ახალი ამბები

ნარმანია: პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აუცილებლად აშენდება

26 სექტემბერი, 2014 • • 1106
ნარმანია: პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აუცილებლად აშენდება

დედაქალაქის მერმა მედიის წარმომადგენლებთან  ესტაკადის მშენებლობის აუცილებლობა განმარტა:

 

“ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა შეზღუდულია, რაც დისკომფორტს უქმნის, როგორც ადილობრივ მცხოვრებლებს, ისე ავტომობილების მძღოლებს.”


მისი თქმით, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე და ძველ უბნებში გაჩენილი საცობების შედეგად, მოიმატა ხმაურმა და მოსახლეობა განიცდის დისკომფორტს:

 

“ჩვენდა სამწუხაროდ, თავის დროზე არსებული გათხრების შედეგად პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა შეიზღუდა და უკვე რამდენიმე წელია მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი. გაჩნდა საცობები თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის, თბილისის ძველ უბანში. აქედან გამომდინარე, დამატებით ზიანდება ის შენობა–ნაგებობები, რომლებიც ამ ქუჩებზე არის განთავსებული. მოიმატა ხმაურმა და მოსახლეობა განიცდის დისკომფორტს.”

 

ნარმანიას განცხადებით, თანამედროვე საინჟინრო მიდგომები და შესაძლებლობები იძლევა ესტაკადის გაკეთების საშუალებას.

 

“თანამედროვე საინჟინრო მიდგომები და შესაძლობლობები გვაძლევს იქ ესტაკადის გაკეთების საშუალებას, რომელიც არსებული ერთდონიანი მოძრაობიდან რამდენიმე ათეული სანტიმეტრის დაშორებით იქნება და თანამედროვე ფორმით არ გაკეთდება. გაკეთდება ისეთი ფორმით, რომელიც ძველი ქალაქის და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან იქნება შესაბამისობაში, რისთვისაც ჩვენ ვაცხადებთ საჯარო კონკურსს და შეურჩევა საუკეთესო პროექტი. ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა პირთა წრესთან, რომლებიც არიან ექსპერტები სატრანსპორტო კუთხით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და ა.შ.”

 

ნარმანიას აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს პუშკინის ქუჩაზე ბეტონი დაასხეს და ამ ქუჩას დაკარგული აქვს ისტორიული იერსახე:

 

“მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინამორბედებმა ბეტონი დაასხეს იქ არსებულ გათხრებს თავის დროზე, მან დაკარგა ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. იქ ესტაკადა გაკეთდება ისეთი ფორმით, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის იქნება თავისუფლად მიწვდომადი. გაკეთდება განათება დამატებით  და არანაირი დისკომფორტი ტურისტებს იქ არ შეექმნებათ. მეორე მხრივ, დისკომფორტი მოეხსნება იმ მოსახლეობას, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობს და რომლებიც საცობების შედეგად არის უკმაყოფილო. ეს პროექტი აუცილებლად გაკეთდება და მას წინ არაფერი არ უდგას.”

 

თბილისის მერის თქმით, პროექტების განხორციელება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება კვალიფიციური კვლევა დედაქალაქის გადატვირთულ უბნებზე და იმ მიზეზების დადგენა, რომელიც იწვევს ამ უბნებში საცობებს.

 

“კვლევა, რომელიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ, მათ შორის, მოიცავს დედაქალაქის გადატვირთული უბნების კვლევას და იმ მიზეზების დადგენას, რომელიც იწვევს ამ უბნებში საცობებს. აქედან გამომდინარე, შემდგომი სტრატეგია და მშენებლობები, ცალკეული ქუჩების გაფართოება, რიგ ადგილებში ესტაკადების მშენებლობები, სწორედ ამ კვლევაზე იქნება დაფუძნებული. კვლევის გარეშე არ ვაპირებთ, რომ რაიმე საინჟინრო გადაწყვეტილება მივიღოთ, იმიტომ, რომ ამან შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს. კვლევაზე იქნება დაფუძნებული დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის საკითხი” – განაცხადა თბილისის მერმა.

 

ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ესტაკადის გაკეთებას რაიმე კავშირი აქვს “პანორამა თბილისთან”, დედაქალაქის მერი დეზინფორმაციას უწოდებს:.

 

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ “პანორამა თბილისთან” ესტაკადის პროექტს არანაირი კავშირი არ აქვს. ეს დეზინფორმაციაა.”

 

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის სხვა უბნებშიც ეტაპობრივად იგეგმება ესტაკადების მშენებლობა:

 

“ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, წინასაარჩევნო პერიოდში ჯერ კიდევ 10 მზა პროექტი წარმოვადგინე და ამ პროექტების რეალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება, იმისათვის, რომ დედაქალაქი განიტვირთოს საცობებისგან.”

 

დავით ნარმანია/ ფოტო:ნეტგაზეთი
დავით ნარმანია/ ფოტო:ნეტგაზეთი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი