ახალი ამბები

რატომ შეუცვალა თბილისის საკრებულომ სარეკრეაციო ზონაში გაყიდულ მიწას სტატუსი

24 სექტემბერი, 2014 • • 2657
რატომ შეუცვალა თბილისის საკრებულომ სარეკრეაციო ზონაში გაყიდულ მიწას სტატუსი

წყნეთის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთს გერმანიის საელჩო ფლობს. მიწა სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის წესით ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა, ხოლო თბილისის საკრებულოს მიწის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით გარიგების დასრულების შემდეგ მიმართა.  

 

თბილისის საკრებულოს “თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა რეგულირების კომისიის” 28–ე ოქმის თანახმად, 2014 წლის 23 სექტემბერს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს საცხოვრებელი “ზონა 6″–ის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ შენობის აგება გახდება შესაძლებელი.

 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ლანდშაფტურ–რეკრეაციული სტატუსის მქონე მიწის გაყიდვის უფლება არ ჰქონდა:  


“როცა განხილვაზე გამოვიდა ეს საკითხი პარასკევს საკრებულოს კომისიაზე, მეც და “რესპუბლიკელებიც” და “ოცნების” რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით. ეკონომიკის სამინისტროს წარმოდგენელს დოკუმენტაცია უკან დავუბრუნეთ და მწვავედ გავაკრიტიკეთ. ეკონომიკის სამინისტრომ ისე გადასცა გერმანულ მხარეს ეს მიწა, რომ არც შეგვითანხმეს და საკრებულოს კომპეტენციაში შემოიჭრნენ. რა იცოდნენ, რომ სტატუსს მოვუხსნიდით, როცა ეს მიწა ლანდშაფტურ რეკრეაციული ზონა იყო?!” 

 

ელისაშვილის ინფორმაციით, სტატუსშეცვლილ მიწის ნაკვეთზე გერმანული სკოლა გერმანიის  საელჩოს დაფინანსებით უნდა აშენდეს:

 

“მაგრამ რაღა ლანდშაფტურ ზონაში შენდება? ხომ შეიძლებოდა სხვაგან აშენებულიყო?! პირადად მე ასეთ პროექტებს დეპრესიული უბნების ამოსაქაჩად გამოვიყენებდი. კომისიაზე ეს საკითხი ჩავარდა და შემდეგ სხდომაზე გამოიტანეს. ძალიან მიუღებელია. დაუშვებელია ლანდშაფტური ზონისთვის ხელის ხლება. ახლაც აღმაშფოთებელია, რაც არ უნდა კეთილი იდეა ხორციელდებოდეს.” 

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრის დავით ზურაბიშვილის ინფორმაციით, სხდომაზე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლას მხარი “რესპუბლიკელებმა” და საკრებულოს უმცირესობის წევრებმა არ დაუჭირეს: 

 

“მშენებლობა სად შეიძლება და სად არა, ამას ადგენს მერია და საკრებულო. ეს არის თვითმმართველობის კომპეტენცია. არსებობს ზონალური დაყოფა. ეს ადგილი იყო სარეკრეაციო ზონა. სარეკრეაციო ზონაში მშენებლობები არ შეიძლება. როცა ეკონომიკის სამინისტრომ მიჰყიდა გერმანიის საელჩოს ეს მიწა, საელჩოს მოთხოვნა იყო, რომ იქ უნდა გაკეთებული საგანმანათლებლო ცენტრი და აშენებულიყო გერმანული სკოლა. ეკონომიკის სამინისტრომ ეს არ გაითვალისწინა, რომ იყო სარეკრეაციო ზონა და ამის შემდგომ მოგვმართეს. გვითხრეს, მიწა გაყიდული გვაქვს, საელჩო სკოლას ვერ აშენებს, რადგან სარეკრეაციო ზონაა. ამ მოთხოვნით იყვნენ შემოსული საკრებულოში და პრინციპში თვითონაც აღიარებდნენ, რომ ეს არ არის სწორი. მიმაჩნია, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას იღებ, მანამდე უნდა გაარკვიო, შეიძლება თუ არა იქ მშენებლობა. რადგან ეს ასეთი პრეცედენტია, საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩართულია და უხერხულობა რომ არ შეიქმნას გერმანიის საელჩოსთან, ამ კონკრეტულ სარეკრეაციო მონაკვეთს ზონის სტატუსი შეეცვალა და საკრებულომ მხარი დაუჭირა”. 

 

ეკონომიკის სამნისტროს ქონების მართვის სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ მიწის ნაკვეთის გასხვისება მთავრობის მიერ 2014 წლის  13 მარტს მიღებული 435 განკარგულების საფუძველზე მოხდა:

 

“ამ განკარგულების საფუძველზე გადაეცა აღნიშნული ქონება გერმანულ სკოლა–ლიცეუმს. სკოლა უნდა აშენდეს. სახელმწიფო სკუთრებაში იყო ქონება, რომელიც პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ.”

 

თუმცა, რატომ არ მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ გარიგების დასრულებამდე თბილისის საკრებულოს და არ მოითხოვა მიწის სტატუსის შეცვლა ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოში, ამ კითხვაზე ვერ პასუხობენ. 

რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა
რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა

რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა
რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი