ახალი ამბები

საგანელიძე: დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გამოწვევის საკითხზე პარტიაში ვიმსჯელებთ

14 სექტემბერი, 2014 • • 1314
საგანელიძე: დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გამოწვევის საკითხზე პარტიაში ვიმსჯელებთ

“პირველ რიგში, აჭარის დეპუტაციას აქვს უფლება გამოითხოვოს თავისი ვიცე-სპიკერი და დააყენოს საკითხი მისი გამოწვევის და შემდგომ დააყენოს პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე სხვისი კანდიდატურა, ამ შემთხვევაში ეს უკვე აჭარის დეპუტაციის გადასაწყვეტია, ბუნებრივია , პარტიაშიც ამაზე გვექნება მსჯელობა”,- განაცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

თავად მურმან დუმბაძე, რომელიც პარლამენტის ვიცესპიკერია, ამბობს, რომ პარლამენტში, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ფლაგმანი,  საქმიანობას გააგრძელებს.

 

“პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ფლაგმანი, საქართველოს პარლამენტში შეიძლება ამას მოჰყვეს რყევები, გარანტიას გაძლევთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში, ალბათ, პოლიტიკური ფრაქცია “ქართული ოცნება” დაიშლება”,- განაცხადა დუმბაძემ.

 

პარლამემტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ მურმან დუმბაძის გამოწვევა შესაძლებელია, თუმცა ეს იგივე პრინციპით უნდა მოხდეს, რა პრინციპითაც დუმბაძე დავით უსუფაშვილის მოადგილედ დაინიშნა.

 

“რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი, სწორედ ამ პრინციპით არის ბატონი მურმანი არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, წარდგენა ხდება იმ პირთა მიერ, რომელიც არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატები. საქართველოს პარლამენტში აჭარას ჰყავს 6 მაჟორიტარი დეპუტატი, მათი უმრავლესობის მიერ მოხდა თავის დროზე კანდიდატურის წარდგენა, შესაბამისად, თუ დადგა საკითხი, რომ თავმჯდომარის მოადგილე უნდა შეიცვალოს, მისი გამოწვევაც შესაძლებელია ანალოგიური პრინციპით”,- განაცხადა  “რუსთავი 2”- თან საუბრისას გიორგი კახიანმა.

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე, ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა, რის გამოც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

თავად მურმან დუმბაძის განცხადებით,  ის პარტიიდან კი არ გარიცხეს, არამედ თავად დატოვა პარტია.

 

„პოლიტსაბჭომ მითხრა, რადგან თქვენ ამ პრინციპზე ხართ,  არ წყვეტთ უნდობლობის პროცედურას, მაშინ თქვენ ამ პარტიიდან გარიცხული ხართო. მე ვუპასუხე, გარიცხული კი არა ვარ, მე გეუბნებით, რადგან თქვენ ამ პროცედურაში არ მომყვებით, პარტიიდან გასული ვა- მეთქი“- ამბობს დუმბაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი