ახალი ამბები

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შემდეგ ქონება მისი დაცვის ყოფილ უფროსსაც დაუყადაღეს

23 სექტემბერი, 2014 • • 1511
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შემდეგ ქონება მისი დაცვის ყოფილ უფროსსაც დაუყადაღეს

როგორც ბექა ბასილაია აცხადებს,  ჯანაშიას ორი ინსტანციის სასამართლომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა, მათ შორის ანგარიში, რომელზეც ერიცხება პენსია, რაც ყოველთვიურად 560 ლარს შეადგენს. ადვოკატის თქმით, ასევე, დაყადაღებულია თემურ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილის, სიდედრის და ყოფილი მეუღლის ქონებაც, რაც მას უკანონო და ყოველგვარ ლოგიკურ ქმედებას მოკლებულ ფაქტად მიაჩნია:

 

“თემურ ჯანაშიას ყოველთვიურად ერიცხებოდა, როგორც სამხედრო-საპოლიციო დაცვის სამსახურის ყოფილ წარმომადგენელს, პენსია და ეს ანგარიში დაყადაღებულია. ფაქტობრივად, იგი რჩება საარსებო სახსრების გარეშე. სამართლებრივად დაყადაღების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, იქიდან გამომდინარე, რომ თემურ ჯანაშიას ედავებიან გაფლანგვას. ქონების დიდი ნაწილი, რომელიც დაყადაღებულია, მას შეძენილი აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნამდე. გადაწყვეტილება არის არაკანონიერი და დაუსაბუთებელი, მაშინ, როდესაც ყადაღას ადებენ ყოფილი მეუღლის ქონებას, ასევე, არასრულწოვანი შვილების ქონებას და საპენსიო ანგარიშს. ხომ შეიძლება, რომ რაღაც გონივრული ეჭვები გააჩნდეთ ქონებასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხები ყველაფერზე გვაქვს, მაგრამ პენსიასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება?!” – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბექა ბასილაია და თემურ ჯანაშია
ბექა ბასილაია და თემურ ჯანაშია

 

თემურ ჯანაშიას მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონოდ მიაჩნია და აცხადებს, რომ თანხები, რომელსაც ის განკარგავდა, იხარჯებოდა კანონის სრული დაცვით.

 

“იგივე სახის ხარჯს სახელმწიფო გასწევს დღესაც. ამ რვამილიონნახევარში მიწერილია დაწყებული იუშენკოს ბანაობით, დამთავრებული პრეზიდენტის მანქანების ფულით, რაც გვჭირდებოდა საზღვარგარეთ გადაადგილებისთვის. მესმის, რომ ამერიკის და სხვა დიდი ქვეყნების პრეზიდენტებს ეს მანქანები თავიანთი თვითმფრინავებით გადაყავთ, თუმცა ჩვენ მაგის საშუალება არ გვქონდა. ეტყობა, მეც მასე უნდა გამეკეთებინა, თვითმფრინავით უნდა გადაგვეყვანა ჩვენი მანქანები და ეს ალბათ გაცილებით მეტ ეკონომიას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. მათ შორის არის კიდევ სასტუმროს ხარჯები, პრეზიდენტის განკარგულების ხარჯები, მედიკამენტების ხარჯები… პიჯაკები დავუბრუნეთ,” – აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი.

 

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ამ ეტაპზე საქმე გამოძიებაშია და ჯერჯერობით სასამართლო განხილვა არ ყოფილა.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 13 აგვისტოს წარუდგინა ბრალი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისთვის, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს. მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი