ახალი ამბები

პრემიერი: ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები ჩვენ გაცილებით უფრო მაღლა ავწიეთ

25 სექტემბერი, 2014 • • 1243
პრემიერი: ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები ჩვენ გაცილებით უფრო მაღლა ავწიეთ

„OGP“-ის წევრი ქვეყნების მეთაურთა უმაღლესი დონის შეხვედრას გაერო-ს შტაბბინამ უმასპინძლა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველო ამ შეხვედრაზე პირველად წარდგა როგორც მმართველი კომიტეტის წევრი. მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. მაღალი დონის შეხვედრაზე სამიტის მონაწილეებს „OGP“-ის 64 წევრი ქვეყნიდან 9 ქვეყნის მეთაურებმა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიმართეს. პრემიერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო ღია გახდეს მთავრობა მოქალაქეებისათვის და ფართო უფლებამოსილება მიენიჭოთ მათ.


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი


„ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას. ჩვენმა ინიციატივებმა დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია და მაღალი შეფასებაც მიიღო, მათ შორის, გაერო-ს ჯილდოების სახით. ჩვენი ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია სათემო ცენტრები. ეს არის სოფლის განვითარების კრეატიული გზა, რომლის მიზანია რეგიონულ დონეზე მოქალაქეთა გაძლიერება და ერთი ფანჯრის პრინციპით მათთვის სახელმწიფო მომსახურების მიწოდება. სათემო ცენტრებში თავმოყრილია თანამედროვე ტექნოლოგიები, საჯარო და კერძო მომსახურება, განახლებული ბიბლიოთეკა და უზრუნველყოფილია სამოქალაქო ჩართულობისათვის ერთიანი სივრცე. შედეგად, ჩვენ შეგვიძლია, ადგილობრივ დონეზევე გავუმკლავდეთ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევას. ახალმა მთავრობამ დადო პირობა, რომ კიდევ უფრო გაზრდიდა ანგარიშვალდებულებას საკუთარი მოქალაქეების წინაშე და მუდმივად ინფორმირებული ეყოლებოდა საზოგადოება თავისი საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით მინისტრები ღია მმართველობის ეგიდით ატარებენ ყოველთვიურ პრესკონფერენციებს, რათა ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას თავიანთ დარგებში მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ და პირადად გასცენ პასუხები მედიისა და მოსახლეობის შეკითხვებს“, − განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.


მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ცვლილება განხორციელდა ინფორმაციის თავისუფლების კუთხით.


„ჩვენ გაცილებით უფრო მაღლა ავწიეთ ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებს დავაკისრეთ ახალი ვალდებულებები, რომ მათ პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია. ჩვენ ვამაყობთ, რომ გასულ წელს ჩვენს მიღწევებს ამ მიმართულებით ხაზი გაესვა „OGP“-ის ლონდონის სამიტზე. საქართველო იმ შვიდ ფინალისტ ქვეყანას შორის იყო, რომლებმაც ნათელი დემონსტრირება მოახდინეს იმისა, თუ როგორ იცვლება მოქალაქეების ცხოვრება ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის პირობებში“, − აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.



პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება საერთო მიზნის ერთგული − იყოს ჭეშმარიტად ღია, თანამონაწილე, თანამშრომლობისთვის მზად მყოფი და ანგარიშვალდებული მთავრობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს „OGP“-ის წევრობას და ინიციატივაში მონაწილეობას. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერის მისასალმებელ სიტყვაში აქცენტები გაკეთდა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე.



„ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ ვართ გამჭვირვალე მთავრობა, რომ ღიაობა მმართველობის სფეროში არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი… როგორც საქართველოს პრემიერის, ისე აშშ-ის, საფრანგეთის, ინდონეზიისა და სხვა ქვეყნების მეთაურების მხრიდან, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მთავრობა ცივილიზებულ სამყაროში უნდა აღიქმებოდეს როგორც მოქალაქეების მეგობარი. ამიტომ საჭიროა უფრო მეტი კავშირი სამოქალაქო საზოგადოებასა და, საერთოდ, საზოგადოებასთან… მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა არის მათი საიმედო პარტნიორი და ჩვენი მთავრობა არის სწორედ ასეთი მთავრობა“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.


სამიტის მონაწილეებს მიმართეს მოქმედი მმართველი კომიტეტისა და ახლად არჩეული ქვეყნების ლიდერებმა. სამიტის მონაწილეებს მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა.


ღია მმართველობის წევრმა ქვეყნებმა საქართველო სამეთვალყურეო კომიტეტის წევრად 2 წლის ვადით აგვისტოში აირჩიეს. წელს პირველად კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდა. ღია მმართველობის პარტნიორობის განახლებული მმართველი ორგანო მუშაობას 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება, მმართველი კომიტეტის ახალარჩეული წევრების პირველი შეხვედრა კი დღეს და ხვალ ნიუ-იორკში შედგება. მმართველი კომიტეტის ფუნქციაა ღია მმართველობის პარტნიორობის სტრატეგიული მართვა, საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან 11 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები. ცალკე კვოტა აქვს გამოყოფილი სამოქალაქო საზოგადოებას. ღია მმართველობის პარტნიორობა მსოფლიო ინიციატივაა, რომელიც 64 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა. საქართველო პარტნიორობას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა. ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივა (Open Government Partnership) ეკუთვნით აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფს, რომელიც მათ 2011 წელს 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს.


ეს ინიციატივა დღეს 64 სახელმწიფოს აერთიანებს. მთავრობამ უკვე დაამტკიცა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად შემუშავებულია ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში საქართველოს 15 ქალაქში გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია 27 ვალდებულება. გეგმის სრული ვერსია გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.justice.gov.ge. ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობას ეროვნულ დონეზე კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი