ახალი ამბები

მერიაში უარყოფენ, რომ პუშკინის სკვერში ხეების გადაბელვა “პანორამა თბილისს” უკავშირდება

22 სექტემბერი, 2014 • • 2017
მერიაში უარყოფენ, რომ პუშკინის სკვერში ხეების გადაბელვა “პანორამა თბილისს” უკავშირდება

“უკვე მრავალი წელია თბილისში ხეების გადაბელვაც და ზოგადად, მწვანე საფარის მართვაც სრულიად ქაოტურად და გაუაზრებლად, ერთიანი გეგმისა და სტანდარტების გარეშე ხორციელდება,”– ნათქვამია განცხადებაში

 

როგორც თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა გიორგობიანი ამბობს, მერიამ ხეები პუშკინის სკვერში 18 სექტემბერს შპს “თავისუფლების მოედანი 7”–ის მიმართვის საფუძველზე გადაჭრა. ეს კომპანია ყოფილი ცეკავშირის შენობის დემონტაჟის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ოფშორში რეგისტრირებული ფირმა “ჯი-არ-დი-სი ბ.ვ.” ფლობს. ამ ფირმის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, GRDC (საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია) თავისუფლების მოედანზე კომერციული ცენტრის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

სავაჭრო ცენტრის პროექტი თავისუფლების მოედანზე
სავაჭრო ცენტრის პროექტი თავისუფლების მოედანზე

 

ბიძინა გიორგობიანის თქმით, მიმართვის მიხედვით, ხეებს გამოცლილი ჰქონდათ საყრდენი და საშიშროებას უქმნიდნენ ობიექტზე მომუშავე პირებისა და გამვლელებს.

 

“ჩემმა თანამშრომლებმა ნახეს, რომ ჭადრის 6 ხეს ფესვთა სისტემა ცალმხრივად გამოცლილი ჰქონდა იმ მხარეს, სადაც მიმდინარეობს ეს დემონტაჟის სამუშაოები. ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხეები გადაბელილიყო 6 მეტრის სიმაღლეზე,”– თქვა ბიძინა გიორგობიანმა.

 

“საყრდენი ხეს თავისით ვერ გამოეცლება,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ერეკლე ურუშაძე.

 

“იქითა მხრიდან, სადაც კერძო, შემოღობილი ტერიტორიაა, სავარაუდოდ, ჩამოჭრეს ნიადაგი და, შესაბამისად,  ხეების ფესვები დააზიანეს,”– თქვა მან.

 

ურუშაძე ამბობს, რომ “პანორამა თბილისის” ერთ–ერთი ელემენტის აშენება სწორედ ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე იგეგმება.

 

“ლოგიკურია და ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ადგილის მოსუფთავებაც ამისთვის ხდება. უბრალოდ აქ კომპანია ვალდებულია არ დააზიანოს საზოგადოებრივი საკუთრება, ამ შემთხვევაში, ეს ხეები,”– ამბობს ის.

 

იმის სესახებ, რომ “პანორამა თბილისის” ერთი ნაწილი შეიძლება ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას აშენდეს, ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

”თბილისი-პანორამის” არსი ის არის, რომ ერთი სასტუმრო აშენდება ძველი ცეკავშირის” შენობის ადგილას.– ალბათ, ვიცით ყველამ, რა მდგომარეობაში იყო მისი კარკასი, რომელიც ქალაქს ამახინჯებდა. კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება პირობითად, ძველი თბილისის ცენტრში (ერეკლე მეორის მოედანზე), კაზინო “შანგრილას” თავზე. ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია კიდევ ერთი სასტუმროს აშენება “სოლოლაკის ბაღებში”.

 

მთელ საზოგადოებაში დანერგეს აზრი – მოდის ივანიშვილი და ქალაქს ანგრევსო. “ნაციონალებს” უნდათ ნგრევა, სურთ, ცეცხლში  ნახონ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვერ გამაჩერებენ,” – თქვა ივანიშვილმა.

ხეების გადაბელვა პუშკინის სკვერში, ფოტო აგიტ მირზოევი
ხეების გადაბელვა პუშკინის სკვერში, ფოტო აგიტ მირზოევი

 

მერიაში კი ამბობენ, რომ თანაინვესტირების ფონდს განახლებული პროექტი არ წარმოუდგენია, ამიტომაც პროექტის ფარგლებში სამუშაოები ვერ განხორციელდებოდა.

“განახლებული პროექტი, რომელიც უნდა წარმოადგინოს თანაინვესტირების ჯგუფმა, ჯერ არ არის შემოტანილი მერიაში. შესაბამისად, ის, რისი განხილვაც არ დაწყებულა, ამ პროექტის გამო ხეების გადაბელვა და მით უფრო მოჭრა, ვერანაირად ვერ დაიგეგმებოდა და განხორციელდებოდა,”– განუცხადეს “ნეტგაზეთს” მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი