ახალი ამბები

როგორ დაშავდა 4 წლის ბავშვი ბაღში – შსს-ს გამოძიება არ დაუწყია

28 სექტემბერი, 2014 • • 1870
როგორ დაშავდა 4 წლის ბავშვი ბაღში – შსს-ს გამოძიება არ დაუწყია

“სადუნში”, რომელიც კერძო საბავშვო ბაღია, დათო 2014 წლის სექტემბრიდან დადის. როგორც ბავშვის დედა თამუნა ყვება, ბაღის დირექტორთან საუბრის შემდეგ, როცა მშობელმა დეტალურად აუხსნა დათოს მდგომარეობა და საჭიროებები, პასუხად მიიღო, რომ სპეციალური საჭიროების აღსაზრდელები ჰყოლიათ და მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.

 

“დაიბარეს ბავშვი, რომ ენახათ. მივიყვანეთ, მკითხეს, ნამდვილად აქვს აუტიზმიო? უფრო მძიმე ფორმები გვინახავსო, რა თქმა უნდა, გახარებული წამოვედით მთელი ოჯახი, მივიყვანეთ პირველ სექტემბერს და ბოლო ორი კვირაა პრობლემები  დაიწყო”,- ამბობს თამუნა. 

 

მისი თქმით, ბაღის სხვა მოსწავლეების მშობლების შეკითხვაზე, რა ისწავლეს მათმა შვილებმა, საბავშვო ბაღში მომუშავე ძიძა, ქალბატონი ლია, მშობლებს ეუბნებოდა, რომ დათოს ერთი ადამიანი სჭირდება, თითქოს დათოს გამო სხვა ბავშვები იჩაგრებოდნენ. თამუნა ამბობს, რომ ამგვარ დიალოგს თავადაც შეესწრო. ბაღში ყოფნის ერთ-ერთ დღეს კი  მოსწავლის ბაბუამ დათოს დედის მიმართ აგრესია გამოხატა. როგორც თამუნა ამბობს, კიბეზე პედაგოგს ესაუბრებოდა ბავშვთან ერთად, როცა მისგან მუცელში იდაყვი მოხვდა:

 

“ჯერ მეგონა მოუხვდა, თუმცა არ გავდა მოხვედრილს, ცოტა მძიმედ მომხვდა, მეგონა, ბაღზე იყო გაბრაზებული. ორ დღეში ძიძა სიხარულით მეუბნება, რომ დირექტორთან ვარ დაბარებული. დირექტორი კი მეუბნება, რომ მშობელი გაბრაზებულია, მე ფულს იმაში არ ვიხდი, ჩემი შვილი ავადმყოფთან იზრდებოდესო.  მე ვკითხე, ეს ბაბუა ხომ არ არის-მეთქი და მიპასუხა, რომ კი.  თურმე ხელითაც შეიძლება გაგისწორდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ დათოს დედა ხარ.  დათო ავადმყოფი არ არის, უბრალოდ ვერ ლაპარაკობს”- ამბობს თამუნა. 

 

თამუნამ ბაღის დირექტორს განუცხადა, რომ მშობლების პრეტენზიები ძიძისგან მოდის. მისი თქმით, ზემოთ აღნიშინული საუბრებით ძიძა ზეგავლენას ახდენდა მშობლებზე, რომ მათ დათო ბაღიდან გაეძევებინათ:  

 

“დირექტორმა მითხრა, რომ მშობელი მართლაც ითხოვდა ამას, ვუპასუხე, რომ  დათოს გასაგდები არაფერი სჭირს და თავად წავიყვანდი, რაზეც სასტიკი უარი მითხრა.  ჩვენ მივხედავთო, ოღონდ  ორ საათამდე იყოს, ალბათ, ეს იმიტომ, რომ ბაბუას არ ენახა ჩემი შვილი. მერე მითხრა, გეთანხმებით, ძიძას  აქვს ოჯახური პრობლემები და ჩვენ ხელს ვუწყობთ, მაგრამ დღეს აუცილებლად დაველაპარაკებიო”.

 

რას ჰყვება ფსიქოლოგი?

 

დირექტორთან საუბრის შემდეგ თამუნამ გადაწყვიტა, რომ ბაღში დათოს პირადი ფსიქოლოგი მისულიყო. გვანცა ჩვამანია   ნეიოროგანვითარების ცენტრის ფსიქოლოგი და ქცევის თერაპევტია, რომელიც დათოსთან უკვე ხუთი თვეა მუშაობს. სწორედ გვანცა იყო პირველი ადამიანი, ვინც 4 წლის ბავშვის სახეზე დაზიანებები შენიშნა, თუმცა სანამ საერთო ოთახში შევიდოდა, ბაღის ფსიქოლოგს და მეთოდისტს ესაუბრა:

 

“პირველ საათზე დაგვიბარა დირექტორმა, დირექტორი არ დაგვხვდა, მე, დეიდა და თერეპევტი მივედით, 3 ადამიანი მიგვიყვანა და არ დაგხვდა. მე მგონია, ეს არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მით უმეტეს, როცა ბაღის დირექტორი იქცევა ასე. დაგვხვდნენ ფსიქოლოგი და მეთოდისტი, გუნდურად მუშაობის შეთავაზებაზე გვპასუხობდნენ, რომ არ გვჭირდება, ჩვენ ეს ვიცით, არაერთხელ გაგვიკეთებია და ა.შ. საერთოდ ასე არ ხდება, იმიტომ, რომ როცა ბაღში მივდივართ, პირიქით გვეუბნებიან, რომ ბევრი გვყავს ასეთი ბავშვები, იქნებ მოგვეხმაროთ, ვეცდებით- როგორც წესი, ეს დამოკიდებულებაა”,-ამბობს ფსიქოლოგი.

 

მისივე თქმით, მან იმ სერვისებზე დაიწყო საუბარი, რისი შეთავაზებაც შეეძლოთ – რომ შეაფასებდნენ ბავშვის მდგომარეობას, იმუშავებს სპეციალისტი, რათა აღმზრდელს პრობლემის მართვაში დაეხმაროს და ამ ხარჯს ოჯახი იღებდა თავის თავზე:

 

“გვითხრეს, რომ ჩვენ ეს დირექტორს უნდა ვკითხოთ, ამაზე თანხმობას ვერ მოგცემთ. ეს იყო გაოცების ბოლო წერტილი,  როცა მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა. და საათი გავიდა ამ საუბარში, ბავშვთან შესვლა და სიტუაციაზე დაკვირვება მოვითხოვე. მინდოდა ბავშვს ქცევაზე დავკვირვებოდი, რადგან ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია დაკვირვება- თუ არ დააკვირდი, არ იცი რა პრობლემაა, შესაბამისად, არ იცი როგორ უნდა მართო ეს პრობლემა”.

 

მეთოდისტი, ფსიქოლოგი და ბავშვის დეიდა საერთო ოთახში ერთად ავიდნენ, კარი ჩაკეტილი დახვდათ. გვანცა ამბობს, რომ დეიდას დაკეტილი ამ ოთახის კარი არასდროს უნახავს:

 

“როცა შევედით, მასწავლებელი უკვე აღელვებული იყო, შეიძლება ჩემმა მისვლამ ააღელვა, ასეც შეიძლება მოხდეს. მე ვეკითხები, რა პრობლემა გაქვთ, რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა მოვაგვაროთ, პასუხად ვიღებთ, რომ ისეთი არაფერი, ცოტა ზედმეტად დადის, რაც ნიშნავდა, რომ ბაღის 15-წუთიან გაკვეთილებზე ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა. ვუთხარი, რომ დავაკვირდებოდი, მას კი თავის საქმიანობა გაეგრძელებინა.  ვხედავდი, რომ ეს ბავშვი თავისით დადის, თამაშობს, ასეთ დროს ცდილობენ შენ მაინც დაგანახონ, რომ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ არავინ ამ ბავშვს ხელს არ კიდებს, თავისთვის თამაშობს. სხვა ოთახში გავიდა დათო, მოწყდა ბავშვებს. ვიფიქრე, თავიდან არ ჩავერევი, იქნებ ვინმემ გამოიყვანოს -არავინ. შემდეგ მე გავედი და გამოვიყვანისას დავინახე, რომ ტუჩზე მოსდის სისხლი, ეს რა არის-მეთქი, ვიკითხე და მასწავლებლის თანაშემწე, ძიძას ვისაც ეძახიან, გაოცებული ამბობს – ვაიმე, მე ხომ მოვბანე”. 

 

 

შეკითხვაზე, რა მოხდა, გვანცამ საპასუხოდ 3 ვერსია მიიღო. პირველი ვერსიის თანახმად, არ იცოდნენ, რა მოხდა, შემდეგ უთხრეს, რომ ალბათ ბავშვმა თავისით დაიკაწრა თავი და ბოლო ვერსიის თანახმად, შესაძლო იყო ბავშვებს ეჩხუბათ და ერთმანეთი დაეკაწრათ:

 

“მე ვიცნობ ჩემს პაციენტებს, ჩემი საქმე ეს არის, რომ გავიცნო და ზუსტად ვიცოდე ვინ, რას აკეთებს და რას არ აკეთებს. არის რაღაც, რასაც ვერ დაიჯერებ, დათოს თვითდამაზიანებლი ქცევები, მით უმეტეს, ფხაჭვნითი სახით, მე არ მინახავს და ასეთი ქცევა ერთ დღეში არ ჩნდება, მით უმეტეს, ბაღში. ნაკლებად დასაჯერებელია, ფრჩხილიც არ აქვს ისეთი სიგრძის, რომ ეს ჭრილობა საკუთარი თავისთვის მიეყენებინა. როცა ვთქვი, რომ დათო ამას თავისით არ იზამდა, იყო შემდეგი კომენტარები – რა მოხდა? შეიძლება ბავშვებმა იჩხუბეს და ერთმანეთს მოფხაჭნეს – ასეთი გულგრილი დამოკიდებულება გამიკვირდა, მაშინ, როდესაც ზუსტად ნახევარი საათის წინ ვითხოვდი, რომ მშობლებს იქნებ გავაგებინოთ იყვნენ უფრო მიმღებლები და დათო რომ ხმაურობს შიგადაშიგ, ეს მათ ბავშვებს ხელს არ შეუშლის. გამოვტრიალდი და დეიდას ვუთხარი, რომ მე აქ ხელები ამიწევია, ასეთი ბაღი ჯერ არ მინახავს და ამათთან ვერაფერს ვერ გავხდები-მეთქი. ასეთი გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მე არ მინახავს”.

 

მიუხედავად იმისა, რომ დათოს მიერ საკუთარი თავის დაზიანების ვერსია არც ფსიქოლოგს და არც ბავშვის მშობელს არ სჯერათ, ისინი ცალსახად არ აცხადებენ, რომ ბავშვი მაინცდამაინც სცემეს:

 

“იმედს ვიტოვებ, რომ ეს მართლა არ გაუკეთებია მასწავლებელს, სიმართლე გითხრათ, ეს არც დამიშვია, საიტზე ვნახე, რომ პატარა დათო მასწავლებელმა სცემაო და ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს ერთმნიშვნელოვნად.  არ მომეწონა დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი, არ მომეწონა ის, თუ როგორ ექცეოდნენ ბავშვს, მაგრამ ძალადობა არ მინახავს, ვგულისხმობ ფიზიკურ ძალადობას, თუმცა ფაქტია, რომ გულგრილობაც ძალადობაა. დათო წაიყვანეთ, ასეთი ტექსტი არ უთქვამთ. უბრალოდ ეს იყო გულგრილი დამოკიდებულება”,-ამბობს გვანცა ჩვამანია.

 

დათოს დედაც ამბობს, რომ ხელს ცალსახად ვერავის დაადებს და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ გაჩნდა დათოს სახეზე დაზიანებები. თამუნა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ დათოს ბაღში სიარული მოსწონდა და  იმ ერთ მშობლის გარდა დათოს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არავის გამოუხატავს, ბავშვებიც აქტიურად ემეგობრებოდნენ:

 

“პირიქით, ძალიან უყვარდათ ბავშვებს და საჩუქრიც კი გაუკეთა ერთ-ერთმა მათგანმა”.

 

გვანცა ჩვამანიას თქმით, ბავშვები ყოველთვის ემპათიით გამოირჩევიან და მასწავლებელმა და მშობელმა ასეთი ქცევებით ეს დამოკიდებულება არ უნდა შეცვალონ:

 

“მე  ჯერ არ მინახავს არსად საბავშვო ბაღები და ამ ბაღშიც ასე იყო, სადაც თავად ბავშვები არ არიან ძალიან კეთილგანწყობილები, ემპათიით განწყობილები. თუ ძალიან ცუდ საქმეს არ გავაკეთებთ, ახალ თაობაში მოდის ეს ბუნებრივი ემპათია და მიმღებლობა. ყველა ბავშვს აქვს დამოკიდებულება, რომ მოდი, დავეხმაროთ, მოდი, სათამაშო მივცეთ, ეს არ უნდა გაამწვავოს ბაღმა და მშობელმა. ოდნავი ხელიშეწყობაა საჭირო”.

 

როგორ რეაგირებს სახელმწიფო მომხდარზე?

 

ბავშვის მშობლებმა შაბათს მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც პასუხად მიიღეს, რომ ბაღში აგენტს გააგზავნიან. ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ორშაბათს, 29 სექტემბერს დეტალურად განიხილავენ, რა რეაგირება შეიძლება სტრუქტურამ მოახდინოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

განათლების სამინისტროს პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ გამოძიების დასრულების შემდგომ გახდება შესაძლებელი ამ საქმის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრონ. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, თუ დანაშაული დადასტურდა, რას მოიმოქმედებს სამინისტრო თავად ბაღის წინააღმდეგ, სამინისტროში გვიპასუხეს:

 

“მოგეხსენებათ, რომ ბაღები ჩვენი თემა არ არის, მით უმეტეს, კერძო, ამ დეტალებზე მერიას უნდა მიმართოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კომპეტენციის გადანაწილებაზე საუბარი თავისთავად უხერხულია, იმიტომ, რომ ბავშვის უფლებების დარღვევას ეხება საქმე და არა მიმდინარე საკითხებს”.

 

ბავშვის ოჯახმა პარასკევსვე, როდესაც ბავშვს დაზიანებები აღმოაჩნდა, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. როგორც დათოს დედა ყვება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ახლა აზრი არ აქვს არაფერს და პოლიცია ბაღშივე უნდა გამოეძახებინათ:

 

“გვითხრეს, რომ აზრი არ აქვს, იქნებ ბავშვებმა დაჩხაპნეს ერთმანეთი”,- ამბობს თამუნა. 

 

შინაგან სამეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პოლიცია მომხდარით დაინტერესდა და როდესაც ბავშვის ოჯახს მიაკითხა, მშობლებმა უარი თქვეს განცხადების დაწერაზე და პატრულთან გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს, შესაბამისად, გამოძიება დაწყებული არაა.

 

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბავშვი სცემეს, მშობელმა არ დაადასტურა”- ამბობენ პრესსამსახურში. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როგორ დაადასტურებდა დედა ბავშვის ცემის ფაქტს, თუ ეს გამოძიებამ არ დაადგინა, უწყებაში განაცხადეს, რომ დედამ ბავშვის დაზიანების შესახებაც  უარყო ინფორმაცია.

 

დათოს დედა კი ამბობს, რომ განცხადების შეტანასთან დაკავშირებით უარი არ განუცხადებიათ, ბავშვის დაზიანების შესახებ კი საპატრულო პოლიციის ოქმში წერია.

 

“პატრულმა განცხადების შეტანასთან დაკავშირებით გვითხრა, რომ აზრი არ აქვსო, ქალბატონი ვინც იყო, გადაურეკა შემდეგ სმენის უფროსს, გვესმოდა  იმ ბიჭის ლაპარაკიც ტელეფონიდან, რომ ახლა რა აზრი აქვსო, მომხდარზე მე რა ვიციო. იქვე გამოეძახებინათო”,- ამბობს თამუნა.

 

ოჯახმა დამოუკიდებელ ექსპერტს ალეკო გეჯაძეს მიმართა, რომელმაც ბავშვის დაზიანებები დაათვალიერა. ექსპერტიზის დასკვნა ორშაბათს, 29 სექტემბერს იქნება ცნობილი, თუმცა დათოს დედა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვას არ აპირებს:

 

“მე არ მინდა, რომ მივმართო, ძალიან მაინტერესებს, თვითონ როგორ მოიქცევიან და რა ზომებს მიიღებენ. მე, განადგურებულ დედას, რომელსაც ორი დღე და ღამე არ მიძინია, ეს აღარ უნდა დამჭირდეს. ჯერ მარტო იმიტომ ვარ განადგურებული, რომ ყველგან ბავშვის ფოტოებია. მე მგონი, მხოლოდ ჩემი ინტერესი აღარ არის ეს, მთელი ქვეყანა შეიძრა, რომ 4 წლის ბავშვი არის ასეთ მდგომარეობაში. აქ არ არის სრულწლოვანზე ლაპარაკი, დედობის უფლებას ართმევენ, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩააგდოს შვილი, მე უნდა შევიტანო კიდევ განცხადება, შევიტან, მაგრამ საქართველოში არა. ველოდები, აქედან რა რეაქცია იქნება”.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი ინიციატივით გამოძიების დაწყება, განაცხადეს, რომ ამ საკითხს გაარკვევენ, თუმცა პასუხი დღის განმავლობაში ვერ მივიღეთ.

 

რას ამბობენ საბავშვო ბაღში?


“ნეტგაზეთი” ცდილობდა საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას დაკავშირებოდა, თუმცა ბაღის ვებ-გვერდზე საკონტაქტო გვერდი გათიშულია, სხვა მხრივ საიტი ჩვეულებრივ მუშაობს, თუმცა ბაღის მასწავლებელმა “პირველ არხთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ დათო ბავშვთან ჩხუბის დროს დაზიანდა:


“რადგან ბავშვს ერთი სათამაშო ჰქონდა, მასაც უნდოდა აეღო, როდესაც წართმევა მოინდომა, მან უპასუხა აგრესიულად და მოხდა ეს კონფლიქტი, მე იქვე ვიყავი”- ამბობს ბაღის პედაგოგი ციური გულიაშვილი.

 

დედა ამბობს, რომ მას დღეს დათოს თანაჯგუფელის მშობელი დაუკავშირდა:

 

“ბავშვის ჯგუფელის მშობელმა დამირეკა და მითხრა, რომ  პედაგოგმა მითხრაო, რომ თქვენმა შვილმა გააკეთა ყველაფერიო, ეს გოგონა ძალიან ნერვიულობს, თუნდაც ბავშვს გაეკეთებინა, 3-ჯერ ბავშვმა ბავშვს დაზიანება მიაყენოს, სად არის ამ დროს პედაგოგი? არ არის ეს ჩვეულებრივი დაზიანება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი