საზოგადოება

სასტუმროები შინაური ცხოველებისთვის თბილისში

25 სექტემბერი, 2014 • • 8192
სასტუმროები შინაური ცხოველებისთვის თბილისში

ძაღლების სასუტმრო-ბაღის – “ბალტოს” მენეჯერი ნათია ბურჯალიანი ამბობს, რომ სასტუმრო ძაღლებისთვის კინოლოგიური სკოლის მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე შექმნეს, რადგან მათ, ვისაც სამუშაო აქვთ და ძაღლებს მარტო სახლში ყოფნა უწევთ, შეუძლიათ მიიყვანონ სასტუმროში და დატოვონ.

 

ორი წლის წინ დაფუძნებულ სასტუმროში სამ თვეს მიღწეულ აცრილ ძაღლებს იტოვებენ, რომლებიც არ არიან აგრესიული. ნათია ბურჯალიანის თქმით, ძაღლების სასტუმრო კერძო სახლში არის მოწყობილი და ძაღლებს თავისუფლად გადაადგილება და ეზოში თამაში შეუძლიათ.

სასტუმროს მომსახურების გარდა, “ბალტოს” აქვს ბაღი, სადაც დილიდან საღამომდე იტოვებენ, ხოლო სასტუმროს შემთხვევაში ძაღლის დატოვება რამდენიმე დღით შეუძლიათ.

 

“ძაღლი გადის აგრესიის ტესტს და ვეტერინარის შემოწმებას. ვაქცინირებული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, რომ მოხვდეს ჩვენთან.”

სასტუმროს ტიპის მომსახურება “ბალტოში”  დღეში 10-დან 30 ლარამდე მერყეობს. ხოლო ფასი დამოკიდებულია ძაღლის ზომასა და მომსახურებაზე, რომელსაც ძაღლის მეურვე მოითხოვს.

 

სასტუმროს ტიპის მომსახურებას სწევს ძაღლსაშენ “ბაბილინას”  მფლობელი გენადი გოგილაშვილი. მას საკუთარ სახლში ექვსი ვოლიერი აქვს, სადაც ძაღლებს აბინავებს. ვოლიერები 5-8 კვადრატულ მეტრამდე ფართს იკავებს.

მისი თქმით, ექვსი ვოლიერიდან 4 დიდი ზომისაა, რაც საშუალებას აძლევს, რომ ერთ ვოლიერში ორი ან სამი ძაღლი შეიყვანოს.

ვოლიერში ძაღლის დატოვება ათი ლარიდან იწყება, თუმცა ფიქსირებული თანხა არ არსებობს. მომსახურებაში შედის მოვლა, გასეინება:

“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ძაღლის მფლობელი რას აირჩევს. არის სხვადასხვა საკვები და მაგის მიხედვით, როცა ძაღლს უნდა გასეირნება, ზოგს მოჰყავს, რომ უბრალოდ მყავდეს ვოლიერში და ვაძლევ საკვებს. ზოგს დღეში ორჯერ-სამჯერ გავლა უნდა”, – ამბობს გოგილაშვილი.

მისი კლიენტები ძაღლებს უმეტესად დიდი ხნით უტოვებენ, როცა ქალაქიდან გადიან, ან ბინაში ძაღლების ყოლა არ შეუძლიათ.

გენადი გოგილაშვილის თქმით, აგრესიულ ძაღლებს უკიდურეს შემთხვევაში იტოვებს, როცა პატრონს გადაუდებელი აუცილებელობა აქვს, და მხოლოდ ის შეუძლია, რომ ძაღლები ვოლიერებში დააბას.

“ბილბოს” მეურვე დათო კახიანი ამბობს, რომ ზამთარში დასასვენებლად თავის მეუღლესთან ერთად მიდის და არ იცის, სად დატოვოს ძაღლი. ორი ვარიანტი აქვს: ან სასტუმრო უნდა მოძებნოს, ან მეგობარს დაუტოვოს.

 

დათო კახიანი ამბობს, რომ თუ ვოლიერი კეთილმოწყობილი იქნება, იფიქრებს “ბილბოს” ვოლიერში დატოვებაზე:

“ჩემი ძაღლი, რომელიც ჩხუბისთავია და ბიჭ ძაღლებს ვერ იტანს, ვოლიერში არავის ეჩხუბება და ვერც თვითონ დაიშავებს ვერაფერს. იზოლირებულად იქნება”, – ამბობს დავით კახიანი.

თუმცა, მისი თქმით, ვოლიერის უარყოფითი მხარე ისაა, რომ  ძაღლისთვის ის სტრესული გარემოა:

“იგი შეჩვეული მყავს ისე, რომ სახლში თავისუფლად დარბის, ეზოშიც ვუშვებ და თვისუფლად დადის. და უცებ რამდენიმე დღე გალიაში, ორ თუ სამ კვადრატულ მეტრში ცოტა სტრესი არის. ჩემთვის მნიშნელოვანია, ოჯახის წევრია და არ მინდა ექსტრემალურ პირობებში ვაცხოვრო”.

© EPA, 01.01.2012
© EPA, 01.01.2012

მაგდა კალანდაძე, რომელსაც კატა მისისიპი ერთი წელია ჰყავს, შარშანაც და წელსაც ისე გავიდა ქალქიდან, რომ კატა თავის მეგობარს დაუტოვა. მან სასტუმროში თავისი კატა იმიტომ არ დატოვა, რომ იქ არსებული გარემო მისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო.

მაგდა კალანდაძის თქმით, თამარაშვილის შესახვევში მდებარე კატების სასტუმრო “პეტ შოპში” მივიდა, სადაც ერთ ოთახში განლაგებლი ვოლიერები დახვდა, რაც არ მოეწონა.

 

“ვნახე სამ სართულად გალიები და იქ სხვადასხვა კატები შეყრილი. თითო კატას ალბათ ადგილი ექნებოდა 30 კვადრატული სანტიმეტრი. საჭმელი და წყალი ედგათ. მაშინ ვერ აღვიქვი ასეთი სიმძაფრით, კნაოდა ერთ-ერთი კატა, მეორე მოუსვენრად დაწრიალებდა (საწრიალო ადგილის ფართობის შესაბამისად) და ასე. მაგრამ უკვე მისისიპის დატოვების საკითხი რომ დადგა და რომ წარმოვიდგინე ჩემი კატა გალიაში, გავგიჟდი კინაღამ.”

მაგდა კალანდაძემ პრობლემა იმით მოაგვარა, რომ მისისიპი თავის მეგობარს ჩააბარა, თუმცა კატის დატოვების პრობლემა ყოველ ზაფხულს დგება, რაგდან ამ პერიოდში ქალაქიდან ისედაც ყველა გადის:

“წელს ლამის გავგიჟდი – ძლივს ვიპოვე მეგობარი, რომელიც დარჩებოდა მისისიპისთან.”

“პეტ შოფის” მფლობელი ქეთევან კვირკველია ამბობს, რომ მათ მომსახურებას განსაკუთრებით ზაფხულში იყენებენ, როცა თბილისიდან დასასვენებლად მიდიან, ხოლო ზამთარში, როგორც წესი, გალიები ცარიელია.

კატების სასტუმრო ოთახი განლაგებული გალიებით არის წარმოდგენილი. გალია სამ ზონად არის დაყოფილი, სადაც კატას შეუძლია ჭამა და სხვა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ზაფხულობით “პეტ შოფში”  წინასწარი დაჯავშნით იღებენ მსურველებს, რადგან ამ პერიოდში გალიები დაკავებულია.

 

სასტუმროს მომსახურება დღიურად 5 ლარი ღირს, მაგრამ ამაში საკვები არ შედის. საკვების დამატების შემთხვევაში საფასური 2 ლარით იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ კატას დიდი ხნით ტოვებენ, მაშინ საფასური 3 ლარამდე იწევს.

“პეტ შოფში” კატებს არ ასეირნებენ. თუ კატა არის თვინიერი, ოთახში უშვებენ, თუ აგრესიულია, გალიიდან არ გამოყავთ.

ხატია ბასილაშვილმა, რომელიც კატას თავის მეგობარს უტოვებს ქალაქგარეთ გასვლის დროს, მისაღები სასტუმრო ვერ ნახა.

 

ხატია ბასილაშვილის აზრით, კატებს უყვართ მარტოობა, არ უყვართ უცხო კატების გარემოცვაში ყოფნა და სჭირდებათ სათამაშოები, რომლითაც სტრესს თავს დააღწევენ.

 

“ვოლიერი არა. ისედაც სტრესს განიცდის ცხოველი, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავთ, არ აქვს ნიშვნელობა, ეს კატაა თუ ძაღლი. გადაიყვანო სხვა ადგილას და ის ვოლიერი დახვდეს, საერთოდ გადაირევა და დიდხანს მოუწევს აზრზე მოსვლა”, – ამბობს ხატია ბასილაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი