ახალი ამბები

რას შეცვლის ახალი კანონპროექტი ნარჩენების მართვის კუთხით

25 სექტემბერი, 2014 • • 1788
რას შეცვლის ახალი კანონპროექტი ნარჩენების მართვის კუთხით

ქალბატონო ნელი, რა იცვლება ნარჩენების მართვის სფეროში ახალი კანონმდებლობით?


გაჩნდა აუცილებლობა, რომ ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი საკანონმდებლო ველი, სადაც დარეგულირებული იქნება ნარჩენების მართვა. დღემდე ქვეყანაში არ არსებობდა ერთიანი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დააწესებდა ან შეიმუშავებდა ნარჩენების მართვის ერთიან საკანონმდებლო სისტემას. რეგულაციები, რომელიც ნაწილობრივ არსებობდა სხვადასხვა საკანონმდებლო სივრცეში სრულად ვერ ასახავდა დღევანდელ რეალობას. ამასთან, არ იყო შესაბამისობაში საერთაშორისო მოთხოვნებთან, მათ შორის ნარჩენების მართვის თაობაზე ევროდირექტივების მოთხოვნებთან. ამ კანონპროექტის მიღების კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნათლად უნდა უზრუნველყოს (ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან და მასთან შესაბამისობაში მოყვანა).


პრემიერ-მინისტრის დავალებით სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი „ნარჩენების მართვის შესახებ“, რომელსაც საქართველოს მთავრობას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ. შემდეგ წავა პარლამენტში. კანონმდებლობის შემუშავებაში დაგვეხმარა ევროკავშირის ნარჩენების მართვის თვინინგის პროექტი. გავიზიარეთ ყველა იმ ქვეყნის გამოცდილება, რომლებსაც საუკეთესო პრაქტიკა გააჩნიათ.


რაც შეეხება სანქციებს – კანონპროექტში განისაზღვრება ყველა ის პასუხისმგებელი ორგანო, რომელსაც ნარჩენებთან დაკავშირებით კონტროლი დაევალება. ეს იქნება გარემოს დაცვის სამინისტრო, თვითმმართველი ერთეული და შს სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.


სანქციები იქნება სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენებით, საკანალიზაციო ნარჩენებით დაბინძურებასთან დაკავშირებით, ნაგავსაყარებთან მიმართებაში, ასევე ტრანსპორტირების პროცესში გარემოს დანაგვიანებაზე.


ჯარიმები იწყება 50 ლარიდან და შესაძლოა ავიდეს დიდ თანხაზე. ზედა ზღვარს ჯერ ვერ ვაკონკრეტებთ, ვიდრე არ შევა პარლამენტში კანონპროექტი. საბოლოო ვერსია როგორც კი იქნება, შევძლებთ ზუსტი თანხის დასახელებას. მთავარი რაც შემოაქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ რეალურად აღდგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, ტრანსპორტირების, გადამუშავების პრაქტიკა. დაწესდება გარემოსთვის უსაფრთხოდ განთავსების რეგულაციები. ეს მოხდება ეტაპობრივად, იქნებიან ჩართული პროდუქციის მწარმოებლები, ბიზნესსექტორი… სწორედ ამ მიზნით ინტენსიურად კონტაქტობს გარემოს დაცვის სამინისტრო ბიზნესსექტორთან.

ნელი კორკოტაძე, ფოტო: საზოგადოებრივი რადიო
ნელი კორკოტაძე, ფოტო: საზოგადოებრივი რადიო

მოქმედი კანონმდებლობით რა სახის ჯარიმებია გათვალისწინებული ნარჩენების დაყრაზე?


თუ განვიხილავთ სამშენებლო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრის, გატანის, გადაზიდვის ან დასუფთავების წესების დარღვევას, ჯარიმები მერყეობს 200-დან 1000 ლარამდე. წყლის ობიექტების დაბინძურებაზე, დანაგვიანებაზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ან სხვაგვარი ნარჩენების ჩაყრაზე ჯარიმები განისაზღვრება 200-დან 300-ლარამდე. მიწის გაუარგისებაზეც არსებობს შესაბამისი ჯარიმა, საწარმოო და სხვა ნარჩენებით დაბინძურებაზე – 500-დან 800 ლარამდე. ასევე თუკი ტყის ფონდში ხდება დანაგვიანება, ამაზეც ჯარიმაა.


როგორ აკონტროლებს პროცესს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი?


დეპარტამენტს ჰყავს თავისი ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე პატრულირებენ და ახორციელებენ კონტროლს. ასევე საწარმოების ინსპექტირების დროს საკმაოდ დეტალურად კონტროლდება ნარჩენები. ახალ კოდექსს შემოაქვს ადეკვატური და სრულყოფილი ნორმები, რომ უფრო მარტივი იყოს პრობლემის იდენტიფიცირება. საწარმოები, ფიზიკური თუ იურიდიული პირები იქნებიან ინფორმირებული, როგორ უნდა მართონ ნარჩენები. იმ შემთხვევაში თუკი ვაწყდებით დარღვევას, დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამის სამართალდარღვევის ოქმს, შემდეგ ოქმი იგზავნება განსახილველად სასამართლოში და მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე. ჩვენ ვაფიქსირებთ სამართალდარღვევას და ვახდენთ მის იდენტიფიცირებას.


მოქმედი კანონმდებლობით თვითმმართველ ქალაქებსაც აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ კონტროლი თუ თვითმმართველობის ტერიტორიაზე გარემო ნარჩენებით ბინძურდება. შსს შესაბამის დანაყოფებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ შეადგინონ ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებით ოქმი, მათ შორის ვიდეოკამერებით დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზეც, ანუ ახალი კანონი უფრო სრულყოფილად და დეტალურად ასახავს ყველა იმ დარღვევას, რა დარღვევაც შეიძლება ჩაიდინონ მოქალაქეებმა ან იურიდიულმა პირებმა. გაწერილი იქნება სანქციები კონკრეტული დარღვევებისთვის. ამჟამად ვმუშაობთ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რომ იცოდნენ რა არის კანონის მოთხოვნა. როცა მოქალაქემ იცის, ნარჩენების დაყრაზე საკმაოდ მაღალი სანქცია არსებობს, ეს ერთგავრი პრევენციაა.


საუბრობთ ცნობიერების ამაღლებაზე, არის თუ არა დაგეგმილი რაიმე ღონისძიება ამ კუთხით?


უკვე დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია – „ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე გარემოზე“, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს. ბუნებრივია, ახალი კოდექსის ამოქმედებამდეც და ამოქმედების შემდეგაც ინტენსიურად ვიმუშავებთ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ნარჩენები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, მათი შვილების მომავალზე. ძალიან მნიშვნელოვანია, გარემო არ დავაბინძუროთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი