ახალი ამბები

ვინ დაიკავებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს

22 სექტემბერი, 2014 • • 1097
ვინ დაიკავებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს

2015 წლის თებერვალში 10 წელი გადის მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს კოტე კუბლაშვილი ჩაუდგა სათავეში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ კუბლაშვილმა პოსტი სწორედ თებერვალში უნდა დატოვოს, რადგან იგი თავმჯდომარის თანამდებობაზე 10-წლიანი ვადით იქნა არჩეული.


უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი მართლმსაჯულების სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობაა, იგი ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას, მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლების სახელით ურთიერთობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, მოსახლეობასთან და ა.შ.


კანონმდებლობის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმათა უმრავლესობით, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა შესთავაზოს.


“ნეტგაზეთს” ორმა სხვადასხვა ინფორმირებულმა ადამიანმა მოაწოდა ცნობა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი ხსენებულ თანამდებობაზე ერთ-ერთ ვარიანტად უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივნის, ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას განიხილავს და შესაძლოა, პარლამენტს სწორედ ეს კანდიდატი შესთავაზოს 2015 წლის დასაწყისში.


საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მოცემულია გარკვეული კრიტერიუმები, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს: იურიდიული განათლება, სამართლის სპეციალობით მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ასაკობრივი ცენზი და ასე შემდეგ. ირინა იმერლიშვილი კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება არ მოეთხოვება.


“უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ჰყავს ჯერჯერობით. რაც შეეხება ჩემ საკითხს, ამ თემაზე არანაირი საუბარი არც ერთ დონეზე არ ყოფილა ჩემთან. არასდროს არ ყოფილა მსგავსი თემა განხილული ჩემთან ერთად. მათ შორის, არც პრეზიდენტის მხრიდან”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.


ჩვენს კითხვას – იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტისაგან შესაბამის შეთავაზებას მიიღებს, არის თუ არა მზად, რომ უშიშროების საბჭო დატოვოს და სასამართლო ხელისუფლებაში გააგრძელოს საქმიანობა, იმერლიშვილმა ასე უპასუხა:
“არ მიფიქრია მსგავს რაღაცაზე. უნდა მოვიდეს ეს დრო და შემდეგ კი, ბატონო, ვისაუბროთ, მაგრამ არ მიფიქრია”.


ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თებერვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შესაძლოა იმერლიშვილის კანდიდატურისთვის მოუწიოთ კენჭისყრა, არც ის დეპუტატები ფლობენ მმართველი კოალიციიდან, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა. რაც შეეხება იმას, დაუჭერენ თუ არა მხარს პარლამენტში მათ ყოფილ კოლეგა იმერლიშვილს, დეპუტატები ზურაბ აბაშიძე და ლევან ბერძენიშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებენ:


“ქალბატონი ირინას კანდიდატურის წარდგენა თუ მოხდება, მხოლოდ იმის შემდეგ განიხილება საკითხი, დავუჭერთ თუ არა მხარს. ეს არ არის პირადი გადაწყვეტილება. ამაზე უნდა იმსჯელოს ცალკე პარტიამ, პარლამენტმა ცალკე და ასე შემდეგ. პირადად მე ქალბატონი ირინას მიმართ ძალიან დიდი სიმპათია გამაჩნია და მეგობრობაც მაკავშირებს, მაგრამ, თებერვალში რა და როგორ იქნება, ამ კითხვაზე პასუხი ახლა წარმოუდგენელია”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.


“ირინა დღეს არის ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე – უშიშროების საბჭოს მდივანია და სიმართლე გითხრათ, მე არ მიფიქრია, ვინ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. როცა დავფიქრდები და რა ვარიანტებიც იქნება, მერე გაგესაუბრებით. ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სასამართლო ხელისუფლების მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სტრუქტურა მოუწოდებს სხვადასხვა ანგარიშსა თუ რეკომენდაციაში. კითხვას, დაუჭერდა თუ არა იგი მხარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკოსის კანდიდატურას, აბაშიძე პასუხობს:


“მთავარია, კარგი იურისტი იყოს. ირინა კარგი იურისტია”, – ამბობს იგი და ხუმრობით აგრძელებს: “სხვათა შორის, უზენაესი სასამართლოს კარგი თავმჯდომარე მეც ვიქნებოდი. რატომაც არა? თუმცა მე შემოთავაზება არ მაქვს”.


“ნებისმიერი მოქალაქე, ვინც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შეიძლება იყოს დანიშნული”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი. მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისას პოლიტიკურ ფიგურაზე და პარტიულ კუთვნილებაზე აპელირება უმნიშვნელოა:


“ვერ გეტყვით, რომ რაიმე წესი არსებობს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, ვინ ჯობია მაგ თანამდებობაზე, მაგრამ ვის წარმოადგენს პრეზიდენტი, ვის დაუჭერს მხარს პარლამენტი, ძალიან რთული სათქმელია”, – ასე პასუხობს ბერძენიშვილი კითხვას სასამართლო ხელისუფლების სათავეში პოლიტიკური ლიდერის შესაძლო დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ. მისივე თქმით, თუ მხოლოდ სურვილზეა საუბარი, იგი ისურვებდა, რომ უზენაეს სასამართლოს სათავეში გამოცდილი მოსამართლე ჩაუდგეს.


პოლიტიკოსებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს იურისტ კახა კოჟორიძეს, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეა. კოჟორიძის აზრით, ის ადამიანი, ვინც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება, პოლიტიკისაგან მაქსიმალურად შორს უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის მიზნებიდან გამომდინარე:


“მე, მაგალითად, წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც იურიდიულ წრეებში, საზოგადოებაში ცნობილი იურისტია თავის კომპეტენციიდან გამომდინარე, ასევე, ცნობილია სამართლიანი მიდგომებით, არის ცნობილი მეცნიერი თუ უფლებადამცველი, ცნობილია ასევე, როგორც ადამიანად, რომელიც არ დაექვემდებარება ვიღაცების ზეწოლას, გავლენას, იქნება დამოუკიდებელი და ასე შემდეგ. მე ვისურვებდი, რომ კანდიდატი პოლიტიკოსი არ იყოს, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკისგან უზენაეს სასამართლოში ასარჩევი პირი, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ პოლიტიკური გავლენებისგან, კონტაქტებისგან თუ სავარაუდო კავშირებისგან თავისუფალი ადამიანი იყოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი