ახალი ამბები

სასამართლომ თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს 800 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

25 სექტემბერი, 2014 • • 1318
სასამართლომ თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს 800 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, დავით კინურაშვილს ჯარიმა იმის გამო დაეკისრა, რომ ომბუდსმენის ოფისს 2014 წლის 9 სექტემბერს ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად არ მიაწოდა დოკუმენტები, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეს უკავშირება.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი თანამშრომლის იური საროკინის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას სწავლობს. თუმცა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დაარღვია კანონის მოთხოვნა და საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაცია სახალხო დამცველის აპარატს არ მიაწოდა.

 

ომბუდსმენის განმარტებით, საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი ადგენს, რომ მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში.

 

კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართ ადმინისტრაციული წესით სანქციის გამოყენება მოითხოვა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი