ახალი ამბები

ზურა კიწმარიშვილი ეროსი კიწმარიშვილის საქმის საგამოძიებო მასალებზე წვდომას ითხოვს

29 სექტემბერი, 2014 • • 2234
ზურა კიწმარიშვილი ეროსი კიწმარიშვილის საქმის საგამოძიებო მასალებზე წვდომას ითხოვს

მისივე თქმით, ოჯახმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ დაზარალებულად სწორედ მისი ცნობა მოითხოვონ:

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვნეთვის, როგორც ოჯახისთვის, ასევე იმ ალტერნატიული გამოძიების კუთხით, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ალტერნატიულ გამოძიებას ჰქონდა ძალიან ცოტა რესურსი, რომ სრულფასოვნად  ყოფილიყო ჩართული გამოძიებაში, მხოლოდ ვარაუდები და ზეპირად გააზრებული ვერსიები და ვითარება გქვონდა, რომელსაც  ვერაფრით ვამაგრებდით. ახლა როდესაც საშუალება გვექნება, რომ მასალებს გავეცნოთ, ჩვენთვის ცნობილი გახდება ექსპერტიზის ყველა პასუხი, გვეცოდინება დაკითხვის ოქმები, ვიდეომასალა დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უფრო მეტი რესურსი გვექნება იმისათვის, რომ ვნახოთ, რა მდგომარეობაა, სადაა მეტი ძალისხმევა და ენერგია საჭირო. შეიძლება დაისვას ახალი ან განმეორებითი ექსპერტიზების ჩატარების საკითხითც, მოკლედ, ჩვენ გვინდა, რომ ჩავერთოთ ანალიზის პროცესში”, – ამბობს კიწმარიშვილი, რომელმაც პროკურატურაში შესაბამისი განცხადება უკვე შეიტანა.

 

მისივე თქმით, თუ პროკურატურა საქმის მასალებზე დაშვებაზე უარს ეტყვის და მიზეზად გამოძიების ინტერესებს დაასახელებს, ეს არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს.

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე აქამდე უკვე დაახლოებით 20-მდე ექსპერტიზაა ჩატარებული, მათ შორის ბოლო ექსპერტიზა 3 დღის წინ ჩატარდა. ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაუმყარდა ეჭვები იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია. გარადაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის მანქანას ექსპერტიზა ვიზირის მეთოდით ჩაუტარდა, რომელიც სამი საათი გრძელდებოდა.

 

“ძალიან მჭიდროდ იყო სკამზე გადაწოლილი, მიბჯენილი იყო მთლიანად, თავითაც. ეს მაფიქრებინებს სხვა ვითარებაზე. იყო მანქანაში გარდაცვლილის გარდა სხვა პიროვნება, რომელიც ქამრის, ღვედის საშუალებით უკნიდან ეწეოდა და ცდილობდა, რომ რაც შეიძლება ყოლოდა კონტროლში გარდაცვლილი და მოეხდინა შემდეგ სხვა მოქმედებები”, – ამბობს “რუსთავი 2”-თან საუბრისას ზურაბ კიწმარიშვილი.

 

მისივე თქმით, ახლო მომავალში კიდევ ერთი ექსპერტიზის ჩატარება იგეგმება:

“საუბარია უხილავი ბიოლოგიური კვალის აღმოჩენის ექსპერტიზაზე, სისხლი და ასე შემდეგ, რომელიც თვალით არ ჩანს, მაგრამ არსებობს მისი დასადგენი საშუალებები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ხელოვნურადაა წაშლილი, ან ძალიან მიკრონაწილაკებია. ამის გამოაშკარავება ხდება სხვადასხვა სხივების გამოყენებით ან ქიმიური საშუალებებით, როდესაც სითხეს ასხამ. ამას აუცილებლად გავაკეთებთ”.


ნეტგაზეთის კითხვას, არის თუ არა კმაყოფილი გამოძიების ტემპით, ზურა კიწმარიშვილი ასე პასუხობს:


“ვიქნები კმაყოფილი, თუკი ვნახავ, რომ გამოძიებამ ეფექტურად იმუშავა და ის მასალა, რომელსაც გამოძიება წარმომიდგენს, იქნება ვრცელი, ამომწურავი და შორს არ იქნება ის მომენტი, როდესაც საბოლოო შედეგი გახდება ცნობილი”.


მასალების გადაბეჭდვის წესი