ახალი ამბები

დაპატიმრებულ საფეხბურთო არბიტრებს მსაჯობა სამუდამოდ აეკრძალათ

25 სექტემბერი, 2014 • • 980
დაპატიმრებულ საფეხბურთო არბიტრებს მსაჯობა სამუდამოდ აეკრძალათ

“დღეს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა:

 

1. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კორუფციულ საქმიანობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯების მონაწილეობის შესახებ.

 

2. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გავრცელებული მასალა, სადაც ნათლად ჩანს სფფ-ის მსაჯების ჩართულობა კორუფციულ საქმიანობაში, რის გამოც რვა პიროვნება აყვანილ იქნა წინასწარ პატიმრობაში.

 

ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ სფფ-ის სამსაჯო კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო: მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით, წინასწარ პატიმრობაში აყვანილ მსაჯებთან ცალმხრივად შეწყდა კონტრაქტი და მათ მსაჯობა აეკრძალათ სამუდამოდ. მომხდარში მონაწილე ფიფა-ს მსაჯის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდა ფიფა-ს და უეფა-ს აღნიშნული მსაჯის ფიფა-ს სიიდან გარიცხვის თაობაზე. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ოფიციალური განცხადება ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ – სერგო კვარაცხელიამ გააკეთა. ვინაიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამსაჯო კომიტეტმა ოფიციალური განცხადებები უკვე გააკეთეს, ამ კვირაში კომენტარები აღარ გაკეთდება და დაველოდებით გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებს”, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის რვა არბიტრი დააკავა. შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ იყვნენ მსაჯების მომსყიდველი პირები.


 

სულ საქართველოში ეროვნული კატეგორიის 14 მთავარი მსაჯი და 12 ასისტენტი მუშაობს, ხოლო საერთაშორისო კატეგორიის [ფიფა] – 3 მთავარი მსაჯი და 6 ასისტენტი. ფიფას კატეგორიის არბიტრს საერთაშორისო ეგიდით გამართული მატჩების მსაჯობაც შეუძლია, ხოლო ეროვნული კატეგორიის არბიტრი საქართველოს უმაღლესი ლიგის თამაშებს უძღვება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი