ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაცია უკანონო ფარული მოსმენებისგან თავდასაცავად

25 სექტემბერი, 2014 • • 963
ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაცია უკანონო ფარული მოსმენებისგან თავდასაცავად

29 მაისს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 97 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.” აღნიშნული კანონპროექტით, ფარული მოსმენა განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ვის ექნება პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ მოდელს, რომელიც მხოლოდ ერთი გასაღების არსებობას ითვალისწინება, ევროპის საინფორმაციო პოლიტიკის და ტექნოლოგიების სამართლის კათედრის გამგემ ჯოზეფ კანატაჩიმ  დაცული პირადი ცხოვრების სისტემის შექმნისათვის არასაკმარისი ნაბიჯი უწოდა:

 

“არის თუ არა მისაღები სისტემა, სადაც მხოლოდ ერთი გასაღები არსებობს, უნდა გითხრათ, რომ არა. ერთგასაღებიანი სისტემა  მისაღები არ არის, ის წინადადება, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გთავაზობთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ნაბიჯი სწორი მიმართულებით, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მაგრამ ეს არ არის სრული ნაბიჯი. ეს უნდა განვიხილოთ, როგორც დროებითი ზომა,რომელიც იმუშავებს რამდენიმე თვე. იმ დროის განმავლობაში, როცა ეს მოდელი იმუშავებს, უნდა იყოს შემუშავებული ახალი ვერსიები და შესაძლებლობები, ის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ადეკვატური სისტემა”, – ამბობს კანატაჩი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი სისტემა ვერ გამორიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციაში უკანონო ჩართვას, ექსპერტის ფიქრობს, რომ შესაძლებელია ალტერნატიულ მოდელზე გადასვლა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და პირად ინფორმაციას უფრო მეტად დაიცავს, ასეთი სისტება კი, მისი განმარტებით, ორი გასაღების არსებობაა:

 

“ჩვენი რეკომენდაცით უნდა იყოს ერთზე მეტი გასაღები და ეს მეორე გასაღები უნდა იყოს არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სხვის ხელში. მეორე გასაღები უნდა იქნას გამოყენებული გადამოწმებისათვის,  იმ მომენტში, როდესაც გაიცემა სასამართლოს განჩინება კომუნიკაციებში ჩართვის თაობაზე და შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს ამ თავის გასაღებს. შემდეგ მეორე უწყება, სადაც გადაწყდება, რომ მეორე გასაღები უნდა შეინახონ, გადაამოწმებს ამ განჩინების სინამდვილეს, ნამდვილად გაიცა თუ არა ეს განჩინება, ეს  შეიძლება იყოს კერძო პროვაიდერი, ეს შეიძლება იყოს მონიტორინგის სააგენტო, ეს თქვენი გადასაწყვეტია”,- ამბობს კანატაჩი. 

 

ეს ალტერნატივა ორივე გასაღების ერთდროულად გამოყენებას ითვალისწინებს. როგორც მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი და გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის სამინისტროს კონსტიტუციურ საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი გრეჰემ სატონი ამბობს, მოსმენის სისტემაში ჩასართველად აუცილებელი უნდა იყოს ორივე გასაღების ერთდროულად ამოქმედება:

 

 

“მინდა დავაზუსტო, როდესაც ვსაუბრობთ ორ გასაღებზე, ეს  არ ნიშნავს იმას, რომ სათითაოდ ორივე გასაღებით მოხდეს  სისტემაში შეღწევა და მოსმენების განხორციელება, არც ერთი გასაღები დამოუკიდებლად არ იმოქმედებს. იმისათვის, რომ მოხდეს სისტემაში ჩართვა, აუცილებელია, რომ ორივე გასაღები ერთდროულად ამოქმედდეს. თუ ერთი გასაღები ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მას დამოუკიდებლად, მეორე გასაღების გამოყენების გარეშე, მაინც არ უნდა  ჰქონდეს საშუალება შევიდეს ამ სისტემაში”.

 

24 და 25 სექტემბერს ევროპელი ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაობ ჯგუფთან, რომელსაც იურიდიული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ხელმძღვანელობდა, სამუშაო ჯგუფმა ევროპელ ექსპერტებთან ერთად ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მეშვეობით გადაცემულ ინფორმაციაზე სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების წვდომის მექანიზმებსა და მონაცემთა ბანკების შენახვის ვალდბულების შესახებ იმსჯელა. ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ექსპერტების მიერ შეთავაზებულ ვარიანტი ორი გასაღების შესახებ არის გარანტია, რომ სისტემაში კანონის გვერდის ავლით ფარული ჩართვა არ განხორციელდეს:

 

“ეს საკითხი ამ ორი დღის განმავლობაში დაისვა. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ, მსჯელობის დროს გამოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა ამ იდეას და, რასაკვირელია, ეს საკითხი დამუშავდება. არ მინდა ისე გაიგოთ, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ და უკამათოდ გადაწყდება. ეს თემა ასე ადვილად ვერ წყდება ხოლმე. უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ პროცესი და გავზარდოთ დაცვის ხარისხი”,- ამბობს ხმალაძე.

 

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ფარული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებისას სამართალდამცავი ორგანოების წვდომის პროცედურას და მექანიზმებს დაადგენს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მეშვეობით გადაცემულ ინფორმაციაზე, ასევე უნდა დადგინდეს ასეთ მოქმედებებზე გარე კონტროლის სისტემა. თუმცა ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს პროცესი ასე სწრაფად ვერ დასრულდება და მას თვეები დასჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი