ახალი ამბები

პრემიერი ხელისუფლების 2 წელს აფასებს: “შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ ხდება”

1 ოქტომბერი, 2014 • • 1036
პრემიერი ხელისუფლების 2 წელს აფასებს: “შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ ხდება”

მისი თქმით, ქვეყანა სწორი მიმართლებით ვითარდება და შენდება ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა შერყევასაც ვეღარავინ შეძლებს:

 

“მე მინდა მივმართო ჩვენ ხალხს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა იმ თანადგომისა და ნდობისათვის, რომელიც მათ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენს პოლიტიკურ ძალას – კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას” გამოუცხადა. ეს გამარჯვება ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, ადამიანი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპზოციური ძალების კონსოლიდაცია.

 

ჩვენ მართლაც ურთულესი მემკვიდრეობა გვერგო. გავიარეთ ორი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი წელი და ჩვენ დაგვჭირდა სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობის და მხოლოდ ერთეულობის საკეთილდღეოდ მომუშავე მოჯადოებული წრის გარღვევა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ყველას სფეროში მივაღწიეთ წინსვლას, იქნება ეს ჯანდაცვა თუ განათლება, დამთავრებული კანონის უზენაესობის განმტკიცებით და ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებით. 

 

ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა გზა გავუხსნათ საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს მოქალაქეების სრულ პოტენციალს. ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია გაძლიერდეს, მედიის დამოუკიდბლობით და სიძლიერით იზომება დემოკრატია, ჩვენი ხელისუფლებისთვის ნამდვილად საამაყოა, რომ სულ ახლახან გამოქვეყნებული კვლევებით მედიის თავისუფლების ინდექსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა. 

 

ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ამის დასტურია ევროკავშირთან ხელმოწერილი ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება, რომლის შესრულებაც ჩვენი მოქმედების მთავარი გეგმაა. 

 

ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობიანად ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით გავამთლიანონოთ ჩვენი საერთო სამშობლო და ჩვენი ერი. 

 

ამ ორმა წელიწადმა ძალიან ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში განვლო. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა, ძიება, 24-საათიანი ჩართულობა. ხელისუფლებაც და ხალხიც ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გავდივართ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველანი ერთად ღირსეულად გავივლით ამ მნიშვნელოვან ეტაპს. 

 

შეიძლება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ისე იდეალურად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ერთად გადავლახავთ ყველა სირთულეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი