ახალი ამბები

ივანიშვილი: რას ერჩით ჭიკაიძეს?! ეს კაცი თავის საქმეს კარგად აკეთებს

15 სექტემბერი, 2014 • • 1211
ივანიშვილი: რას ერჩით ჭიკაიძეს?! ეს კაცი თავის საქმეს კარგად აკეთებს

მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ჭიკაიძის მუშაობა ასე შეაფასა:

 

“არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს. მე მომისმენია მისი გამონათქვამები. მეც მირჩევნია, რომ უკეთესი ორატორი ვიყო და მშვენივრად ვიცი, რომ აქამდე ბევრი მიკლია. შეიძლებოდა, ვთქვათ, უკეთესი ქართული მცოდნოდა, საუბედუროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუმცა რაღაც მოვახერხე პოლიტიკაში. მე იმით უნდა შევფასებულიყავი, რასაც ვაკეთებდი. ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში “კნოპკიანი” დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და დასძენს, რომ ჭიკაიძე მის მიერ შერჩეული კადრი არ არის:


 

“დღეს პოლიცია მუშაობს ხალხის დასაცავად და არა დასაჩაგრად. ზოგიერთი ვიდეოფირი მართლაც ცრემლის მომგვრელია – ვგულისხმობ იმას, წინასაარჩევნო პროცესში “ნაცმოძრაობის” პროვოცირებულ შეტაკებებში თუ როგორ ძალადობენ პოლიციელებზე და როგორ ცდილობენ პოლიციელები იყვნენ ფაქიზნი და ადამიანებს უხეშად არ მოექცნენ. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, როდესაც სხვას აკრიტიკებენ. უნდათ, შს მინისტრი, პრემიერი თუ სხვები, იდეალურები იყვნენ, არადა, ადამიანი იდეალური ვერ იქნება, ყველას აქვს თავისი შეცდომები და მინუსები. ჭიკაიძე საქმიანობით შეაფასეთ. ამჩნევთ მას კორუფციისკენ მიდრეკილებას ან პოლიციაში რაღაც საშინელება ხდება?! მე ვიცი, რომ პოლიციაში მას დიდ პატივს სცემენ და უყვართ თანამშრომლებს. ის ახერხებს, რომ მართოს შს სამინისტრო, რომელიც დღეს ეფექტიანი და წესიერი გუნდითაა დაკომპლექტებული. მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ. რას ერჩით?! ეს კაცი თავის საქმეს კარგად აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ყველაფერი უკუღმა დახატოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი