ახალი ამბები

ფოტომასალა უელსის შეხვედრებში პრეზიდენტისა და მინისტრების ერთად მონაწილეობას ადასტურებს

17 სექტემბერი, 2014 • • 1361
ფოტომასალა უელსის შეხვედრებში პრეზიდენტისა და მინისტრების ერთად მონაწილეობას ადასტურებს

“გაუგებარია, რაზეა ლაპარაკი. იქ იყო ფორმატები, სადაც მხოლოდ პრეზიდენტების ყოფნა იგულისხმებოდა, ანუ არის სახელმწიფო მეთაურების შეხვედრები, სადაც მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობენ და არსებობს გაფართოებული ფორმატები. შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ღონისძიებებში მინისტრების მონაწილეობას ადასტურებს”, – აცხადებს ფხალაძე.

 

უელსში მყოფი საქართველოს დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში იხსენებს:

 

“ISAF-ის შეხვედრას, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობდა, ნამდვილად ესწრებოდა ქალბატონი მაიაც, ვესწრებოდი მეც და სხვა მინისტრებიც. ეს ღონისძიება უშუალოდ ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც პირველი პირები ესწრებიან. უელსში შეხვედრები დაიწყო რასმუსენთან შეხვედრით, რომელსაც ქალბატონი მაია ნამდვილად ესწრებოდა, რადგან მეც ვიყავი და ვიცი. პრეზიდენტს შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირთან და ამის ზუსტი განრიგი იცის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. სადაც ერთად ვიყავით მთავარ შეხვედრაზე, ანუ ISAF-ის შეხვედრაზე, იმას ნამდვილად ესწრებოდა ქალბტონი მაია და პირველივე შეხვედრას, რომელიც რასმუსენთან გაიმართა, იმასაც ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი.



მე რამდენადაც ვიცი, სხვა შეხვედრებსაც ესწრებოდა ქალბატონი მაია, ოღონდ განრიგი თან არ მაქვს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეთ. თუ სწორად ვიცი, ქალბატონი მაია არ ესწრებოდა შეხვედრებს მაშინ, როდესაც თვითონ ჰქონდა სხვა შეხვედრები დაგეგმილი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვარ ის პირი, რომელსაც ამ განრიგებზე შეუძლია საუბარი. შემიძლია გითხრათ იმ შეხვედრებზე, სადაც ერთად ვიყავით სამიტზე, სადაც ISAF-ზე იყო საუბარი. სურათებშიც ჩანს პრეზიდენტის გვერდით ქალბატონი მაია სხვადასხვა შეხვედრაზე – ისეთ შეხვედრებზე, სადაც მეც ვარ და ისეთ შეხვედრებზეც, სადაც მე არ ვარ”, – აცხადებს იმერლიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს, რომ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დელეგაციის სხვა წევრები პრეზიდენტის არც ერთ შეხვედრას არ დასწრებიან, სწორი არ არის:

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე მართლაცაა განთავსებული ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებს მინისტრებთან ერთად ხვდება. მაგალითად, პრეზიდენტის შეხვედრა ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან, რომელსაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესწრება:

 


ასევე უელსში შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლებთან: ჰერმან ვან რომპუისა და ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, რომელსაც მარგველაშვილთან ერთად ესწრებიან მისი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი.

 


ფანჯიკიძე და პეტრიაშილი საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრას ბულგარელ კოლეგა როსენ პლევნელიევთანაც ესწრებიან და ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთანაც.

 



 

 
 


მინისტრები არ ესწრებიან პრეზიდენტის შეხვედრას ფრანსუა ოლანდთან, თუმცა მას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გენერალი ვახტან კაპანაძე ესწრება.

 

 

პრეზიდენტი ლატვიელ კოლეგა ანდრის ბერზინშს პირისპირ ფორმატში შეხვდა და მას დელეგაციის სხვა წევრები არ ესწრებიან:

 


საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს, 17 სექტემბერს განაცხადა, რომ უელსის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა არაკოლეგიალური დამოკიდებულება გამოიჩინა მინისტრების მიმართ, რაც იმით გამოიხატა, რომ მაია ფანჯიკიძეს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ “ერთს პლუს ერთის” ფორმატის არც ერთ შეხვერდრას არ დასწრებია, რადგან პრეზიდენტს არ სურდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური კი აცხადებს,  რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა: 1. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) შეხვედრას; 2. შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან; 3. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან; 4. შეხვედრას ბულგარეთის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან ·


“საგარეო საქმეთა მინისტრი არ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ (tête-à-tête) შეხვედრას ლატვიის პრეზიდენტთან ანდრის ბერზინშთან. · საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ დაესწრო უკრაინის, პოლონეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას, რადგან აღნიშნული შეხვედრები გაიმართა დელეგაციათა ხელმძთვანელიბის მიღების დროს, რომლის პარალელურად იმართებოდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიღება და ქალბატონი მაია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად იმყოფებოდა ამ მიღებაზე. · საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრა ჰქონდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ნატო-ს საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან, თუმცა საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. (ალასანიას შეხვედრა ჰქონდა 28+24 ფორმატით) · საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ქართული მხრიდან ამ შეხვედრას დაესწრო გენშტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფანჯიკიძის საპასუხოდ.


რაც შეეხება 1+1 ფორმატს, პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, ასეთი ფორმატით გაიმართა მხოლოდ ორი ღონისძიება – 1. მიღება უელსის პრინცის სახელით ნატო-ს უელსის სამიტში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად; 2. არაოფიციალური სადილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის მოადგილის ნიკ კლეგის სახელით პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად.


“ორივე ღონისძიებას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რაც იმთავითვე განსაზღვრული იყო ნატო-ს პროგრამით”.

 

ირინა იმერლიშვილი ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ არაკოლეგიალური დამოკიდებულების შესახებ მინისტრის მიერ გაკეთებულ კომენტარზე რამის თქმა გაუჭირდება:

“სამიტი უაღრესად დატვირთული და საქმიანი იყო. დელეგაცია გადიოდა დილით ადრე და შემოდიოდა საღამოს. მთელი დღის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი და შეხვედრები იყო. დამოკიდბულებაც შესაბამისად.. ან ერთად იყვნენ შეხვედრებზე, ან ცალ-ცაკლე, ამიტომ იქ რაღაც დამოკიდებულებაზე საუბარი გამიჭირდება”, – ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი.


კითხვას, მუშაობდნენ თუ არა მინისტრები და პრეზიდენტი ერთად სამიტის განმავლობაში, ათანხმებდნენ თუ არა გარკვეულ საკითხებს, მესიჯებს, პოზიციებს, იმერლიშვილი პასუხობს, რომ პირადად იგი უელსში აქტიურად თანამშრომლობდა მინისტრებთან, განსაკუთრებით ალექსი პეტრიაშვილთან, მაგალითად, ნატოს კომუნიკეში საქართველოს საკითხის ასახვის თემაზე, თუმცა არ იცის, აკეთებდნენ თუ არა იმავეს მინისტრები და პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი