ახალი ამბები

ოპერაცია თბილისის ზოოპარკში

16 სექტემბერი, 2014 • 2216
ოპერაცია თბილისის ზოოპარკში

18 სექტემბერს დაგეგმილი ოპერაციისთვის, როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს, თბილისში მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგი, პეტერ კერტესი ჩამოდის. 

“სპილო გრანდს ეშვები აქვს მოტეხილი, თანაც ყბის ძვალთან იმდენად ახლოს, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელია. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობამ დროთა განმავლობაში შესაძლოა მისი დაღუპვა გამოიწვიოს; ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. პეტერ კერტესი ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტომატოლოგია. მას სპილოების ეშვების ამოღების ასამდე ოპერაცია აქვს ჩატარებული. გრანდის ოპერაციისთვის ექიმი თბილისს 3 ასისტენტთან ერთად ესტუმრება. შთამბეჭდავად გამოიყურება ქირურგიული მანიპულაციებისთვის აუცილებელი სპეციალური აღჭურვილობა: სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტებით სავსე 15 ყუთი, რომელიც, საერთო ჯამში, დაახლოებით 400 კილოგრამს იწონის,”- წერია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია, შესაბამისად, ოპერაციისთვის თბილისში ჩამოდის EAZA-ს წარმომადგენელი, მარიო ჰოედმეკერი, თბილისის ზოოპარკის ზედამხედველი და მენტორი. ოპერაციას ერევნის ზოოპარკის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 18 წლის აზიური სპილო ერევნის ზოოპარკიდან 12 ივნისს ჩამოიყვანეს.

„ეშვების ამოღების ოპერაცია მეტად სერიოზული და დაძაბული პროცესია, რომელიც ათეულობით ადამიანის ძალისხმევას მოითხოვს. ერთი ეშვის მოშორებას რამდენიმე საათი სჭირდება, ასეთი დიდი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა კი ძალზე სარისკოა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდეგ ვეღარ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. იმედია, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდება და ეს ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაივლის“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი