ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში

24 სექტემბერი, 2014 • • 1153
პრემიერი:  საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში

პრემიერის განმარტებით, დღეს საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში, განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაშია.


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თვალში საცემია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა.


„ქვეყანაში  ბიზნესისთვის ხელსაყრელი სტრატეგიები, მჭიდრო რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე კიდევ უფრო გაააქტიურებს ეკონომიკურ ზრდას და მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს,“–აღნიშნა პრემიერმა.


მან  ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. პრემიერ–მინისტრის თქმით, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ინიციატივები, რომელთა მიზანიც რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდაა.


„ფართომასშტაბიან დონეზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსდა ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია. მათ შორის არის საქართველოს პარტნიორობის ფონდი, რომელიც ინვესტიცებს ახორციელებს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებსა და სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის ფონდებში. მიკროდონეზე კი ჩვენ ახლახან წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა (26 მილიონი დოლარი), რომელსაც ჰქვია „აწარმოე საქართველოში“. ამ ინიციატივის მიზანია მცირე წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების მხარდაჭერა,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მან მოუწოდა ბიზნესმენებს, გამოიყენონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ისინი  თბილისში,  საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე– „საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის“ მიიწვია.


„ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია ხელის შემწყობის როლის შესრულება, მაგრამ სწორედ ბიზნესმენებზეა დამოკიდებული ამ შესაძლებლობის გამოყენება. ჩვენი სურვილია, ბიზნესმა ჩვენში დაინახოს სანდო პარტნიორი ამ წამოწყებაში. ჩემი გუნდი მზად არის თქვენთან თანამშრომლობისათვის, რათა თქვენი შემოსვლა საქართველოში იყოს მაქსიმალურად მარტივი და მომგებიანი,“–აღნიშნა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი