სამართალი

შეზღუდული საზოგადოებრივი მონიტორინგი ციხეებში

28 სექტემბერი, 2014 • • 1598
შეზღუდული საზოგადოებრივი მონიტორინგი ციხეებში

გაძლიერდა თუ არა ციხეებში ე.წ. მაყურებლების როლი და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი პატიმრებზე? რას უკავშირდება ბოლო კვირის განმავლობაში გახშირებული თითმკვლელობები სასჯელაღსრულების დაწესებულბაში? – ამ და სხვა საკითხებზე საზოგადოებას როგორც სახელისუფლებო უწყებების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებები და მოსაზრებები უკვე მოსმენილი აქვს, თუმცა არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილი სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მესამე გზაც – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი 40 ექსპერტი. ყოველ შემთხვევაში სწორედ საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერებაზე საუბრობდა სახალხო დამცველი 2013 წლის 11 თებერვალს, როდესაც პრევენციის ეროვნულ მექანიზმში ახალი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილება დაანონსდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას აღნიშნული მესამე წყაროდან ინფორმაციის მიღების საშუალება პრაქტიკულად არ ჰქონია.

 

არაეფექტური თუ არარსებული საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი

 

“ვერ ვხვდები, ამ ჯგუფში ჩემს ყოფნას ან არყოფნას რა აზრი აქვს? რა დანიშნულებით ვარ, ვეღარ გამიგია. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ დავტოვო ჯგუფი”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში გელა მთივლიშვილი, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის 40-კაციან ჯგუფში ერთადერთი ჟურნალისტია.

 

ციხე
ციხე

პრევენციის ეროვნული მექანიზმი 2009 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა, რომელიც ციხეებში არსებულ სიტუაციას იკვლევს, აფასებს წამებისა და არადამიანური მოპყრობის რისკფაქტორებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ანგარიშებს  და პატიმრების ინდივიდუალურ საჩივრებსაც განიხილავს. მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის გიორგი ტუღუშის ინიციატივით შექმნილი ციხეების მონიტორინგის 51-კაციანი საზოგადოებრივი საბჭო დაიშალა, გელა მთივლიშვილი და სხვა 39 ექსპერტი სწორედ პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ჯგუფს შეუერთდა საჯარო კონკურსის საფუძველზე. თუმცა მთივლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ეს ისეთი ფორმატი არ აღმოჩნდა, რაც მას თავიდან ჰქონდა წარმოდგენილი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დატოვა აქამდე ჯგუფი, მთივლიშვილი აცხადებს, რომ მდგომარეობის შეცვლის იმედი ჰქონდა.

სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ფუნქციონირებს, თავისი ქცევის კოდექსი აქვს, რომლითაც სხვადასსხვა საკითხი რეგულირდება, მათ შორის ჟურნალისტებთან ურთიერთობა. მათ არ აქვთ უფლება, რომ ციხეებში მონიტორინგის დროს მიღებული ინფორმაცია სახალხო დამცველის ნებართვის გარეშე გაასაჯაროონ.

 

“ქცევის კოდექსი ძალიან ვერტიკალურია. სახალხო დამცველთან წერილობითი შეთანხმების გარეშე თითქმის არაფრის უფლება არ გაქვს. ძალიან ბევრი აკრძალვები და შეზღუდვებია”.

 

გარდა გელა მთივლიშვილისა, ჯგუფში შედიან იურისტები, ფსიქოლოგები ფსიქიატრები, უფლებადამცველები, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს ციხეში დამოუკიდებლად შესვლის უფლება. იმისათვის, რომ ესა თუ ის მონიტორი სასჯელაღსრულების დაწესებულბაში მონიტორინგის მიზნით დაუშვან, მას სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნება ესაჭიროება. ამასთან, ექსპერტი დაწესებულებაში მარტო ვერ შედის, მას თან სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი მიჰყვება:

 

“თუ დეპარტამენტის თანამშრომელი შეძლებს, რომ თვითონ შევიდეს, ეს ექსპერტი რაღა საჭიროა, გაუგებარია… თუ არ ენდობიან ამ ექსპერტებს, მაშინ რისთვის ჰყავთ და თუ ენდობიან, მაშინ რას ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს თავის ფუნქციას?!” – ამბობს 40-კაციანი ექსპერტთა ჯგუფის მეორე წევრი თეა თუთბერიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ სახალხო დმაცველის შტატიანი თანამშრომლებით დაკომპლექტებული პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი არაეფექტურად არ მუშაობს, მაგრამ უშუალოდ გარე ექსპერტების მონაწილეობა ამ პროცესში ფორმალურ ხასიათს ატარებს.

 

“მე რომ 01:00 საათზე მივიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რომელიმე ციხეში რაღაც ხდება ადამიანის უფლების დარღვევის კუთხით, დაწესებულებაში შესვლას ვერ შევძლებ. უნდა დავიწყო სახალხო დამცველის მოძებნა, რომელიც შეიძლება საქართველოში არ აღმოჩნდეს… ჩემი აზრით, ეს არაეფექტურია. რეალურად მუშაობენ თვითონ ამ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები, არა ექსპერტები, არამედ შტატიანი თანამშრომლები”, – აღნიშნავს თუთბერიძე.

 

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულბაში ვიზიტებს რამდენიმე განსხვავებული ფორმატით ახორციელებენ, როდესაც უშუალოდ მექანიზმი უწევს ორგანიზებას საერთო ვიზიტს ამა თუ იმ დაწესებულბაში და როდესაც კონკრეტული ექსპერტი სახალხო დამცველის თანამშრომლებთან ერთად ინახულებს კონკრეტულ პატიმარს. გელა მთივლიშვილის თქმით, პრობლემები კოორდინაციის თვალსაზრისითაც არსებობს:

 

“ელექტრონული ფოსტით ერთ-ერთი მიმოწერის დროს მე გამოვთქვი საყვედური, რომ რისთვისაა ეს ჯგუფი, თუ არსად დაგვიძახებთ და მონიტორინგს არ განვახორციელებთ-მეთქი. მაშინ მომწერეს, რომ შენ სურვილი არ გამოგითქვამსო… მე არც ვიცოდი… არაგეგმიური მონიტორინგის შემთხვევაში კი, მაგრამ გეგმიურ მონიტორინგებს თვითონ სახალხო დამცველის აპარატი გეგმავს. ჩვენ პატიმრებთან პირდაპირი კომუნიკაცია არ გვაქვს, თუ მონიტორინგისას არ შევხვდით. პატიმრები რეკავენ სახალხო დმაცველთან და მათ აპარატში გზავნიან განცხადებებს, ანუ მათ აქვთ უშუალო წვდომა პატიმრების უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებთან და შემდეგ მათ უნდა გადმოგვცენ და მონიტორინგზე გაგვიშვან, რასაც ესენი არ აკეთებენ და გეგმიურ მონიტორინგში მე დიდი ხანია მონაწილეობა არ მიმაღია”, – აღნიშნავს მთივლიშვილი.

ომბუდსმენის აპარატმა ჩვენს  შეკითვებზე საპასუხოდ სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნიკა კვარაცხელიასთან გადაგვამისამართა, რომელიც ამბობს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ყველა ვიზიტში ორმოცივე ექსპერტი მონაწილეობას ვერ მიიღებს და ასეთი ვალდებულება დეპარტამენტს არ აუღია:

“თქვენ გაგებული გაქვთ, რომ ეს არის გარკვეული ვალდებულება..  ექსპერტი ჩვენი შეხედულებით შეირჩევა, რომ მან მონაწილეობა მიიღოს… კონკრეტული ჯგუფი წინასწარ განისაზღვრება და იქ მულტიდისციპლინარული შემადგენლობაა გათვალისიწნებული, ანუ გვჭირდება ექიმი, სოციალური მუშაკი და ასე შემდეგ. ამის მიხედვით ხდება ხოლმე შერჩევა. ასე არ არის, რომ ვიღაც აუცილებლად უნდა მოხვდეს. ეს არასწორი გაგებაა ამ ჯგუფის საქმიანობის და მიზნის”, – ამბობს კვარაცხელია და ექსპერტებს საქმისადმი უფრო პასუხისმგებლობით მოკიდებისაკენ მოუწოდებს. “ნეტგაზეთის” კითხვას, რა ფორმით აქვთ მათ ექსპერტებთან კოორდინაცია, კვარაცხელიამ ასე უპასუხა:

“[ექსპერტებთან] კოორდინაცია გვაქვს სხვადასხვა საშუალებით. დაკონკრეტება რა საჭიროა? რიგ შემთხვევაში ეს ექსპერტები არიან ხოლმე დაკავებულები. არის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვერ ახერეხებენ, რომ ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში. აქ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ვინმეს მიმართ ვალდებულებაა აღებული, რომ კონკრეტული რეგულარობით ის მონიტორინგის ჯგუფში იქნება ჩასმული. დიახაც, მათაც უნდა გამოიჩინონ ინიციატივა. ეს არის პასუხისმგებლობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიმართ და მეტიც მინდა ვთქვა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია და ამის მიმართ მათ პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეთ. ვერავის დავავალდებულებთ, რომ ამ პროცესებში ჩაერთოს. პირდაპირ გეტყვით, მათი მხრიდან არ არის ისეთი აქტივობა, რომ ჩვენ ვინმეს ვზღუდავდეთ. ეს ასე არ არის”, – აცხადებს კვარაცხელია.

 

წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის მიხედვით, საქართველომ როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმების ფუნქციურ დამოუკიდებლობა, ასევე მათი პერსონალის დამოუკიდებლობაც უნდა უზრუნველყოს. როგორ მოდის ეს ჩანაწერი კორელაციაში იმ ქცევის კოდექსთან, რომელიც ექსპერტებს ციხეებში დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას, ასევე ომბუდსმენთან შეთანხმების გარეშე მედიასთან კოტაქტის შესაძლებლობას არ აძლევს? – ნიკა კვარაცხელია აქცენტს გუნდური მუშაობის პრინციპზე ამახვილებს:

 

“როდესაც ვიზიტი ხორციელდება, ჩვენ უნდა შევაჯამოთ ის შედეგები, რაც მონიტორინგის დროს იქნება გამოვლინელი. ეს არის გუნდური პრინციპით მუშაობა. ჩვენ სახალხო დამცველის თანამშრომლები და ექსპერტები ერთად ვაჯერებთ პოზიციას”.

 

მისივე თქმით, მიმართვის შემთხვევაში სახალხო დამცველის რწმუნების მიღების თვალსაზრისით პრობლემა არც ერთ ექსპერტს არ შექმნია. გელა მთივლიშვილი კი აცხადებს, რომ პირადად მან ბათუმში დაკავებულ იუსუფ ლაკაევთან შეხვედრა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დმაცველის რწმუნება ხელთ ჰქონდა:

 

“სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულმა პირებმა მასთან არ შეგვიშვეს, რაზეც ჩვენ ვთხოვეთ სახალხო დამცველს რეაგირება, მან გააკეთა განცხადებ და შსს-ს მხრიდან უკვე რეაგირება აღარ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური ჯგუფის ექსპერტებს ხელი შეგვიშალეს მოვალეობების შესრულებაში, რაც დანაშაულია”, – აცხადებს მთივლიშვილი.

 

შეცდომაში შეყვანილი საზოგადოება?

 

შექმნილი სიტუაცია არ უკვირს ყოფილ სახალხო დამცველ და სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ გიორგი ტუღუშს, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან პრევენციის ეროვნულ მექანიზმს დამატებული 40 ექსპერტი ციხეებზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი არ არის და ეს მან მაშინვე იცოდა, როდესაც მისი ინიციატივით შექმნილი საბჭო გაუქმდა და სანაცვლოდ საზოგადოებას ექსპერტების საკითხი შესთავაზეს:

 

“ეს არის ზუსტად ის მოდელი, რომელიც მანამდეც არსებობდა, იმ დღიდან, როდესაც პრევენციის ეროვნული მექანიზმი სახალხო დამცველს გადაეცა. ჯერ კიდევ 2009 წლიდან ჰყავდა ომბუდსმენს 25 ექსპერტამდე, რომლებიც ზუსტად ანალოგიური მეთოდით იყვნენ დაკავშირებული პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან. ყველას ვერ ვიხსენებ, მაგრამ გიორგი ჩხეიძე, ირაკლი სესიაშვილი, ნინო მახაშვილი, მაკა ჯიშკარიანი, ლიანა კინწურაშვილი… სულ 25 ექსპერტი იყო მაშინაც, ზუსტად ანალოგიური მეთოდით შერჩეული და ზუსტად იგივე უფლებები ჰქონდათ დაახლოებით, რაც დღეს აქვთ ამ ექსპერტებს. განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ექსპერტების ნაწილს 1-წლიანი რწმუნებები ჰქონდა და არა 3-დღიანი, როგორც დღეს აქვთ, როდესაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად დადიან მონიტორნგზე. პრევენციის ეროვნული მექანიზმი იმისთვის არ იქმნება, რომ საზოგადოება ჩართოს ციხეების მონიტორინგში. ეს არის კანონით განსაზღვრული ერთეული, სახალხო დამცველის ერთ-ერთი სტრუქტურა და მისი გადასაწყვეტია, რა სახით იფუნქციონირებს, მას შეუძლია საერთოდ არ ჰყავდეს ექსპერტები, ხოლო თუ სჭირდება ჰყავდეს. საუბარი იმაზე, რომ მაინცდამაინც პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა უნდა განაპირობოს საზოგადოებისთვის ციხის გახსნა, ცოტა არასწორია”, – აცხადებს ტუღუში.

 

იმას, რომ ხსენებული 40 ადამიანი არა ციხეებზე საზოგადოებრივი კონტროლის, არამედ სახალხო დმაცველის აპარატის მიერ დაქირავებული ექსპერტები არიან, ნიკა კვარაცხელიას კომენტარიც ადასტურებს:

 

“მინდა, რომ გავმიჯნოთ, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით არ შედიან სასჯელაღსრულების დაწესებულბაში. ეს არის ცალსახა. ისინი არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც ვალდებულება იკისრეს, რომ გარკვეულ სამუშაოს შეუსრულებდნენ ხელშეკრულების საფუძველზე პრევენციის ეროვნულ მექანიზმს და ამაში ანაზღაურებას იღებენ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე. მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს ჰონორარი მიეცემათ შესრულებული სამუშაოს შემდეგ”.

 

გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, მხოლოდ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ გეგმიურად განხორციელებული ვიზიტები ანაზღაურდება და არა რომელიმე ექსპერტის ინდივიდუალური გასვლა სასჯელაღსრულების დაწესებულბაში.

საზოგადოებრივი კონტროლის პარალელური მექანიზმი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კიდევ ორი ექსპერტი, ირაკლი ვაჭარაძე და ნაზი ჯანეზაშვილი თეა თუთბერიძისა და გელა მთივლიშვილისაგან განსხვავებით პრევენციის ეროვნული მექანიზმში ექსპერტების ჩართულობის პროცესს არ აკრიტიკებენ, თუმცა პარალელური საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებას ადვოკატირებენ:

 

“პრევენციის ეროვნული მექანიზმი არის ისეთი მექანიზმი, როგორიც არის… იქ არის გარკვეული ფარგლები, გარკვეული შეზღუდვები, მანდატი ისეთია, რომ მონიტორს განსხვავებულ ფორმატში აქცევს, საზოგადოებრივი მონიტორინგი არის სხვა. მაგალითად, არჩევნების მონიტორინგს რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებს, მაგრამ ეს ცუდი არ არის, პირიქით, საზოგადოება უფრო ნათელ და დამაჯერებელ სურათს იღებს”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

 

ციხეებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმები 2008 წლამდე არსებობდა: იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებული რამდენიმეკაციანი ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ახორციელებდნენ კონტროლს და პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც დაახლოებით 21 ადამიანი შედიოდა და თეა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა:

 

“ვერ ვიტყვი, რომ 21-ვე ადამიანი დიდი ინტენსივობით მუშაობდა მაშინ, მაგრამ ეს საბჭო ნამადვილად იყო ქმედითი. ძალიან ბევრი დარღვევები იყო ციხეებში თუ პროკურატურის ქმედებებში. ჩვენ შევდიოდით ციხეებში, ვახორციელებდით მონიტორინგს, გამოგვქონდა გარკვეული კადრები, ვიწერდით ინტერვიუებსაც… ეს ყველაფერი პრობლემებს უქმნიდა პროკურატურას და ძალიან არ მოსწონდა ზურაბ ადეიშვილს, რადგან ჩვენ განცხადებებით მივმართავდით და მათ გამოძიების დაწყების ვალდებულება ჰქონდა. ამის გამო იმ პერიოდში დაპირისპირება მოხდა პროკურატურასა და ჩვენს შორის. პროკურატურა ითხოვდა, რომ არ გვქონოდა გადაღების და პატიმრების ჩაწერის საშუალება, რასაც, საბოლოო ჯამში, მაინც მიაღწია პროკურატურამ”, – იხსენებს თეა თუთბერიძე. მონიტორინგის საბჭოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შედიოდნენ, მათ შორის იყვნენ იურისტები (ანი დოლიძე, თინა ხიდაშელი) და კულტურის სფეროს მუშაკებიც (დათო ტურაშვილი).

 

თუთბერიძის თქმით, საბოლოო ჯამში, პროკურატურამ თავისი გაიტანა, საბჭოები გაუქმდა, ეს კი იმით ახსნეს, რომ ქვეყანაში სანაცვლოდ პრევენციის ეროვნული მექანიზმი ჩამოყალიბდებოდა.

 

2012 წელს საზოგადოებრივი კონტროლი მექანიზმი კვლავ შეიქმნა. ციხის სკანდალის შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა პირობა დადო, რომ საზოგადოებივრი კონტროლისთვის ციხის კარს გახსნიდა და 51 ადამიანს მინისტრი ბრძანების საფუძველზე ყველა ტიპის დაწესებულბაში შესვლის უფლება მისცა, თუმცა დღეს თავადაც აღიარებს, რომ ის ფორმატი დასახვეწი იყო, რადგან ჯგუფში შემავალი ზოგიერთი ჟურნალისტი თავის რწმუნებას ცნობილ პატიმრებთან ინტერვიუების ჩაწერის მიზნით იყენებდა და არა მონიტორინგისთვის:

 

“ამას სჭირდებოდა მეტი რეგულაციები და კანონის დონეზე აყვანა, მაგრამ ამის ნაცვლად მოხდა მისი გაუქმება და სიცრუის ლაპარაკი, რომ პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ჩაანაცვლა ის საბჭო”.

 

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარალელური საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის შესაძლებლობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სოზარ სუბარის მინისტრობის დროს სასჯელაღსრულების უწყებასთან, ასევე პარლამენტის ადამიანის ფულებათა დაცვის კომიტეტთან განიხილეს, მიიღეს დაპირებები, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ახლა პროცესი შეჩერდა და მმართველი გუნდიდან ინიციატივები აღარ წამოსულა.

 

“პრევენციის ეროვნული მექანიზმი პარალელური მექანიზმების არსებობას არ გამორიცხავს. საერთაშორისო დონეზე იგივე გაეროს რეკომენდაციაა ის, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის არსებობამ არ უნდა განაპირობოს არსებული მექანიზმების ან გაუქმება ან მათი შექმნის შესაძებლობის გაქრობა”, – ამბობს გიორგი ტუღუში და დასძენს, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ახალი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს ჩამოყალიბება ძალიან მარტივი იქნება და მას მხოლოდ პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა დასჭირდება. რაც შეეხება კონცეფციას, თუ როგორ მოხდება მექანიზმის პრაქტიკაში ამუშავება, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამაზე არასამთავრობო სექტორს არაერთი კონცეფცია აქვს შემუშავებული, მათ შორის ერთ-ერთი იდეის მიხედვით, შესაბამისი სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი პარლამენტის ფარგლებში შესაძლოა შეიქმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი