ახალი ამბები

შეხვედრა საპატრიარქოში თურქეთის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

12 სექტემბერი, 2014 • • 1033
შეხვედრა საპატრიარქოში თურქეთის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ დააყენა თურქეთში საქართველოს ეკლესიის სტატუსის და ეკლესია-მონასტრების საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე, ცალმხრივად უკვე არის განსაზღვრული. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა თურქეთში რამდენიმე ქართული ტაძრის (არდაშენი, ხახული, იშხანი) ამოქმედების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს.

 

მეჰმედ გორმეზმა კი გამოთქვა იმედი, რომ აღდგება აზიზიესა და ახმედის მეჩეთები და დასძინა, რომ თურქეთში ქართველებს აქვთ საშუალება რელიგიური თავისუფლების გამოხატვისა.

 

საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქმა გულისტკივილი გამოთქვა “10 სექტემბერს ქობულეთში მომხდარი მუსლიმების შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი ფაქტის გამო”, რასაც პროფესორი, დოქტორი მეჰმედ გორმეზიც დაეთანხმა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

 

“საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა სინანულით დასძინა ისიც, რომ თურქეთშიც ხდება აღმაშფოთებელი მოვლენები ქართულ ძეგლებთან მიმართებაში. განსაკუთრებით კი სამწუხაროა, რომ დღემდე არ არის გამოძიებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის წინა დღეებში ქართული ძველი სალოცავის დანგრევის დანაშაულებრივი ფაქტი ისტორიულ ლაზეთში, ქ. ფაზარის (სოფელი ოჩიგი, იგივე ათინა) გარეუბანში, რაც 2013 წლის 14 მაისს მოხდა და ამის შესახებ ხელისუფლებასაც ეცნობა. როგორც ქობულეთში, ისე ფაზარში მომხდარი ფაქტი შეფასდა პროვოკაციად”, – ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

საპატრიარქოს ცნობითვე, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა და დიდი სურვილი ურთიერთთანამშრომლობისა და შექმნეს ერთობლივი კომისია, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი