ახალი ამბები

ომბუდსმენი 2008 წლის ომით დაზარალებულ სოფლებში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობს

26 სექტემბერი, 2014 • • 937
ომბუდსმენი 2008 წლის ომით დაზარალებულ სოფლებში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობს

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 23 სექტემბერს, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის და ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები შიდა ქართლში, 2008 წლის ომით დაზარალებულ სოფლებში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.


როგორც განცხადებაში წერია, მოსახლეობასთან ისაუბრეს ცხინვალის ციხის ყოფილ პატიმრებთან მათი დაკავებისა და გათავისუფლების დეტალების შესახებ, ასევე, პატიმრობის მიზეზით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე.


“სოფელ ფლავის მაცხოვრებლებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება; სოფლის სასაფლაოზე მისვლასაც კი ვერ ახერხებენ. ზოგიერთი ოჯახი სოციალური შემწეობის გაუქმების შემდეგ უკიდურესად მწვავე პირობებში აღმოჩნდა. სოფელ ქვეშშის მოსახლეობა სარწყავი წყლის უქონლობას უჩივის, რაც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას აფერხებს. ასევე, ქვეშის მაცხოვრებელთა ინფორმაციით, სოფელში ელექტრო-გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რის გამოც 8 ოჯახს თითქმის ორი თვე არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. სახალხო დამცველის ჩარევის შედეგად, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მეორე დღესვე აღუდგა. სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოინახოს ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემის გადაჭრის გზები,”- აცხადებს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი