ახალი ამბები

რევაზ გეთიაშვილი: ვერ ვიტყვით, რომ გარემოს დაცვა მთავრობის პრიორიტეტებში წინა პლანზეა

1 ოქტომბერი, 2014 • • 1578
რევაზ გეთიაშვილი: ვერ ვიტყვით, რომ გარემოს დაცვა მთავრობის პრიორიტეტებში წინა პლანზეა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა გარემოს დაცვის მიმართულებით?

 

მნიშვნელოვანი ცვლილება იყო გარემოს დაცვის სამინისტროს გაძლიერება. ის იყო ყველანაირი ფუნქციის გარეშე და მან დაიბრუნა ფუნქციები, გაიზარდა მისი ბიუჯეტი და თანამშრომლები. 2011 წლამდე გარემოს დაცვის სამინისტრო იყო კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე სტრუქტურა, 2011 წელს მოხდა რადიკალური ცვლილება, როცა გადაწყდა, რომ გაეუქმებინათ ეს სტრუქტურა და მომზადდა საკანონმდებლო პროექტი. საბედნიეროდ, ეს არ განხორციელდა, მაგრამ სამინისტრო ფორმალურად დატოვეს. 2013 წელი დაეთმო იმას, რომ 50-ზე მეტ კანონში შეიტანეს ცვლილება და ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა, რათა სამინისტროს თავისი ფუნქციები დაებრუნებინა.

 

მეორე საკითხი იყო კადრებით დაკომპლექტება სამინისტროში. ეს პროცესი ძალიან კარგად დაიწყო, გამოცხადდა ვაკანსიები და კომპეტენტური კომისია იღებდა გადაწყვეტილებას კადრების აყვანაზე, მაგრამ ეს ფორმალობად იქცა სულ მალე. ორ თვეში უშვებდნენ ამ კომისიის მიერ შერჩეულ კადრებს. თუ პროფესიული ნიშნით ხდება კადრის შერჩევა, არ უნდა მოხდეს მისი გაშვება და სხვისი დანიშვნა.

 

რის გამო დაითხოვეს სამსახურიდან?

 

აქ ყველაფერს სხვადსხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ საქართველოში მიღებული პრაქტიკაა, რომ ძალიან სწრაფად ცვლიან კადრებს.

 

სამინისტროს სტრუქტურულად გაძლიერება რაში გამოიხატა. რამდენად ითვალისწინებდა მთავრობა მის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს?

სამინისტროს სიძლიერე არ უნდა იყოს დამოკიდებული პიროვნულ და ინდივიდუალურ ფაქტორებზე. ეს უნდა იყოს დარეგულირებული კანონმდებლობით. სამწუხაროდ, კანონმდებლობა დღესაც სუსტია. რაღაც მიმართულებებით გადაიდგა ნაბიჯები და თუ არ გადაიდგა, ითქვა მაინც: ითქვა, რომ უნდა შევცვალოთ გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ კანონი.

 

გარკვეული საკანონმდებლო სამუშაოები მიმდინარეობს მივიღეთ ეროვნული სატყეო კონცეფცია, რაც გასული 10 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და საკმაოდ დიდი პროექტები ჩავარდა. დაიწყო მუშაობა სატყეო კოდექსის მუშაობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, სატყეო სამსახუის ძირითადი საქმიანობა შემოიფარგლება მოსახლეობის შეშით უზურუნველყოფით.

გარემოს დაცვის მონიტორინგს რამდენად ეფექტურად ახორციელებს სახელმწიფო?

 

2011 წლის შემდეგ სერიოზული პრობლემები გაჩნდა. მანამდე ჩამოყალიბებული გარემოს დაცვის ინსპექცია უცებ გადაიყვანეს ჯერ ენერგეტიკის სამინისტროში და მერე გააუქმეს. სახელმწიფო მონიტორინგის ფუნქცია მოიშალა. ახლა კარგია ის, რომ გარემოსადმი მიყენებული ზიანის გამო ჯარიმის დაწესების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და პირდაპირ გარემოს დაცვის ინსპექტორს არ შეუძლია დამრღვევის დაჯარიმება.

 

ეს გამოსწორდა, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მონიტორინგით რამე შედეგი მივიღეთ. სტატისტიკა, სადაც შევისწავლეთ, ისეთი შედეგი გვქონდა, რომ სასამართლო არის ზედმეტად ჰუმანური და დამნაშავეებს ათავისუფლებს ჯარიმისგან. გამოდის, რომ არაეფექტური სისტემა გვაქვს.

 

რევაზ გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდავითი არასამთავრობო ქსელი /ფოტო: რადიო თავისუფლება
რევაზ გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდავითი არასამთავრობო ქსელი /ფოტო: რადიო თავისუფლება

შვიდი დღის წინ თბილისის საკრებულომ წყნეთის გზატკეცილზე რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეუცვალა. მოლოდინი იყო, რომ თბილისში მთავრობის შეცვლის შემდეგ შეიცვლებოდა რეკრეციული ზონების მიმართ დამოკიდებულება, თუმცა წინასაარჩევნო დაპირებაში აღნიშნული იყო, რომ ურბანულ სივრცეებში მშენებლობის დროს რეკრეაციულ ზონებს დიდი ყურადღება დაეთმობოდა.

 

მე არ მქონია მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი რამენაირად შეიცვლებოდა და მენტალურად განსხვავებული ხელისუფლება მoვიდოდა. კოჯრის მაგალითის გარდა გვაქვს წავკისის მაგალითი, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ წელიწადნახევარი ამაოდ იბრძოდა იმისათვის, რომ ტყე დაეცვათ.

 

არ არის დაცული ჩვენი მწვანე საფარი. აქაც საკანონმდებლო პრობლემებია. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ კარგი მერი ან კარგი მთავრობა გვეყოლება, უნდა გვქონდეს კარგი კანონი. არის ძალიან ცუდი კანონი. ცუდია ის, რომ ათეულობით რეკრეაციულ ზონას შეეცვალა სტატუსი და ეს ისევ გრძელდება. როცა მოუნდება საკრებულოს, კანონი აძლევს ამის საშულებას, გაიტანს და რეკრეაციულ ზონას სტატუსს მოუსხნის. გვჭირდება კარგი კანონი და კარგი მაგალითები, რაც გვქონდა დიღმის ტყეპარკზე, რომ მოსახლეობამ არ მისცა მთავრობას ნება, რომ ყველგან კორპუსები ავაშენოთ.

 

წინასაარჩევნი დაპირებაში აღნიშნული იყო, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებსა და აკადემიურ პერსონალთან კონტაქი ექნებოდათ. როგორც შეაფასებთ მთავრობის არასამთავრობო სექტორთან თანაშრომლობას. 

 

სამეცნიერო სექტორთან თანამშრომლობას ნამდვილად სჭირდება მექანიზმები. შეიძლება მოაწყო საჯარო განხილვა და შეხვდე პროფესორებს, მაგრამ ეს იქნება ერთჯერადი, მყარი მექანიზმებია საჭირო, რომ  მათთან გქონდეს მუდმივი თანამშრომლობა. გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარე ეროვნული სატყეო პროგრამის ფორმატში 20-25 ორგანიზაციაა ჩართული. ის რეალურად მუშაობს და ნამდვილად მოხდა აქტიური საზოგადოების კონსოლიდაცია. მე უფრო ყურადღებას ვამახვილებ აკადემიურ სექტორზე. თუმცა გარკვეული ექსპერტიზა არასამთავროო სექტორშიცაა თავმოყრილი და ისინიც ჩართული არიან ამ მაგალითის მიხედვით.

 

მყარი ნარჩენების მართვის კუთხით მთავრობა გარკვეულ ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებს, ესეც ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

 

ამ კუთხითაც იმით უნდა შემოვიფარგლოთ, რაც ითქვა, თორემ ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი გაკეთებულა. მიმდინარეობს პროექტები, ჩვენც ვახოციელებთ ამ მიმართულებით პროექტს და ვცდილობთ, რომ ძალიან დრამატული პრობლემა მოვაგვაროთ.

 

ითქვა, რომ მიმდინარეობს მუშობა იმაზე, რომ სანქციები უნდა გაიზარდოს. მეორე მხარეა, რომ სანქციების გაზრდით შედეგს ვერ მივიღებთ. ინფრაქტრუქტურაა შესაქმნელი, ფინანსები სჭირდება. შემდეგ პრიორიტეტებზე დგება საკითხი, პრიორიტეტებში ვერ ვიტყვით, რომ გარემოს დაცვა წინა პლანზეა.

 

მთავრობის განკარგულებით, შუახევის ტერიტორიზე ჰესის მშენებლობის გამო “წითელ წიგნში” შესული სახეობების ამოღებას მოეწერა ხელი, ეს იმ ფონზე, როცა ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე ფლორისა და ფაუნის სახეობებზე უნდა ეზრუნა. გამოდის, რომ ენერგეტიკული მიზნები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე გარემოს დაცვა?

 

როცა წითელი ნუსხის სახეობა ქრება, ვიცი, რომ ერთ მოჭრილ ხეზე, ერთ ინდივიდზე, ათი ხე უნდა დაირგას, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სრულდება. მაგრამ დარგვაც არის და მერე მისი მოვლა. კომპენსირება რამდენად ხდება, არ ვიცი. ათი შეიძლება დარგო, მაგრამ ვერც ერთი ვერ გადარჩეს შეიძლება ამას კანონი უნდა არეგულირებდეს.

 

არ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც შეაჩერებს და დაბლოკავს ყველანაირ ეკონომიკურ განვითარებას. მაგრამ კანონმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ თუ გარემოს ადგება ზიანი, უნდა მოხდეს მისი კომპენსირება სათანადოდ. ჩვენ ხომ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვაყენებთ ამ ზიანს, შესაბამისად, ვალდებულებაც მეტი უნდა იყოს.

შეჯამების სახით, როგორ შეაფასებთ ქვეყნის ენრეგოპოლიტიკასა და გარემოს დაცვის პოლიტიკას?

 

გარემოს დაცვა არ არის საკმარისად პრიორეტეტული და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უგულებელყოფილიც არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განსაკუთრებით ყველაზე კარგად ჩანს, რამდენად პრიორიტეტულია გარემოს დაცვა სახელმწიფოში, როცა დგება გარემოს დაცვის ბიუჯეტი. გარკვეულწილად გაიზარდა გარემოს დაცვის ბიუჯეტი, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა მეტად არის პრიორიტეტული, ვიდრე ადრე იყო გარემოს დაცვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეტად პრიორიტეტულია, იმიტომ, რომ გარემოს დაცვა არის ინტერსექტორალური საკითხი და არ არის მხოლოდ ერთი უწყების საქმიანობა. ეს არის აზროვნება, რომელიც პირველ რიგში მთავრობაში მოსულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ და მერე მთელ საზოგადეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი