ახალი ამბები

გეგეშიძე: Foreign Policy-ის ჟურნალისტმა უზუსტობა დაუშვა

24 სექტემბერი, 2014 • • 1128
გეგეშიძე: Foreign Policy-ის ჟურნალისტმა უზუსტობა დაუშვა

ამის შესახებ არჩილ გეგეშიძემ ნიუ–იორკში, ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში განაცხადა.  

 

საქართველოს ელჩი აშშ–ში ფიქრობს, რომ  Foreign Policy–ის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო:

 

“თუ დადგა ეს საკითხი, ისევე, როგორც სხვა საკითხები, საქართველოს ხელისუფლება ამას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება. განიხილავს მის ყველა დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს პასუხი არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე დასტურს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც ახალგაზრდა კაცი ჩანს, როგორც ჩანს, უცხოურ მედიაშიც კვალიფიკაციის პრობლემა ხანდახან არსებობს, ეს უზუსტობა დაუშვა. მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს”, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ

 

საქართველოს ხელისუფლება მზადაა ქვეყნის ტერიტორიაზე ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლი სირიელი მეამბოხეები გაწვრთნას. ამის შესახებ ინფორმაციას foreign policy ავრცელებს თეთრი სახლის ერთ-ერთ ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

 
 

ჟურნალისტი ჯონ ჰადსონი წერს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლი სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა  ქართულმა მხარემ აშშ-ს შეთავაზა ობამას ადმინისტრაციასთან ურთიერთობების პოტენციური გაღრმავების მიზნით:

 

“[საწვრთნელი ცენტრი] იყო რაღაც ისეთი, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მაგრამ ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა”, – გამოცემის ცნობით, განაცხადა საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ, რომელმაც ზემოხსენებული ინფორმაცია დაადასტურა.

 

ჯონ ჰადსონის წერს, რომ გეგეშიძის თქმით, საწვრთნელმა ცენტრმა “ისლამისტური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლებს სირიის გარდა  შესაძლოა სხვა ქვეყნებმაც უმასპინძლონ:

 

“ეს არის კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრი ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის”, – სტატიის მიხედვით ამბობს გეგეშიძე.

 

ჯონ ჰადსონის ცნობით, საწვრთნელი ცენტრის საქართველოში მოწყობის გეგმა ქართველმა ოფიციალურმა პირებმა თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელს შესთავაზეს დახურულ შეხვედრებზე. პენტაგონი ამ დროისთვის თავს იკავებს განაცხადოს, დათანხმდნენ თუ არა ამ წინადადებას.

 

არჩილ გეგეშიძე
არჩილ გეგეშიძე

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი