ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში მცირე ბიზნესი ბრუნვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს

23 სექტემბერი, 2014 • • 1140
სომხეთში მცირე ბიზნესი ბრუნვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს

1 ოქტომბრიდან სომხეთში ძალაში შედის “ბრუნვის გადასახადი.” მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა საგადასახადო ტვირთს შეამცირებს. ახალი კანონის მიხედვით, ბიზნესმენი ვალდებულია დოკუმენტურად დაუსაბუთოს საგადასახადო ორგანოებს საკუთარი სავაჭრო ბრუნვის შესახებ და შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს. კანონი ასევე ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს მისი დარღვევის შემთხვევაში: თუკი მეწარმე არ წარადგენს შესაბამის საბუთებს, პირველ ჯერზე მისი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან, კანონის მეორედ დარღვევის შემთხვევაში, მეწარმეს 20 ათასი დრამის [დაახლოებით, 50 აშშ დოლარის] ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს. მესამე შემთხევევაზე კი ჯარიმა სავაჭრო ბრუნვის 5%-ის ოდენობა იქნება. 

 

მცირე მევაჭრეები ირწმუნებიან, რომ კანონის შესრულება წარმოუდგენელია, ვინაიდან ის პირები, ვისგანაც პროდუქციას ყიდულობენ, ხშირად თავად აცხადებენ უარს გააფორმონ შესაბამისი დოკუმენტები და არ სურთ ანგარიშ-ფაქტურით მუშაობა.

 

მოვაჭრეები ითხოვენ დაუწესონ ფიქსირებული გადასახადი. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად და ამით ხალხს მიგრაციისკენ უბიძგებენ.

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ გაუქმდეს ახალი კანონი და საკანონმდებლო ჩარჩოში პირველ რიგში მსხვილი ბიზნესმენები მოაქციონ.


მათი აზრით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მსხვილი ბიზნესმენები მცირე მოვაჭრეებს შესაბამის დოკუმენტებს მიაწვდიან, შესაძლებელი იქნება უკვე მცირე ბიზნესისგან მოითხოვოს სახელმწიფომ ბრუნვის გადასახადი.  

 

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ოვიკ აბრამიანი გავიდა და მომიტინგეებს შეპირდა, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა პრობლემებს გაეცნობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი