაძლო ამნისტიის წინადადებას, მძიმე დანაშაულების გამოკლებით”.

 

 

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ზემოხსენებულ რეოზულიცაზე კენჭისყრის შედგები, სადაც ჩანს, რომ დოკუმენტს მხარი არამხოლოდ ევროპის სახალხო პარტიის წევრებმა, არამედ “ლიბერალებმაც” დაუჭირეს და “სოციალისტებმაც”.


მასალების გადაბეჭდვის წესი