ახალი ამბები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების მიერ აღებული საბანკო სესხები

25 სექტემბერი, 2014 • • 1349
მინისტრებისა და მათი მოადგილეების მიერ აღებული საბანკო სესხები

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია

 

სოფლის მეურნობის მინისტრ ოთარ დანელიას დეკლარაციაში  200 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც მან 2014 წლის მარტში აიღო. გარდა ამისა, მინისტრს, ჯამში, სხვადასხვა პერიოდში 70 000 აშშ დოლარისა და 42 500 ლარის ოდენობის სესხები აქვს აღებული.

 

იმავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრისა და მისი მეუღლის შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან წინა წლის (2013) განმავლობაში სულ დაახლოებით 120 000 ლარი იყო, ანუ, თვეში დაახლოებით 10 000 ლარი. დეკლარაციაში არ არის მითითებული დანელიას შემოსავალი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, რადგან დეკლარაცია მის ამ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდებს არ მოიცავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანიშვნამდე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და 2013 წელს მისი ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 81 070 ლარი იყო. დანელია ოთხი სხვადასხვა კომპანიის მეწილეა, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი დეკლარირებული არ აქვს. მისი დეკლარირებული დანაზოგი შეადგენს ნაღდ ფულს 7000 აშშ დოლარისა და 4000 ლარის ოდენობით და დაახლოებით 6,500 აშშ დოლარი და 1,500 ლარის ოდენობის თანხას საბანკო ანგარიშებზე.

 

„ბანკ რესპუბლიკის” ვებგვერდზე განთავსებული სესხების კალკულატორის მიხედვით, მხოლოდ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხზე მინისტრს თვეში დაახლოებით 2 000 აშშ დოლარის (დაახლოებით 3,450 ლარის) გადახდა უწევს, რაც მისი ყოველთვიური ხელფასის 69%-ია.

 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიაშვილი


მინისტრის თანმდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეში გიორგი კვირიკაშვილს ბანკ „ქართუში” 120 000 აშშ დოლარის სესხი  დაუმტკიცეს. იმავე წელს მინისტრმა 155 000 ლარის და 55,000 აშშ დოლარის შემოსავალი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიიღო. 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში წინა  წლის შემოსავლად კვირიკაშვილს 34 709 ლარი აქვს მითითებული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლო ორ თვეზე ნაწილდება, რადგანაც კვირიკაშვილი 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაინიშნა თანამდებობაზე. ამას გარდა, მინისტრს დეკლარირებული აქვს 9300 ლარი ნაღდი ფული და 3700 ლარი ნაშთი საბანკო ანგარიშზე.

 

სესხის გადასახდელად მინისტრს 1 586 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 800 ლარი) აქვს მითითებული, რაც მისი ყოველთვიური ანაზღაურების 56%-ია.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე

 

მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ალექსანდრე ჭიკაიძეს საქართველოს ბანკში 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს მიღებული. „საქართველოს ბანკის” სესხების კალკულატორის მიხედვით, მინისტრს თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარის (დაახლოებით 2 600 ლარი) გადახდა უწევს სესხის დასაფარად, ანუ- ხელფასის 52%-ის. 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მისი წინა წლის (2013) შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან დაახლოებით 67 000 ლარი იყო, რაც თვეში 5 580 ლარია.

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი

 

ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს სოზარ სუბარმა  „ქართუ ბანკში“ 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო და თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე 187 კვ.მ. ფართობის ბინა 190 000 აშშ დოლარად შეიძინა.

 

მსგავსი ოდენობის სესხზე გადასახადი თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 600 ლარი) უნდა იყოს, ანუ -მინისტრის ყოველთვიური ხელფასის 52%. წინა წლის (2012) შემოსავლებში სუბარს და მის მეუღლეს, ჯამში, 30 527 ლარი აქვთ მითითებული, რაც საშუალოდ, თვეში 2 543 ლარია. ამას გარდა, მინისტრს და მის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე 7 200 ლარი და 600 აშშ დოლარი აქვთ დეკლარირებული.

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი მახათაძე

 

დიმიტრი მახათაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2013 წლის მაისში დაინიშნა. მანამდე შპს „მედი ქლაბ ჯორჯიას“ მეწილე და დირექტორი იყო. ქონებრივ დეკლარაციაში მახათაძეს 315 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. როგორც შპს „მედი ქლაბ ჯორჯიას“ დირექტორსა და პარტნიორს, მახათაძეს 2013 წლის და 2014 წლის დეკლარაციებში დაახლოებით 240 000 ლარის შემოსავალი აქვს დეკლარირებული (ეს შემოსავლები მან 2012 და 2013 წლებში მიიღო), როგორც მინისტრის მოადგილეს კი, 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით – 45 595 ლარი (ეს 2013 წლის მანძილზე მიღებული შემოსავალია). მას და მის მეუღლეს ასევე დეკლარირებული აქვთ ნაღდი ფული – 7 500 აშშ დოლარი, 5 000 ლარი და 8 000 ევრო, ასევე, დაახლოებით 2 000 ლარი ნაღდი ფული.

 

წლის განმავლობაში, სესხის გასავლად მახათაძეს 21 584 აშშ დოლარი აქვს მითითებული, რაც თვეში დაახლოებით 1,798 (დაახლოებით 3,150 ლარი) აშშ დოლარია, რაც მისი ოფიციალური ანაზღაურების 106%-ია.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე,  დავით ხუციშვილი

 

დავით ხუციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2013 წლის ნოემბრიდანაა. მის მიერ 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში 190 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხია მითითებული, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს. სესხის წლიურ გასავლად კი 33 189 აშშ დოლარია (თვეში დაახლოებით 4 800 ლარი) მითითებული. ეს თანხა მინისტრის მოადგილის ოფიციალური ყოველთვიური ანაზღაურების 175%-ია.

 

მას და მის მეუღლეს წინა წლის შემოსავლებში სხვადასხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან დაახლოებით 111 000 ლარი აქვთ მიღებული. ხუციშვილის დეკლარაცია არ ასახავს მისი, როგორც მინისტრის მოადგილის შემოსავლებს, რადგან დეკლარაცია მის დანიშვნამდე პერიოდს მოიცავს. მინისტრს და მის მეუღლეს ასევე დეკლარირებული აქვთ თანხა საბანკო ანგარიშებზე – 18,296 ევრო.

 

 სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზურაბ აზმაიფარაშვილი

 

ზურაბ აზმაიფარაშვილი მინისტრის მოადგილე 2012 წლის ნოემბრიდანაა. 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან მის სახელზე 275 000 ლარის სესხია რეგისტრირებული. იმავე დეკლარაციაში, გასული წლის შემოსავლებში მას დაახლოებით 38 000 ლარი აქვს დეკლარირებული. აზმაიფარაშვილს და მის მეუღლეს თანეხბი საბანკო ანგარიშებზეც აქვთ დეკლარირებული – დაახლოებით 32 000 ლარი, 17 380 აშშ დოლარი, 8 057 ევრო და 40 000 სინგაპურული დოლარი (დაახლოებით 32 000 აშშ დოლარი).

 

„თი-ბი-სი ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორის თანახმად, მსგავსი ოდენობის სესხზე ყოველთიური გადასახდელი დაახლოებით 3 500 ლარია, რაც აზმაიფარაშვილის ყოველთიური ხელფასის 118%-ია.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე

 

2013 წლის ნოემბრიდან ჯანელიძის სახელზე 260 000 ლარის და 28 600 აშშ დოლარის ოდენობის სესხებია რეგისტრირებული. იმავე დეკლარაციაში ჯანელიძეს და მის მეუღლეს, მეუღლის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, ჯამში, დააახლოებით 147 000 ლარის შემოსავალი აქვს დეკლარირებული. მათ საბანკო ანგარიშებზე კი დეკლარირებულია დაახლოებით 7 000 აშშ დოლარი და 47 000 ლარი.

 

260 000 ლარის ოდენობის სესხზე ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით თვეში 2 600 ლარია, რაც მინისტრის მოადგილის ხელფასის 95%-ია.


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი

 

დავით გალეგაშვილი 2012 წლის ნოემბრიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. მისი 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გალეგაშვილზე, ჯამში, 164 000 აშშ დოლარის ღირებულების სესხია რეგისტრირებული, მის მეუღლეზე კი, ჯამში, 195 000 აშშ დოლარი. ყველა ეს სესხი გალეგაშვილი თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010 და 2012 წლებშია აღებული. ამ სესხების გასავალი, დეკლარაციების მიხედვით, ჯამში, წელიწადში დაახლოებით 63,000 აშშ დოლარია. ეს თვეში დაახლოებით 9,185 ლარია, რაც მინისტრის მოადგილის ყოველთვიურ ხელფასს სამჯერ აღემატება (337%).

 

იმავე წლის დეკლარაციაში, გალეგაშვილს, როგორც მინისტრის მოადგილეს წლის მანძილზე 62 288 ლარი აქვს მიღებული. მას 127 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულიც აქვს დეკლარირებული, საბანკო ანგარიშებზე კი, დაახლოებით 6 000 აშშ დოლარი და 5 500 ლარი.

 

2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში გალეგაშვილს სამეწარმეო საქმიანობიდან 130 000 ლარის შემოსავალი აქვს მითითებული, 2014 წლის დეკლარაციაში კი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მას მითითებული აღარ აქვს.  გალეგაშვილი ორი კომპანიის – შპს „კომპანია კ 2”-ის და შპს „ჰერიოს” მეწილეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი