ახალი ამბები

როსავიაცია: საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა

17 სექტემბერი, 2014 • • 1430
როსავიაცია: საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა

სააგენტოს ცნობით, თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის საჭირო ნებართვა შემდეგმა კომპანიებმა მოიპოვეს: “აეროფლოტი”, “ვიმ-ავია”, “გლობუსი”, “სიბირი”, “ტრანსერო”, “ურალის ავიახაზები”, “იუტეირი.”

 

რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები 2006 წელს შეწყდა, როდესაც ჯაშუშების სკანდალის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2008 წელს მცირე ხნით ფრენები აღდგა, თუმცა ომის შემდეგ კვლავ შეწყდა. 2010 წლიდან ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისები ხორციელდება. მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შესახებ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში დაიწყო, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატში.


“ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა რეგულარული რეისების აღდგენაზე, აქ გარკვეული პრობლემები იყო, მათ შორის დავალიანება იმ [ქართული] კომპანიებისა, რომლებიც უკვე აღარ არსებობენ და 1990–იან წლებში დაგროვდა ეს დავალიანება. რუსეთის მხარე ამ დავალიანების დაბრუნებას ითხოვს, ჩვენ ფორმულა გამოვნახეთ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შესაბამისი უწყებების ექსპერტები ერთმანეთს შეხვედებიან ახლო მომავალში და ამ რეგულარული რეისების აღდგენის საკითხსაც მოაგვარებენ”, – განაცხადა 2013 წლის ბოლოს ზურაბ აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის შემდეგ.


რია ნოვოსტის ინფორმაციით, შესაძლოა რეგულარულმა საჰაერო მიმოსვლამ და ახალი ავიაკომპანიების ინტერესმა თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენის ღირებულება შემაციროს დაახლოებით 30 პროცენტით [ამ დროინდელი ღირებულება 18 225 რუბლია დაახლოებით 800 ლარი], თუმცა, როგორც სააგენტოს ბილეთების გამყიდველ ერთ-ერთ რუსულ კომპანიაში განუცხადეს, ჯერჯერობით ამ ფაქტს ფასებზე გავლენა არ მოუხდენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი