კინოხელოვნება

გიორგი ოვაშვილი: სიმინდის კუნძული, სადაც ამ ისტორიას ვათამაშებთ, სამყაროს მინიმოდელია

24 სექტემბერი, 2014 • • 6163
გიორგი ოვაშვილი: სიმინდის კუნძული, სადაც ამ ისტორიას ვათამაშებთ, სამყაროს მინიმოდელია

პირველ რიგში, მოგვიყევით ფილმის შექმნის ისტორია, როგორ გაჩნდა იდეა, როდის დაიწყეთ ფილმზე მუშაობა, ვისთან ერთად და სხვა დეტალები. 

 

“გაღმა ნაპირის” გადაღების შემდეგ დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი ფილმის სიუჟეტი, თემა. ამიტომ ხშირად მივდიოდი ბატონ ნუგზარ შატაიძესთან და ბევრს ვსაუბრობდით. ერთხელაც ასეთი რამ მიამბო: წვიმების სეზონზე მდინარე ენგურს კავკასიონიდან ძალიან ნოყიერი ნიადაგი მოჰქონდა, რომელიც გაიშლებოდა დაბლობზე,  მდინარის ნაპირებზე, ან შუაგულში. იქაურ გლეხებს ამ მიწაზე სიმინდი მოყავდათ. გარკევული დროის მერე ჩვენ დავიწყეთ სცენარზე მუშაობა, გავყევით ისტორიას, სიუჟეტში სამი პერსონაჟი მოვიყვანეთ: ბაბუა, ანუ მოხუცი გლეხი, – ცენტრალური ფიგურა, რომელზეც აშენდებოდა მთელი ისტორია, გოგონა, – შინაგანი კონფლიქტისთვის, რომელიც ბაბუას საქმიანობაში ეხმარება, და ახალგაზრდა კაცი, – მტრის მხრიდან მოსული, რომელიც სიუჟეტში გარკვეულწილად უცნაურ სამკუთხედს შეკრავდა. სიმინდის კუნძული, სადაც ჩვენ ამ ისტორიას ვათამაშებთ, გარკვეულწილად სამყაროს მინიმოდელია. ეს კუნძული გაზაფხულზე ჩნდება, ასრულებს თავის მისიას, მერე შემოდგომის წყალდიდობებზე ისევ მდინარეს მიაქვს.

 

ფილმის მთავარი გმირი არაპროფესიონალია. წინა ფილმის მთავარი გმირიც ამ ნიშნით შეარჩიეთ. რატომ ანიჭებთ უპირატესობას იმ ადამიანებს, ვისაც სამსახიობო გამოცდილება არ აქვს, როგორ აარჩიეთ ფილმის მთავარი გმირი ?

 

საქართველოს მასშტაბით ყველა ამ ასაკის გოგო, მგონი, ნანახი მყავს. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა მომწერა, ალბათ, შენი ახალი ფილმისთვის შერჩეული გყავს პერსონაჟი, მაგრამ მე მაინც გიგზავნი ერთი გოგონას ფოტოს, ალბათ, სწორედ ასეთს ეძებდიო. მას ამ გოგონაზე არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა. პირველი ის დავადგინეთ, რომ ფოტო ქართველ ფოტოგრაფ ლევან ჩხატარაშვილს ეკუთვნოდა, მერე ინტერნეტში ფოტოზე ვნახე.

 

უამრავი ადამიანი მწერდა, ვიღაც ამბობდა, მონასტერში გალობსო, ვიღაც – ამა და ამ მამაოს მრევლიაო. ჩავრთეთ ძებნაში საეკლესიო პირები, მაგრამ უშედეგოდ. ერთკვირიანი გამოძიების შედეგად, როცა უკვე პოლიციაც და განათლების სამინისტროც ჩავრთეთ ძებნაში, ვიპოვნე. მარიამი ცხინვალთან, კონფლიქტის ზონასთან ახლოს ცხოვრობს. ბავშვი რომ შემოვიდა, სამი წლის წინანდელი ფოტოსგან განსხვავდებოდა, გაზრდილიყო, მაგრამ მე მაინც მივხვდი, რომ სწორედ ის იყო, ვისაც ვეძებდი. მარიამს კინოში გადაღება რომ შევთავაზე, თავი დააქნია. ის საერთოდ არ ლაპარაკობდა, კონტაქტში არ შემოდიოდა. ჩუმად ყოფნა უყვარს.

 

ჩემი ფილმისთვის ყოველთვის ვეძებ განსხვავებულ ტიპაჟებს თავისი ინდივიდუალური ისტორიებით. მარიამი რაღაც სრულიად სხვა სამყაროდანაა. ისევე, როგორც თედო ბექაური “გაღმა ნაპირში” ბედმა გამომიგზავნა, თან რეალურია, თან არარეალური. მარიამი ძალიან ჩაკეტილი ბავშვია, რთულია რამე ათქმევინო, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი შინაგანი ბუნება, მორიდებულობა, უკონტაქტობა დაეხმარა ამ როლის შექმნას, ამ გმირის ხასიათთან ძალიან ახლოს იყო.

 

გიორგი ოვაშვილის ფილმმა
გიორგი ოვაშვილის ფილმმა ‘სიმინდის კუნძული’ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მტავარი პრიზი მოიპოვა. @epa, 12.07.2014

ფილმში დიალოგები მინიმუმამდეა დაყვანილი, რატომ?


ფილმი არის აფზახურ ენაზე, დიალოგი არის მინიმალისტური, ენის არცოდნის შემთხვევაშიც იდეა და შინაარსი ბუნდოვანი არ რჩება. ჩვენ ვეცადეთ ჩვენი სათქმელი კადრებით გადმოგვეცა.

 

“სიმინდის კუნძული”, ისევე როგორც “გაღმა ნაპირი”, აფხაზეთს  უკავშირდება, რატომ გაინტერესებთ ეს თემატიკა განსაკუთრებულად?

 

პერსონაჟები – ბაბუა და შვილიშვილი აფხაზები არიან. დიალოგი ფილმში არის ძალიან მცირე, შეიძლება ითქვას, რომ 100 წუთიდან სულ 4-5 წუთი ეთმობა და ამ საუბარს უფრო ინფორმაციული დატვირთვა აქვს. რატომ გავაგრძელე ქართულ-აფხაზური თემა ახალ ფილმში? –  ამ პრობლემას განვიცდი და მტკივა. ვფიქრობ, რომ კიდევ ძალიან ბევრია ამ მიმართულებით სათქმელი. საერთოდ, კინოამბის თხრობისას მე არასდროს მიყვარს წერტილის დასმა იმიტომ, რომ წერტილი არ არსებობს, ყველაფერი გრძელდება, ცხოვრებაც წერტილის გარეშე მიდის. მაყურებელმა უნდა გააგრძელოს იმ ისტორიის ხედვა, მას უნდა მივცეთ ფიქრის საშუალება.

 

ჩვენ არ ვეძებთ “დამნაშავეს“, ეს არ არის ჩვენი მიზანი. სწორედ ეს ფაქტი გვაძლევს საშუალებას ვიყოთ მიუკერძოებელნი.

 

“წყალს მოაქვს სიცოცხლე, მიწას- ომი”, საინტერესოა ამ მინიშნების ამოხსნა.


მდინარეს მოაქვს სიცოცხლე, მიწას მოაქვს ბრძოლა (the river brings life, the land brings struggle) – ეს ფრაზა არის ფილმის  თაგლაინი და ფილმის შინაარსს ეხმიანება.

 

ტექნიკურად როგორ მოამზადეთ გადასაღები მოედანი, რა სირთულეებს წააწყდით?


The Hollywood Reporter-ი ჩვენზე  წერდა: “ეკრანზე ვერ ვხედავთ ვერანაირ სირთულეს, მაგრამ თუ კარგად ჩავხედავთ, ფილმის მიღმა რა წარმოებაა  ჩატარებული, შეიძლება ჰოლივუდის სტუდიების დიდ ფილმებსაც კი შეშურდეთ ასეთი ფილმის წარმოება…” ამგვარი შეფასება ჩემი ფილმის წარმოებისთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია, მთელმა კინოჯგუფმა თავგანწირვით იმუშავა. კუნძულის აშენება ტყიბულის შუა წყალსაცავში  რთული იყო. ამის გამოცდილება არავის არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ევროპაშიც ვერ მოვიძიეთ კომპანია, რომელიც კუნძულს ააშენებდა, ვერავინ აიღო ეს პასუხისმგებლობა. რამდენიმე კომპანიამ საქართველოში იმუშავა, ჩაატარეს კვლევები, გაზომეს, გააკეთეს პროექტი, მაგრამ ბოლოს ყველა უარს ამბობდა: – ამას ვერ შევძლებთ, ხელოვნური კუნძული დაიშლება, ჩაიძირება, ვერ გავაჩერებთ ამსიღრმე წყალშიო, – გვეუბნებოდნენ. უცებ გამოჩნდა მშენებელი თემურ ალბექიონი, რომელმაც თქვა: – მე ამას 4 კვირაში გავაკეთებ, თქვენ ადგილი მაჩვენეთო. თავიდან შეგვეშინდა, არარეალურად მოგვეჩვენა, გამოცდილება რად მინდა, ავდგები და ავაშენებო! – იმედიანად მიპასუხა. ამ კუნძულის გარდა, მეორე კუნძულის აშენებაც მოგვიწია. ჯერ აუზი გავაკეთეთ, სადღაც მინდორში მდინარიდან წყალგაყვანილობის სისტემა შემოვიყვანეთ და შევქმენით კუნძულის მინიმოდელი, სადაც გადავიღეთ ფილმის ბოლო სცენები, – როდესაც ეს კუნძული უნდა დაიშალოს, ჩაიძიროს, დაიტბოროს იმიტომ, რომ შემოდგომაზე ეს კუნძულები მდინარეს მიაქვს. ასეთი მუშაობა ჩემთვის და ჩემი ჯგუფისთვის იყო უზარმაზარი გამოცდილება.

 

გიორგი ოვაშვილის ფილმი სიმინდის კუნძული
გიორგი ოვაშვილის ფილმი სიმინდის კუნძული

ფილმი არის რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქცია, გქონდათ პრობლემა დაფინანსების კუთხით, როგორ დაძლიეთ ეს წინაღობა?

 

“სიმინდის კუნძული” ინტერნაციონალური პროექტია და გადამღები ჯგუფი 12 ქვეყნის პროფესიონალი კინომატოგრაფებით არის დაკომპლექტებული. ევ­რო­პელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მხა­რი და­უ­ჭი­რონ რე­ჟი­სო­რის შემ­დ­გომ ნაბი­ჯებს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თ­ვის. რე­ჟი­სორს ეს ფაქტი დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს, ამ სივ­რ­ცე­ში იღ­ვა­წოს. ამ­გ­ვა­რი მხარ­და­ჭე­რა ნიშ­ნავს, რომ შენ სა­ჭი­რო ხარ.

 

„სიმინდის კუნძულის“ ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. პროექტმა თავიდანვე დააინტერესა საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის – ევრიმაჟის დაფინანსებაც მოიპოვა. შესაბამისად, ქართულ მხარესთან, კონკრეტულად კი ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ფილმის დაფინანსება საკუთარ თავზე რამდენიმე ქვეყანამ აიღო. საბოლოო ჯამში, ფილმი 6 ქვეყნის (საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ყაზახეთი, უნგრეთი) კოპროდუქციაა.

 

საქართველომ “სიმინდის კუნძული” წარადგინა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში. გვითხარით თქვენი მოლოდინი და რამდენად მნიშნელოვანია აღნიშნულ კინოფესტივალზე „სიმინდის კუნძულის“ მონაწილეობა?

 

ეს ფაქტი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფილმისთვის. ვფიქრობ, ასე იმიტომ მოხდა, რომ მთელმა ჯგუფმა თავდადებით იმუშავა. “სიმინდის კუნძულის” გადაღებების დროს არ ვფიქრობდი პრიზებზე, არანაირ ფესტივალებზე, ჩემი ამოცანა იყო, ფილმი წარმატებით დამესრულებინა. ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა. ორგანიზატორებმა თავიდანვე ემოციურად მიიღეს ჩვენი ფილმი. ფესტივალის დირექტორმა ასეთი წერილი გამოგვიგზავნა: “ხვალ არის ჩემი დაბადების დღე და თუ გიორგი ოვაშვილი დაგვთანხმდება ფესტივალში მიიღოს მონაწილეობა, ეს იქნებოდა ჩემთვის დიდი საჩუქარი.” 


ფილმი აგრძელებს თავის საფესტივალო ცხოვრებას, სწორედ დღეს (23 სექტემბერს) გავიგეთ, რომ ქართულ პრემიერამდე ერთი დღით ადრე “სიმინდის კუნძული” Split Film Festival-ის გრანპრის მფლობელი გახდა.

 

როგორია თქვენი გეგმები? ხომ არ მუშაობთ ახალ პროექტზე?


დიახ, უკვე აქტიურად ვმუშაობთ. “ხიბულა” – ასე ერქმევა ფილმს, რომელიც გარკვეულწილად ტრილოგიას შეკრავს. ხიბულა ეს არის სოფელი სამეგრელოში, სადაც ერთ-ერთ ოჯახში საქართველოს პირველი პრეზიდენტი გარდაცვლილი ნახეს.  ეს თემა ბურუსითაა მოცული და არ არსებობს ერთი სინამდვილე. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, ვინც უშუალოდ იყო ამ პროცესების მონაწილე, ცოცხალი აღარ არის, მაგრამ დანარჩენებს შევხვდით და მოვუსმინეთ. დეტალურად შევისწავლეთ ის გზა, რომელიც პრეზიდენტმა თავის თანმხლებთან ერთად გაიარა ბოლო 50 დღის განმავლობაში. შევეცადე, ფილმი დაფუძნებული იყოს რეალურ მოვლენებზე. სცენარზე ინტენსიურად ვმუშაობთ ჰოლანდიელ სცენარისტ რულოვ იან მინებოსთან ერთად, რომელიც “სიმინდის კუნძულის” ერთ-ერთი სცენარისტიც გახლდათ.

 

ეს იქნება დრამა, ოღონდ არც ბიოგრაფიული, არც დოკუმენტური, ეს იქნება მხატვრული კინოსურათი, რომელიც ასახავს ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო დღეებსა და დაფუძნებული იქნება 1993 წელს მომხდარ რეალურ მოვლენებზე. ისტორია ლიდერისა, რომელმაც დაკარგა ძალაუფლება და  საკუთარ თავთან მარტო დარჩა.

 

ამ თემის კინოში გადატანა უკვე 15-20 წელია მინდა, მაგრამ აქამდე არ იყო ამისთვის მომზადებული დრო. ახლა კი ვფიქრობთ, რომ ეს დრო მოვიდა. პროექტი ადგილიდან დაძრულია, ახლა ვიწყებთ კინობიუჯეტზე მუშაობას, – ჩართულები არიან კოპროდიუსერები, ფრანგული, გერმანული, ყაზახური მხარე. ფინანსების მოძიება გრძელდება და ვფიქრობ, ამ ფილმისთვის ბიუჯეტის შევსება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ეს იყო “სიმინდის კუნძულის” შემთხვევაში. ამ პროექტით მინდა ამოვწურო საქართველოს უახლესი ისტორიის ეს ურთულესი პერიოდი, აფხაზეთის პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მაწუხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი