ახალი ამბები

უკანონო აბორტისთვის სასჯელი მკაცრდება

16 სექტემბერი, 2014 • • 1225
უკანონო აბორტისთვის სასჯელი მკაცრდება

კანონპროექტის ავტორი, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ სასჯელის გამკაცრება ამ ტიპის დანაშაულისთვის “ქვეყანაში არასახარბიელო დემოგრაფიულმა მდგომარეობამ, აბორტების მაღალმა მაჩვენებელმა და ზედმეტად ლიბერალურმა კანონმა გამოიწვია.”


“მხოლოდ 2012 წელს 40 ათასი რეგისტირებული აბორტი იყო ქვეყანაში. სხვადასხვა წყაროებით ცნობილია, რომ ბევრად მეტია დაურეგისტრირებელი. რომ გამოვიანგარიშოთ, დღეში 100 -ზე მეტი რეგისტრირებელი და ამდენივე არარეგისტრირებული აბორტი კეთდება. შესაბამისად, საჭიროდ მივიჩნიეთ რეგულაციების შემუშავება,”- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

 

როგორც ხუნდაძე ამბობს, უკანონო აბორტისთვის [ორსულობის 12 კვირის შემდეგ; ასევე, თუ აბორტი არალიცენზირებულ დაწესებულებაში, ან არალიცინზირებული ექიმის მიერ კეთდება] პირველ ჯერზე ექიმს 1-დან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. განმეორებით შემთხვევაში კი – 2-დან 5 წლამდე. 

 

“იმ შემთხვევაში კი, თუ უკანონო აბორტის დროს სიკვდილის ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ ექიმს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და ასევე, შეიზღუდება მისი პროფესიული საქმიანობა 3 წლის ვადით,”- ამბობს ხუნდაძე.

 

მოქმედი კანონის მიხედვით (სისხლის სამართლის კოდექსის 133 მუხლი) უკანონო აბორტი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე, ანდა გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.  იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ხოლო უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

 

ხუნდაძე ამბობს, რომ აქამდე ამ დანაშაულისთვის სასჯელს არავინ იხდიდა. 

 

კითხვაზე, რა გარანტიები არსებობს, რომ ახალი კანონი აღსრულდება, ხუნდაძე ამბობს: მართალია, კანონის მიღება ერთია და მეორე, მისი აღსრულება. ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანო ჩართული ვიქნებით ამ კუთხითაც. თან სასჯელის ასეთი გამკაცრების შემდეგ ექიმი აღარ წავა ამაზე.

 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს ეს ცვლილებები მიღებული იქნება. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი