ახალი ამბები

მეორედ გამოცხადებული შეთქმულების გეგმა

16 სექტემბერი, 2014 • • 1604
მეორედ გამოცხადებული შეთქმულების გეგმა

“შეთქმულების საქმის” ანატომია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგა ბოკერია “აღიარებს”, რომ მისი პოლიტიკური გუნდი იმ ყველაფერს, რასაც ჭიკაიძემ შეთქმულება უწოდა, მართლაც გეგმავს მოქმედი ხელისუფლების შესაცვლელად. ბოკერიას განმარტებით, ჭიკაიძის მიერ გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩამოთვლილი მოქმედებებიდან საქართველოს კონსტიტუციას არაფერი ეწინააღმდეგება. ასეთ მოსაზრებას კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი დავით ზურაბიშვილიც იზიარებს.

 

“სააკაშვილმა კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე ნაცმოძრაობის წევრებს ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას 500-კაციანი მობილური ჯგუფი. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, აგრესიული საპროტესტო აქციები სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენული ვითარება, სოციალური და  ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, დევნილთა პრობლემები… სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, მათი მიზანია შექმნან ნგეატიური ფონი”, – ეს განცხადება გააკეთა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ 10 სექტემბრის ინტერვიუში.

 

საიას იურისტი მაია ხუციშვილი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებზე წლებია მუშაობს, ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ ჭიკაიძის მიერ დასახელებული მოქმედებებიდან, რომელი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომელი – არა, რთული გასაანალიზბელია, რადგან უცნობია, მინისტრმა რა მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა თავისი განცხადება.

 

“თუ აქციები და გამოსვლები შეიძლება ჩატარდეს და თუ ეს კანონის ფარგლებში იქნება სანქცირებული, დარღვევასთან, ბუნებრივია, საქმე არ გვექნება. ამ კონკრეტული საკითხების ჩამოთვალს მინისტრის მხრიდან წინ უძღვოდა კიდევ ერთი განცხადება, სადაც საუბარია, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებებიო… ჩვენთვის ძნელია იმის შეფასება, კონკრეტულად რას გულისხმობს ბატონი მინისტრი და რას შეიძლება ნიშნავდეს ის ქმედებები, რაც შემდეგ უკვე ჩამოთვლილია მის მიერ. აქციები არ შეიძლება იყოს დანაშაული, მაგრამ ჩამონათვალში არის კიდევ ერთი საკითხი, რომ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირებაო.  თუ ეს სახელმწიფო დაწესებულებების მდგომარეობიდან გამოყვანას გამოიწვევს და აქტიურად იქნება მიმართული დესტაბილიზაციისაკენ, შეიძლება რაღაც კუთხით შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ამ გადასახედიდან რთულია იმის თქმა, კონკრეტულად რა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად”, – აცხადებს იურისტი.

როგორ მიმდინარეობს გამოძიება

ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთქმულების განზრახვის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძემ პირველად მიმდინარე წლის მარტში გააკეთა განცხადება და მაშინაც საგაზეთო ინტერვიუს მეშვეობით. ჭიკაიძე ამბობდა, რომ ნაცმოძრაობა თბილისში “ევრომაიდნის” სცენარის განვითარებას და საბურავების დაწვას აპირებდა. დაახლოებით 4 თვის განმავლობაში საზოგადოებისთვის უცნობი იყო, როგორ იძიებდნენ “საბურავებისა და თბილისური ევრომაიდნის საქმეს” – დააკავეს თუ არა ვინმე, წარუდგინეს თუ არა ბრალი და ასე შემდეგ. უკვე ივლისში ჭიკაიძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ეს ინტერვიუ მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებდა.

 

სექტემბერში ალექსანდრე ჭიკაიძე შეთქმულების თაობაზე მიცემულ თავის მეორე ინტერვიუში უკვე საგულისხმო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას: მისი თქმით, 500-კაციანი მობილური ჯგუფის შექმნის თაობაზე გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი 315 – შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, თუმცა ალექსანდრე ჭიკაიძეს ინტერვიუში არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლით (ან მუხლებით) მიმდინარეობს გამოძიება. ნეტგაზეთი დაინტერესდა, მართლაც დაიწყო გამოძიება, თუ ჭიკაიძემ განცხადება ამჯერადაც პრევენციის მიზნით გააკეთა?!


შსს-ს პრესსამსახურმა მიზეზის დასახლების გარეშე გვითხრა, რომ ჭიკაიძის მიერ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუზე დამატებით ინფორმაციას არ მოგვაწვდის და მუხლი არ დაასახელა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ მიაწოდონ, თუმცა რამდენად ადეკვატურია, როდესაც მინისტრი ინტერვიუში დანაშაულებრივი გეგმების შესახებ საკმაოდ ვრცლად საუბრობს და ამ დროს უწყება მალავს მუხლს, რის მიხედვითაც გამოძიება მიმდინარეობს? – ნეტგაზეთმა იურისტ სულხან სალაძეს მიმართა:

 

“თუ საუბარია იმაზე, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება ზიანს მიაყენებს გამოძიებას, მაშინ შეიძლება საპირისპირო კითხვა დავსვათ, უნდა მომხდარიყო თუ არა ამ ინფორმაციის იმ დონით გავრცელება, რაც საგაზეთო ინტერვიუთი უკვე მოხდა? ასე რომ, ამ კონკრეტული ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის ლეგიტიმური მიზანი, მაშინ, როცა მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობსო, რა თქმა უნდა, კითხვებს აჩენს”, – ამბობს იურისტი.

 

მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას არც ნაციონალურ მოძრაობაში ფლობენ. პარტიის პრესამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ, რომელიც 30 აგვისტოს სააკაშვილის მიერ სარფში ჩატარებულ თათბირს თვითონაც ესწრებოდა, გვითხრა, რომ “შეთქმულების საქმეზე” არც ის და არც პარტიის სხვა წევრები ჯერ არ დაუკითხავთ.

“პოტენციური დამნაშავეები” – ოპონენტების დაშინების მცდელობა?

 

“დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყველაფერი დადგინდება და ყველა პოტენციური დამნაშავე თუ დანაშაულის ჩამდენი იქნება დასჯილი”, -ასეთი გამოხმაურება ჰპოვა ჭიკაიძის ინტერვიუმ საქართველოს მთავრობაში. ამ ციტატის ავტორი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. იურისტების განმარტებით, ტერმინი “პოტენციური დამნაშავე” სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს, რადგან პოტენციურად ყველა ადამიანი შეიძლება იყოს დამნაშავე.


პოლიციის დღე ბათუმში. ფოტოზე: ყოფილი შს მინისტრი და ამჟამად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
პოლიციის დღე ბათუმში. ფოტოზე: ყოფილი შს მინისტრი და ამჟამად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე

 

ხომ არ ცდილობს მმართველი გუნდი უკვე მეორე შეთქმულების საქმის გახსნის წინასწარ დაანონსებით და “პოტენციურ დამნაშავეებზე” აპელირებით პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას? – ამ კითხვით ნეტგაზეთმა ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტ გრიგოლ გეგელიას მიმართა, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აკვირდება. გეგელია ამბობს, რომ მისთვის შეთქმულების თაობაზე ჭიკაიძის მიერ გაკეთებული განცხადება კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არადამაჯერებელია:

 

“ვერ ვიტყვი, რა ამოძრავებდა ან შინაგან საქმეთა მინისტრს, ან პრემიერს. თუმცა, არა მგონია, მინისტრის განცხადება პოლიტიკური ოპონენტების დაშინებაზე ყოფილიყო გათვლილი. არც ის მგონია, ნაციონალური მოძრაობის წევრები მსგავსი განცხადებებით იოლად შინდებოდნენ. ვფიქრობ, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება ელექტორატზე იყო გათვლილი. როდესაც ხალხში მატულობს საუბარი კრიმინალის გაზრდისა და ამ და სხვა მიმართულებებით ხელისუფლების არაეფექტურობის შესახებ, ბუნებრივია, ხელისუფლება საჭიროდ თვლის ყველას აჩვენოს, რომ ის საქმიანია, რომ ის მართავს სიტუაციას და რომ არავის შეუშინდება. ეს განცხადება ამ მიზანს ემსახურებოდა”, – ამბობს გეგელია და დასძენს, რომ მისი აზრით, პოტენციური დამნაშავეების თემაზე პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება არაპროფესიონალურია:

 

“კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, სახელმწიფოს გადატრიალებასა, შეთქმულებასა თუ ამბოხებაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია. თუმცა კიდევ უფრო არასერიოზული და არაპროფესიონალურია სიტყვაშეთანხმება “პოტენციური დამნაშავე”. ნებისმიერი მოქალაქე, თითოეული ჩვენგანი, შეიძლება იყოს “პოტენციური დამნაშავე”. თუმცა, სანამ ეს პოტენციალი არ განხორციელებულა, გაუგებარია, რომელ დანაშაულზეა და, მით უმეტეს, რომელ დასჯაზეა საუბარი.  

 

შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ესმის სიტყვა “პოტენციურის” არსი და, როგორც ჩანს, არც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს იცნობს. სწორედ ამგვარი მიდგომის პირობებში, როდესაც სახელმწიფოში მითები და შეთქმულების თეორიები უფრო რელევანტურია, ვიდრე საქართველოს კანონი, არის სერიოზული და რეალური რისკი დაიბადოს სელექციური სამართალი, ზუსტად ის, რასაც საქართველოს საზოგადოება გასული დეკადის მანძილზე, წლების განმავლობაში ვებრძოდით და ვაპროტესტებდით”, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი