ახალი ამბები

პრემიერის აქცენტები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას

27 სექტემბერი, 2014 • • 1058
პრემიერის აქცენტები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო დღეს  უფრო ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე ოცი წლის წინ იყო. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ.

 

“უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადავდგით კონკრეტული  ნაბიჯები: ჩვენ გავარღვიეთ სახელისუფლებო კორუფციის,  დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე  ეკონომიკის მოჯადოებული წრე. ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი  დემოკრატია ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის  სისტემით, რომელიც განუხრელად მიჰყვება კანონის უზენაესობის პრინციპს. საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჩვენ დავამკვიდრეთ  ურთიერთობის ისეთი ფორმა, როდესაც დაფასებულია შრომა და მეწარმეობა, ამასთან დახმარებას ვთავაზობთ მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს”.- განაცხადა მან.

 

პრემიერი-მინისტრმა ბოლო ორწლიანი და 20-წლიანი პროგრესის საილუსტრაციოდ  საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარება მოიშველია, თუმცა კონკრეტული ორგანიზაციები არ დაუსახელებია:

 

“საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებით, დღეს საქართველო  სულ სხვაა იმასთან შედარებით, რასაც ის წარმოადგენდა ოცი, ანდა  თუნდაც ორი წლის წინ.  ყველა სფეროში, ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, ეკონომიკითა  და კანონის უზენაესობით დამთავრებული, სახეზეა უზარმაზარი წინსვლა”

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ახალი დღის დადგომის მომსწრეა. მისი დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერია, საგარეო პოლიტიკა უკეთ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, ხოლო მზარდი ეკონომიკა საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ მუშაობს. ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინსტიტუციებიც გაძლიერებაზე, მათ შორის პარლამენტზე:

“დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებლის ფუნქციას  ასრულებს. ხდება კანონპროექტების წარდგენა, განხილვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. კომიტეტებში კი იმართება  მოსმენები და მინისტრთა მწვავე კრიტიკა. ისტორიას ჩაბარდა ის დრო,
როდესაც პარლამენტი ნოტარიუსის როლს ასრულებდა.  დღეს ჩვენ უზრუნველვყოფთ ადამიანის უფლებათა დაცვას ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით. გარდა ამისა, ჩვენთვის არანაკლებ საამაყოა ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედება, რომლითაც გაფართოვდა საქართველოს ყველა მოქალაქის  უფლებათა დაცვა”.

ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა კანონის უზენაესობაზე, მისი თქმით, შეიქმნა დამოუკიდებელი სასამართლო და  ბრალდებულთა  უფრო ფართო უფლებები დაკანონდა:

 

“ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების  წარმომადგენელთა დაუსჯელობას და წამებასა და შეურაცხმყოფელ  მოპყრობას ციხეებში. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია  კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღალა, ყველა ისარგებლებს  უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესუალური სამართლით”.

 

პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში მედიის შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით,  ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ხელი შეუწყოს ძლიერ, დამოუკიდებელ და ხარისხიან მედიას:

 

“სამოქალაქო საზოგადოების  მსგავსად, მედიაც არსებითია ძლიერი დემოკრატიისთვის. შეიძლება მე  ყოველთვის არ ვეთანხმებოდე იმას, რასაც მედიასაშუალებები ამბობენ და წერენ, მაგრამ მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ მათ ჰქონდეთ  თავისუფალი სიტყვის უფლება. ეს რეფორმები სარგებელს მოუტანს ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ჩვენი  მიზანია, გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მეშვეობით”.

 

პრემიერის თქმითვე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად,  საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღია და გლობალიზებული ხდება:

 

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ფოტო: პრესსამსახური
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ფოტო: პრესსამსახური

 

“ჩვენ  ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და ვატარებთ რეფორმებს,  რათა გზა გავუხსნათ საქართველოს ეკონომიკისა და ქართველი  ხალხის სრულ პოტენციალს. დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვით და დამთავრებული ინვესტიციებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში,  საქართველო იქცევა 21-ე საუკუნის ეკონომიკის მქონე ქვეყანად, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”.

 

პრემიერ-მინისტრმა თავის სიტყვაში ვრცლად ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებისა და ლტოლვილების პრობლემების შესახებ, მან ხაზი გაუსვა ახალი ხელისუფლების შეცვლილ პოლიტიკას და მის შედეგებს. ამავე კონტექსტში ისაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე:

“ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, არის  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხი. რუსეთის  სამხედრო აგრესიის შედეგად, ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით  გადაადგილებული პირია. მიუხედავად ამისა, საქართველო დღესაც  იღებს ლტოლვილებს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან.  სამწუხაროა, მაგრამ ლტოლვილთა ახალი ტალღების კერები არ  მცირდება, განსაკუთრებით უკრაინასა და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ  მეგობრებს, რისთვისაც ვაწვდით ჰუმანიტარულ და ტექნიკურ  დახმარებას (მაგალითად, ვაგზავნით ექიმებსა და მედიკამენტებს),  ვუცხადებთ მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას და ვთავაზობთ უსაფრთხო  თავშესაფარს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვებისათვის.  გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რეფორმების გატარებასა და  დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში. ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები.  ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა  და სუვერენიტეტს და შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მოძმე  უკრაინელ ხალხს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო ხანს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები საბოლოოდ წერტილს დაუსვამს სამხედრო  მოქმედებებს და დაიწყება შეუქცევადი სამშვიდობო პროცესი”.

 

პრემიერი-მინისტრმა გაეროს ტრიბუნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვები ადამიანებისთვის მისამართადაც გამოიყენა:

 

“ნება მომეცით, მივმართო ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთსა და სამხრეთ  ოსეთში: „ძვირფასო დებო და ძმებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი  ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა  დაისადგურებს“. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული  აღდგენის გზას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის,  რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს.  ამასთან, მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის  შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებები და შემოგვიერთდეს ჩვენი ოცნების – მშვიდობის, კეთილდღეობისა და შერიგების – ხორცშესხმაში”,- განაცხადა ღარიაბშვილმა

 

მისივე, თქმით, საქართველო არასოდეს  დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს  აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან შერიგების გზების გამოსანახავად.

 

“ჩვენ, ქართველებს, გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ  არა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რომელთა მისაღწევადაც ამდენი ვიბრძოლეთ. ამ მიზნით, ჩვენ ვიყენებთ, ჩვენი წინამორბედებისგან განსხვავებით,  ახლებურ მიდგომას რუსეთთა ურთიერთობებში. ჩვენს, როგორც  პასუხისმგებელი, პრაგმატული და კონსტრუქციული მეზობლის,  სტრატეგიას ორი მიმართულება აქვს. ერთი მხრივ, ჩვენ წამოვიწყეთ უპირობო დიალოგი რუსეთთან სავაჭრო,  ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების  განახლების მიმართულებით. მეორე მხრივ, ჩვენ კვლავაც გვაქვს  დასახული მიზნად 2008 წლის აგვისტოს ომის მშვიდობიანი მოგვარება
და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულება. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, არ მოჰყოლია  თანამშრომლობის იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ  გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი.  ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და  დაადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას” .- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერმა ხაზი გაუსვა ნატოს უელსის სამიტს, რომელსაც ისტორიული უწოდა. მისი თქმით, უელსის სამიტზე  მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ნატო მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას და უზრუნველყოფს  თანამშრომლობის ახალ, რეალურ და ხელშესახებ ინიციატივებს,  რომლებიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და, ზოგადად,  უსაფრთხოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი