საზოგადოება

შეცდომები ექიმების სასერტიფიკაციო ტესტებში

17 სექტემბერი, 2014 • • 4473
შეცდომები ექიმების სასერტიფიკაციო ტესტებში

ქეთევან კანკავამ რეზიდენტურის ტესტები შარშან ჩააბარა. იგი ამბობს, რომ 200 კითხვიდან სულ რვა შეცდომა დაუშვა, რომელთაგან რამდენიმეზე რეალურად სწორი პასუხები გასცა, თუმცა ტესტის ხარვეზების გამო არ ჩაეთვალა: “ძირითადად თერაპიულ ნაწილში იყო შეცდომები, თუმცა არ გამიპროტესტებია, რადგან ვიცოდი, ნებისმიერ სპეციალობაზე მეყოფოდა უკვე აღებული ქულა. ისეც დაძაბული ფონი იყო და მხოლოდ ინტერესისთვის გასაჩივრება ყველასთვის გამაღიზიანებელი იქნებოდა. ჩემმა მეგობრებმა, ვისაც ის რამდენიმე ქულა აკლდებოდა, გაასაჩივრეს და რამდენიმე მათგანს მართლაც მოუმატეს შეცდომით დაკლებული ქულები”, – ამბობს ქეთევანი.


რეზიდენტურის ტესტების გარდა ტექნიკური ხასიათის ცდომილებებია ექიმთა სასერტიფიკაციო ტესტებშიც, რომლებსაც რეგულირების სააგენტო ყოველწლიურად, სააპელაციო კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად ასწორებს, თუმცა რეაბილიტოლოგ ნესტან შაშიკაძის თქმით, რეზიდენტურის ტესტებში დიდი ხანია თითქმის არაფერი შეცვლილა. მას შემდეგ, რაც ნესტანმა დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება საზღვარგარეთ მიიღო და საქართველოში დაბრუნდა, მას ორჯერ მოუწია ამ ტესტების ჩაბარება.


“2006 წელს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ტესტი ჩავაბარე, 2008-ში კი – ფიზიოთერაპია. ტესტები მაშინაც სავსე იყო შინაარსობრივი და ტექნიკური შეცდომებით. ზოგიერთი შეცდომა განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ახლაც რომ გადავხედე, აბსოლუტურად იგივე დამხვდა”, – ამბობს ის.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაში ამბობს, რომ ამ ტესტების მიხედვით, ექიმის კვალიფიკაცია არაობიექტური და არასწორი კრიტერიუმებით ფასდება, რადგანაც ტესტების შედგენის შემდეგ ბევრი კვლევისა და მკურნალობის ტაქტიკა შეიცვალა, ტესტების პასუხებში კი ისევ ძველი მეთოდებია აღწერილი – “როცა სამი წლის წინ საქართველოში დავბრუნდი და ლიცენზიისთვის ეს ტესტები ჩავაბარე, კითხვაზე, თუ რა გამოკვლევით უნდა დაადგინო ინფარქტის დიაგნოზი, სწორი პასუხი იყო – კლინიკური მონაცემები და ელექტროკარდიოგრამა, რომელიც 1970 წელს გამოიყენებოდა, როცა დღეს საამისოდ ერთი კონკრეტული კვლევა გამოიყენება, რომელიც 100%-იან პასუხს იძლევა”, – ამბობს მალხაზ ხალვაში.


სასერტიფიკაციო ტესტები ღია და დახურული ნაწილებისგან შედგება, აქედან, უკვე ორი წელია კითხვების დაფარული ნაწილი მთლიანი ტესტის 20%-ს შეადგენს, დანარჩენი კითხვები კი, “სწორი პასუხებითურთ”, სპეციალობების მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ტესტის დახურული ნაწილი 2011 წელს შემუშავდა, თუმცა მათი ავტორების ვინაობა კონფიდენციალურია. საზღვარგარეთ სასერტიფიკაციო ტესტში დაფარული კითხვების რაოდენობა უმეტესად 80%-ს შეადგენს.


ნევროლოგი ეთერ მარგალიტაძე, რომელმაც ექიმთა სალიცენზიო ტესტები იორდანიის ექიმთა ცეტრში ჩააბარა, ამბობს, რომ საზღვარგარეთ ქვეყნდება წინა წლების ვარიანტები, მაგრამ ახალ ტესტში რა კითხვები იქნება, ეს ყოველ წელს უცნობია: “იქ გეძლევა მხოლოდ ლიტერატურის ჩამონათვალი და ტესტის მაგალითი. ახალ ტესტში იმავე კითხვების მაქსიმუმ 20% დაემთხვეს, დანარჩენი ყოველთვის უცნობია,” – ამბობს ის.


იმის გამო, რომ ხშირად ტესტების სწორი პასუხები პრაქტიკაში არასწორია, ყველა მაძიებელი იძულებულია სასერტიფიკაციო თუ რეზიდენტურის ტესტის “სწორი პასუხები” დაიზეპიროს, რადგანაც გამოცდაზე სწორი მეთოდის შემოხაზვისას შესაძლოა ქულა არ ჩაეთვალოს.


ნათია ადამია, რომელიც რეზიდენტურის ტესტებს წელს აბარებს ამბობს, რომ ტესტის პასუხებში ბევრი ცდომილებაა, რის გამოც შესაძლოა მართლაც კარგ სპეციალისტს უსამართლოდ დააკლდეს ქულა.


“საერთოდ, როცა ასეთ საპასუხისმგებლო სპეციალობაზე დაზეპირებული ტესტებით ამოწმებ ადამიანის ცოდნას – არასწორია. თუ ეს ყველა ტესტი არ დაიზეპირე და შენი სწორი ცოდნით შემოხაზე რომელიმე მათგანი, შესაძლოა რეალურად სწორი პასუხი არასწორად ჩაგეთვალოს” – ამბობს ის. მისივე თქმით, ტესტებში ბევრი მექანიკური შეცდომაცაა, “მაგალითად, პედიატრიის ტესტში არის კითხვა, რომელიც იწყება ასე – 55 წლის ქალი შემოიყვანეს ბლოკში… ეს არის აბსურდი, ძალიან არასერიოზულია და რაც შეიძლება დროულად უნდა გასწორდეს” – ამბობს ნათია ადამია.


რეგულირების სააგენტოს ცნობით, ტესტების განახლების პროცესი პროფილების მიხედვით ახლაც მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად რომელი პროფილის ტესტის შეცდომები სწორდება, აქ ამ კითხვაზე კონკრეტულად არ პასუხობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი