ახალი ამბები

შსს-მ რვა მსაჯი დააკავა

24 სექტემბერი, 2014 • • 983
შსს-მ რვა მსაჯი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც სამინისტროს ცნობით, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ.


“ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.


გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.

 

სულ საქართველოში ეროვნული კატეგორიის 14 მთავარი მსაჯი და 12 ასისტენტი მუშაობს, ხოლო საერთაშორისო კატეგორიის [ფიფა] – 3 მთავარი მსაჯი და 6 ასისტენტი. ფიფას კატეგორიის არბიტრს საერთაშორისო ეგიდით გამართული მატჩების მსაჯობაც შეუძლია, ხოლო ეროვნული კატეგორიის არბიტრი საქართველოს უმაღლესი ლიგის თამაშებს უძღვება.

 
ფეხბურთის ფედერაცია ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს. უწყებაში საგანგებო ბრიფინგი 20:00 საათისთვისაა დანიშნული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი