ახალი ამბები

როგორ ასრულებს “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საარჩევნო დაპირებას

1 ოქტომბერი, 2014 • • 1830
როგორ ასრულებს “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საარჩევნო დაპირებას

“უამრავი, მათ შორის, სოციალური და ეკონომიკური პრობლემის სათავე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განუვითარებლობა და საკუთრივ დემოკრატიის მწვავე დეფიციტია. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ავტორიტარული (ერთპიროვნული ან ერთპარტიული) რეჟიმის დამყარება, „კონსტიტუციური დემოკრატია“ სამ აუცილებელ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: უმრავლესობის პოლიტიკური ნება + მისი გაწონასწორება ოპოზიციის პოლიტიკური ნებით + ხელისუფლების (მმართველთა) აუცილებელი მონაცვლეობა გონივრული ხანგამოშვებით, რაოდენ ეფექტიანიც არ უნდა იყოს ის. ამ მიზნის მისაღწევად თავიდანვე აუცილებელია, სულ მცირე, კონსტიტუციის შესაბამისი ნაწილის შეცვლა და საქართველოსთვის სახელმწიფო მმართველობის სათანადო მოდელის შემოღება, რაც საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში, თუმცა ეს ცვლილებები კონსტიტუციაში ამ დრომდე არ განხორციელბულა, მეტიც, ჯერ არც შესაბამისი პროექტი არსებობს.

 

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტმა 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღო, ხოლო 27 დეკემბერს მისი დებულება და შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც ნეტგაზეთს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ავთანდილ დემეტრაშვილმა [კომისიის სრულ შემადგენლობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ] განუცხადა, წევრები კომისიის ხუთ სამუშაო ჯგუფში გადანაწილდნენ. თითო წევრს ორ სამუშაო ჯგუფში შეუძლია ყოფნა. თუმცა დემეტრაშვილი აცხადებს, რომ ამ პერიოდში იმ ჯგუფებში, რომელშიც იგი გაწევრიანდა, სულ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა:

 

“მე ვარ 2 სამუშაო ჯგუფში. ერთმა, რომელმაც უნდა განიხილოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა და მეორე – რომელმაც ძირითადი უფლებები და კონსტიტუციის გადასინჯვა უნდა განახორციელოს. ამ სამუშაო ჯგუფებში 3-4 შეხვედრა ჩატარდა სულ. ოთხივე შეხვედრამ უნაყოფოდ ჩაიარა, ვინაიდან არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ბოლოს ჩვენ შევთანხმდით, რომ მომდევნო სხდომაზე კენჭს ვუყრით იმას, თუ რაზე უნდა გაგრძელდეს მსჯელობა. საქმე იმაშია, რომ მსჯელობა დაიწყო იმ პროექტზე, რომელიც შემოსულია ვახტანგ ხმალაძისა და იური ბაბუცაძის ავტორობით. დაიწყო მსჯელობა, მაგრამ მერე ჩიხში შევედით, იმიტომ, რომ ასეთი პროცედურა ეწინააღმდეგებოდა იმას, რაც პარლამენტის და კომისიის თავმჯდომარემ [დავით უსუფაშვილი] ბრძანა, რომ მუშაობა უნდა წაუსლიყო იმ ტექსტის გარშემო, რაც არსებობს, ანუ 2013 წელს ძალაში შესულ კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე და მასში შესწორებები თუ დამატებები შესულიყო. ჩვენ სამუშაო ჯგუფში დავაყენეთ საკითხი, მაგრამ კენჭისყრა არ ჩატარდა.

 

დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო მეორე ჯგუფში, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას ეხებოდა. იმ განსხვავებით, რომ იქ არა მხოლოდ ვახტანგ ხმალაძის, არამედ კომისიის სხვა წევრებისა და გარედან შემოსული პროექტებიც იყო. იქაც არ დაწყებულა არსებითი განხილვა. ამასობაში ჩვენ მოგვისწრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა და პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ სამუშაო შეჩერებულიყო და მისი დასრულების შემდეგ განახლებულიყო”.

 

დემეტრაშვილის თქმით, პარლამენტმა მიიღო ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს არა 2014 წლის 1 სექტემბერს, არამედ 2015 წლის 1 მარტამდე უნდა წარუდგინოს: “ანუ გადაიწია პროექტის კომისიიდან პარლამენტში შესვლის ვადამ”.


ეს ფაქტი თვითონ ვახტანგ ხმალაძემ ასე ახსნა:

 

„არაერთმა ობიექტურმა მიზეზმა გამოიწვია ის, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო სათანადო ინტენსივობით მუშაობა. განსაკუთრებით ეს ადგილობრივმა არჩევნებმა, შემდგომ მეორე ტურმა გამოიწვია. კომისიის წევრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში და, შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ამ დავალების შესრულება“, – 30 ივლისს განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ, Civil.ge-ს ინფორმაციით.

ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ვახტანგ ხმალაძის და ბაბუცაძის ის პროექტი, რომელიც სახელისუფლებო შტოების ურთიერთობას ეხება, ძირითად იზიარებს იმ იდეებს, რომელიც 2010 წელს მოქმედ საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას გააჩნდა, პარლამენტის გაძლიერებული როლის თაობაზე.

“ქართულმა ოცნებამ” 1 ოქტომბრის არჩევნებამდე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი დაპირება გასცა, მათ შორის სახელმწიფო მოწყობის რეფორმირების თაობაზე. კერძოდ, საარჩევნო პროგრამის მიხედვით, პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობა ასე უნდა განისაზღვროს:

“ამ მოდელის მიხედვით:  პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც სახალხო სუვერენიტეტიდან გამომდინარე ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ქმნის მთავრობას და აღჭურვილია მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების რეალური შესაძლებლობით, კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს და სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ორპალატიან სისტემაზე გადასვლა;

პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. იგი განასახიერებს ქვეყნის ერთიანობას, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს და ასრულებს კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებულ მოვალეობას. პრეზიდენტს არა აქვს მთავრობის საქმიანობაში ჩარევის უფლება, მაგრამ მას აქვს საკმარისი უფლებამოსილება, რათა უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური საქმიანობა კონსტიტუციის შესაბამისად. ამ მიზნით იგი ახორციელებს არბიტრის ფუნქციას სახელმწიფო ხელისუფლების განშტოებათა შორის, აგრეთვე, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. მაგალითად, პრეზიდენტს უფლება ექნება, დაითხოვოს პარლამენტი, თუ მან ვერ შეძლო მთავრობის შექმნა, აგრეთვე, თუ პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის დასმის შემდეგ პარლამენტმა ვერ გამოუცხადა უნდობლობა კონსტრუქციული ვოტუმის წესით, ხოლო იგი ვალდებული იქნება, დაითხოვოს პარლამენტი, თუ მან საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში ვერ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და არც მთავრობას გამოუცხადა უნდობლობა. პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს, უფლება ექნება, მოიწვიოს და უხელმძღვანელოს მთავრობის სხდომას ქვეყნის თავდაცვის საკითხთა განსახილველად, აგრეთვე, საგანგებო და ომის მდგომარეობის დროს.

 

მთავრობა არის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში წარმართავს და ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ხელმძღვანელობს სამოქალაქო და სამხედრო უწყებებს. პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს მთავრობას და პასუხისმგებელია მისი საქმიანობის გამო პარლამენტის წინაშე. მინისტრები კოლეგიურად არიან პასუხისმგებელი მთავრობის საქმიანობის გამო პარლამენტის წინაშე, ხოლო პიროვნულად – თავისი უწყების საქმიანობისათვის პრემიერ-მინისტრის წინაშე და ანგარიშვალდებული – პარლამენტის წინაშე. პარლამენტის წევრად და პრეზიდენტად არჩევის ცენზები (მოქალაქეობის, ასაკობრივი, ბინადრობის, მორალური) მხოლოდ კონსტიტუციით განისაზღვრება, რათა არ მოხდეს მიმდინარე კონიუნქტურული მოსაზრებით მათი იარაღად გამოყენება არასასურველ პირთა არჩევნებიდან ჩამოსაშორებლად”, – ნათქვამია კოალიციის საარჩევნო პროგრამაში.


კონსტიტუცია/რადიო თავისუფლების ფოტო
კონსტიტუცია/რადიო თავისუფლების ფოტო

იმისათვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ თავის სურვილებს არ მოარგოს პარლამენტის რეგლამენტი, ზემოხსენებული დაპირების მიხედვით, იგი უნდა მიიღებოდეს ისეთი წესით, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციასთან შეთანხმებას.

“პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი. კონტროლის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი კი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასა თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მოქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნების არსებობისას. იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას (ამის საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ეს პირები მმართველი გუნდის წევრები არიან), პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ასეთი კომისია, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი. ამასთან, დროებით კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა მის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ უნდა წარმოადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობას”.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის მიხედვით, კონტროლის მეორე მძლავრი მექანიზმია პარლამენტის მიერ დანიშნული საგანგებო პროკურორის ინსტიტუტის შემოღება.

“დანაშაულის გამოძიებისას წამყვან როლს ასრულებს პროკურატურა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მოქმედებაში, შესაძლებელია გაჩნდეს მიკერძოებულობის საფრთხე. ამიტომ პარლამენტს უფლება უნდა ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაში, აგრეთვე, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გამოსაძიებლად, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, დანიშნოს საგანგებო პროკურორი, რომელიც დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ობიექტურობის გასაძლიერებლად საგანგებო პროკურორის დანიშვნა უნდა მოხდეს ისეთი წესით, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციასთან შეთანხმებას”, – აღნიშნული იყო “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო კომისია ცვლილებების პროექტს 2015 წლის მარტამდე შეიმუშავებს, ამის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ერთთვიანი საჯარო განხილვები უნდა მოეწყოს და მოსახლეობას განემარტოს, თუ რა იცვლება ქვეყნის მთავარ კანონში. მას შემდეგ, რაც პროექტი პარლამენტში შევა, კანონმდებლებმა ის ორი ვოტუმით უნდა მიიღონ 3-თვიანი ინტერვალით სხვადასხვა სესიაზე და მხარი მინიმუმ 113-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს. მოასწრებს თუ არა კომისია და პარლამენტი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 4-წლიან ვადაში ამ ცვლილებების დამტკიცებას და დაპირების შესრულებას? – ავთანდილ დემტრაშვილი ამ კითხვას ასე პასუხობს:

 

“ერთვიანი განხილვების მოწყობა რთული არ არის, მაგრამ ცვლილებებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾ -.მა უნდა დაუჭიროს მხარი.  მოსწრებით მოესწრება, თუ ეს ოდენობა შეგროვდება პარლამენტში. მანამდე მაინც ვერ ამოქმედდება. პარლამენტმა რომც მიიღოს, შეუძლებლია, რომ პრეზიდენტს, რომელიც გარკვეული მანდატით არის არჩეული, გზადაგზა შეუცვალო ის უფლებები, რომელიც მას გააჩნია. ეს კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება ის ნორმები, რომლებიც პრეზიდენტს დ მის ურთიერთობას ეხება მთავრობასა და პარლამენტს შორის”, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი