ახალი ამბები

აქვს თუ არა ჭიკაიძეს ცივი იარაღის ტარების უფლება?

16 სექტემბერი, 2014 • • 3306
აქვს თუ არა ჭიკაიძეს ცივი იარაღის ტარების უფლება?

შსს–ში 6 დღის განმავლობაში გვპირდებოდნენ, რომ პასუხს მივიღებდით, თუმცა დღეს განგვიცხადეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით “ვერ გვიპასუხებენ”. 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე 20 აგვისტოს დევდორაკის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც მეწყერი ჩამოწვა. ხეობაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ვიდეომასალაში ჩანს, რომ როდესაც ღარიბაშვილი სატელევიზიო კომენტარს აკეთებს, მის უკან დგას ალექსანდარ ჭიკაიძე, რომელიც ჯიბის დანას ხელში ათამაშებს.

 

იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ცივი იარაღი განმარტებულია როგორც იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვკითხულობთ, რომ „ცივი იარაღის ტარება“ ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობს, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ან ინახავს ტანსაცმელში. 

 

იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად,  ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება აკრძალულია. ამავე პუნქტის თანხმადვე, ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა/გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე, თუმცა ცივი იარაღის ტარების დაშვებაზე მუხლში არაფერია ნათქვამია. 

 

ალექსანდრე ჭიკაიძე
ალექსანდრე ჭიკაიძე

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მაია ხუციშვილი “ნეტგაზეთან” საუბრისას განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში, 1811  მუხლში, რომელიც ცივი იარაღის ტარებას არეგულირებს, არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აგრეთვე აქვს ცივი იარაღის ტარების უფლება.

 

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 181მუხლი, რომლითაც სამართალდარღვევა გახდა იარაღის ტარება, აქ არის ბოლო პუნქტი, მე–4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი იარაღის ტარების უფლება, აგრეთვე აქვს ცივი იარაღის ტარების უფლება, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებას კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტო გასცემს”,– ამბობს ხუციშვილი. 

 

ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ჯიბის დანის ტარებას გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. მისი თქმით, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრს დანა უჭირავს, “ლამაზი” არ არის:

 

“ჭიკაიძეს ხელში “კნოპკიანი” დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო”- თქვა ივანიშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარების გამო 200 ლარით დაჯარიმდებით, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში კი 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას ან 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი