კომენტარი

საქართველოს როლი ანტიტერორისტულ კამპანიაში

1 ოქტომბერი, 2014 • • 1551
საქართველოს როლი ანტიტერორისტულ კამპანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ISIS-ის წინააღმდეგ აშშ-სა და მისი პარტნიორების მიერ შექმნილ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობა სიმბოლური იქნება. თუ საქართველო რეალურ ნაბიჯს არ გადადგამს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა ამ კოალიციურ პროცესში სიმბოლურად მონაწილეობა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ რისკზე წასვლა, რადგან ISIS-ი ყველა მოწინააღმდეგეს ემუქრება?


სულ არაფერს, სიმბოლური მონაწილეობა ჯობია, მაგრამ, საერთო ჯამში, ჩემი აზრით, საქართველო უფრო აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ კოალიციაში, სადაც 40-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდებით დასავლეთს და, რაც მთავარია, დავუახლოვდებით არაბულენოვან ქვეყნებს. კოალიციაში 10-მდე [საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარი] ასეთი ქვეყანაა წარმოდგენილი. ჩემი აზრით, ამ საკითხის გადახედვა შესაძლებელია იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო დაუმტკიცოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში მას თავისი წვლილის შეტანა შეუძლია.


ამ ანტიტერორისტულ პროცესში სიმბოლური მონაწილეობა, რაზეც პრემიერმა განაცხადა, თქვენ როგორ გესმით?


ეს ნიშნავს იმას, რომ კეთდება პოლიტიკური განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო მხარს უჭერს კოალიციის ქმედებას და შესაძლებელია გარკვეული ტიპის ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნოს მშვიდობიანი მოსახლოებისთვის, იგივე ერაყში იეზიდების დასახმარებლად, ან ერაყის ქურთისტანში. საუბარია ფორმალურ მონაწილეობაზე. ბევრი ქვეყანა მონაწილეობს სხვადასხვა კოალიციაში ფორმალურად, მაგალითად, ანტიჰიტლერული კოალიციის ფარგლებში ბევრმა ქვეყანამ გამოუცხადა ჰიტლერს ომი, მაგრამ საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

ნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე

მანამ, სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა, რამდენიმე ავტორიტეტულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის “Foreign Policy”-მ, “როიტერმა” და “ნიუ იორკ ტაიმსმა”, გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობდა აშშ-ს. მართალია, ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა მისი ტირაჟირების ფაქტი საერთაშორისო მედიაში ხომ არ არის უკვე გარკვეული საფრთხის შემცველი საქართველოსთვის, რადგან “ისლამისტურმა სახელმწიფომ” გაიგო, რომ ეს ქვეყანა მისი პოტენციური მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს?


ამ შემთხვევაში პირველი პრობლემა მდგომარეობს არაკოორდინირებულ მოქმედებაში. ერთი განცხადება კეთდება პრემიერის მხრიდან, მაგრამ მანამდე საქართველოს ელჩი აშშ-ში სხვა განცხადებას აკეთებს… რაც შეეხება სირიელი მეამბოხეებისთვის ცენტრის განთავსებას, ალბათ, ამ იდეას ცოტა სხვა ფორმა უნდა ჰქონოდა. საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია გარკვეული ანტიტერორისტული ცენტრის განთავსება, თუმცა იქ არ უნდა გაიწვრთნას მეამბოხეები. აქ საუბარია დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, გარკვეული პროექტების ერთობლივ განხორციელებაზე, მაგრამ სირიელი მეამბოხეებისათვის ტერიტორიების დათმობა რისკებს შეიცავს იმ კუთხით, რომ საქართველო ტერორისტების სამიზნედ შეიძლება იქცეს.


რა პლუსებს მიიღებს საქართველო მსგავსი ცენტრის ჩამოყალიბებით?


ეს გააძლიერებდა დასავლეთის სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს ტერიტორიაზე. ნატოს წესდების მე-10 მუხლის მიხედვით ალიანსის წევრობა ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია, რომელიც მზადყოფნას გამოხატავს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში წვლილის შეტანის კუთხით. საქართველო კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს დასავლეთს, რომ შეუძლია უსაფრთხოების მექანიზმების კონტრიბუტორი იყოს. ასევე, თუ საქართველოს ტერიტორიაზე კონკრეტული სამხედრო ობიექტი ჩამოყალიბდება, აშშ-ის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, ანუ შეერთებული შტატები კიდევ უფრო მეტად იქნება დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში სტაბილური ვითარება იყოს. გარდა ამისა, გაიზრდება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი, თუმცა მე, ზოგადად, ანტიტერორისტულ ცენტრზე ვლაპარაკობ და არა კონკრეტულად სირიელი მეამბოხეების გაწვრთნაზე.


რაც შეეხება მინუსებს…


შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო ტერორისტების სამიზნე გახდეს, მით უმეტეს, რომ “ისლამისტური სახელმწიფოს” წარმომადგენლებმა პრეტენზიები ჩრდილოეთ კავკასიაზეც განაცხადეს და შესაძლოა, სამხრეთ კავკასიის ჩრდილოეთთან დაკავშირება მათთვის მნიშვნელოვანი იყოს. გარდა ამისა, თუ კონკრეტულად სირიელი მეამბოხეების საწვრთნელ ცენტრზე იქნება ლაპარაკი, შეიძლება თვითონ ეს მეამბოხეები გადაიქცნენ გარკვეულ პრობლემად, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ის მეამბოხეები, რა დაჯგუფებებს მიეკუთვნებიან… ზოგადად, ეს საკითხი მსჯელობის თვალსაზრისით აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს.


მსგავსი სამხედრო ბაზის შექმნის შემთხვევაში რა პოზიცია ექნება რუსეთს?


თუ დასავლეთის სამხედრო წარმომადგენლობა გაიზრდება საქართველოში, რუსეთი ამას ანგარიშს გაუწევს, თუმცა სანამ ცენტრი შეიქმნება, შესაძლოა, არსებობდეს იმის საფრთხე, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული პროვოკაციების განხორციელება მოისურვოს.


კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სირიაში პანკისის ხეობიდან დაახლოებით 50 მებრძოლია წასული. გარდა ამისა, აშშ-მა გამოაქვეყნა შავი სია, რომელშიც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ოცზე მეტი ადამიანია შეყვანილი. სიაში ომარ ალ შიშანის სახელით ცნობილი ქართველი თარხან ბათირაშვილიც ფიგურირებს. ანუ გარკვეული კავშირი საქართველოსა და სირიაში მიმდინარე პროცესებს შორის მაინც არსებობს. როგორ ფიქრობთ, მზად არის საქართველოს უსაფრთხოების სისტემა რისკების პრევენციისათვის მსგავსი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შემთხვევაში?


საქართველო ბოლომდე მზად არ არის, რომ ასეთ პრობლემას წინ აღუდგეს, თუ ის საერთოდ დადგება. ამ თვალსაზრისით დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის აუცილებელია და ამიტომაც არის საჭირო ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა. თავის დროზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა საქართველოში ნატოს სამხედრო სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე და შესაძლებელია, რომ ამ ცენტრმა კონტრტერორისტული საქმიანობის ფორმაც მიიღოს, ანუ თუ საქართველოს რეალურად სურს, რომ ტერორიზმის პრევენცია მოახდინოს, მგონია, რომ ერთობლივი თანამშრომლობაა საჭირო დასავლეთის შესაბამის სტრუქტურებთან. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სირიელი მეამბოხეებისთვის სასწავლო ცენტრის შექმნის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ კონტრტერორისტული ცენტრი საქართველოს უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება. რა თქმა უნდა, კარგად ასაწონ-დასაწონია ყველაფერი, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს მხრიდან შედარებით უფრო აქტიური ქმედებებია საჭირო და არა ფორმალური მხარდაჭერა კამპანიისადმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი