ახალი ამბები

ISFED: თბილისის მერიიდან 1 თვეში 155 ადამიანი გათავისუფლდა

25 სექტემბერი, 2014 • • 1044
ISFED: თბილისის მერიიდან 1 თვეში 155 ადამიანი გათავისუფლდა

ამავე ინფორმაციით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული 115 ადამიანიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურიდან გათავისუფლდა 46  პირი; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისგან – 34 პირი; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური – 9  პირი; თბილისის მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებიგან – 26  პირი.

 

პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს შორის არიან საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსები, საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსის მოადგილეები, საქალაქო სამსახურის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსები, მერის აპარატის უფროსები, შტატგარეშე მოსამსახურეები, მერიის ადმინისტრაციის უფროსი, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა. 

 

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით,  მერიამ გათავისუფლებული პირების სახელები და გვარები პერსონალურ მონაცემებად მიიჩნია და ეს ინფორმაცია ორგანიზაციას მიაწოდა, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რაიონების ყოფილი გამგებლებისა. 

 

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2014 წლის 8 სექტემბერს თბილისის მერიიდან 2014 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით მერიისადმი დაქვემდებარებული სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 


„სამართლიანმა არჩევნებმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2014 წლის 12 სექტემბერს გაავრცელა განცხადება თბილისის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიმართ პირადი განცხადების საფუძველზე  სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელეული ზეწოლის  სავარაუდო ფაქტების თაობაზე.


განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მოქალაქეთა განცხადებით, „2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის ,,ნებაყოფლობით” დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით.


მათი განცხადებით, მსგავს უკანონო ქმედებებში, როგორც წესი, მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ და სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ.


“ადგილი აქვს, ასევე, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარასაც… იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება  აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება. ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ. სისხლის სამართლის კოდექსი 169-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ,,პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი