სამართალი

სასჯელაღსრულების სამინისტრო სუიციდის პრევენციის პროგრამას აფართოებს

10 სექტემბერი, 2014 • • 2215
სასჯელაღსრულების სამინისტრო სუიციდის პრევენციის პროგრამას აფართოებს

“სუიციდის პრევენციის პროგრამის პირველი შედეგები ძალიან იმედისმომცემია,” – ასე შეაფასა პროგრამა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ 10 სექტემბერს, სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრო სუიციდის პრევენციის დღეს აღნიშნავს.

 

სუიციდის პრევენციის პროგრამა სამინისტრომ 2013 წლის დეკემბერში გლდანის მერვე საპატიმროში დაიწყო, შემდეგ კი პროგრამაში ქუთაისის, ბათუმის, ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებიც ჩაერთნენ. წლის ბოლომდე პროგრამა დახურული ტიპის ყველა დაწესებულებას მოიცავს.

 

ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” წარმომადგენელი, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი, რომელიც ჩართული იყო პროგრამის შემუშავებასა და ტესტირებაში, აღნიშნავს, რომ ზოგადად, ციხეში წინასასამართლო გამოძიების პერიოდში დაკავებულ მამაკაცთა შორის სუიციდის შემთხევევების რაოდენობა 7,5–ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ციხის გარეთ მყოფ მოსახლეობში. მისჯილ პატიმართა შორის კი ეს მაჩვენებელი 6–ჯერ მეტია.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით, სუიციდის სტატისტიკა საქართველოს ციხეებში ასე გამოიყურება: 2011 წელს 10 000 პატიმარზე 7 შემთხვევა დაფიქსირდა, 2013 წელს – 6, 2014 წლის სექტემბრამდე კი – 2.

 

ვინ არიან სუიციდის პრევენციის პროგრამის ბენეფიციარები?

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული არის 5 საპატიმრო დაწესებულების 77 პატიმარი, რომელთაც წარსულში არაერთხელ ცადეს თვითმკვლელობა (წელიწადში 100–ზე მეტი შემთხვევა). მათ შორის 9 არასრულწლოვანია.

 

სამინისტროს სამედიცინო დეპარტემენტის წარმომადგენელი, მიხეილ სინიცა ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა ერთ–ერთ სერიოზულ რისკფაქტორს წარმოადგენს სუიციდის განხორციელების თვალსაზრისით. თუმცა სამინისტრო პროგრამაში მხოლოდ იმ პატიმრებს არ რთავს, ვისაც თვითმკვლელობის მცდელობა უკვე ჰქონდა.

 

“ვთქვათ, რაღაც ეჭვი აქვთ, რომ ჩაიკეტა, დეპრესია აქვს, სუიციდზე საუბრობს და ასე შემდეგ,”– განმარტავს სუიციდის პრევენციის პროგრამის კოორდინატორი გიორგი დონაძე. მისი თქმით, ამ საკითხზე შეტყობინებას იღებენ როგორც პატიმრის ადვოკატისგან, ასევე – ციხის თანამშრომლებისგან და პატიმრებისგანაც. შეტყობინების მიღების შემდეგ პატიმართან შედის ფსიქოლოგი, რომელიც აფასებს მის მდგომარეობას.

 

გიორგი დონაძე ჰყვება, რომ იყო შემთხვევა, როდესაც საპატიმროში შემოიყვანეს პირი, რომელმაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა მკვლელობა. მან დაკარგა სამსახური, ჰქონდა სტრესი, მიდრეკილი იყო ალკოჰოლისკენ, რის გამოც ის მაშინვე ჩასვეს პროგრამაში.

 

“ციხეში რომ შემოვიდა, თავიდან შოკის მდგომარეობა ჰქონდა, არ ახსოვდა რამდენი ჭრილობა მიაყენა; რომ მოკლა, ისიც არ ახსოვდა. მერე აღმოჩნდა, რომ გაცილებით მეტი იყო ჭრილობა. რომ გააცნობიერა და რომ უთხრეს ინფორმაცია, რომ სასტიკი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, მაგის ფონზე სცადა სუიციდი,”– ამბობს გიორგი დონაძე.

 

ნინო მახაშვილი ამბობს, რომ პრევენცია სრულად ვერ გააქრობს სუიციდის შემთხვევებს.

 

“ყველა შემთხვევას ვერ დაიჭერ, ყველა შემთხვევას ვერ აღმოაჩენ,”– ამბობს ის.

ვინ იმუშავებს ბენეფიციარებთან?

 

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ამბობს, ბენეფიციართან მულტიდისციპლინური გუნდი იმუშავებს.

 

“მულტიდისციპლინური დახმარება მოიცავს ფსიქიატრის ჩარევას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სოციალური მუშაკის დახმარებას, ოჯახის ექიმის მომსახურებას და უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლების მეთვალყურეობას,” – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

 

მიხეილ სინიცას განმარტებით, სპეციალისტთა კონსულტაციები ისე უნდა გადანაწილდეს, რომ კვირის ყოველ დღეს რომელიმე სპეციალისტი უნდა იყოს მისული ბენეფიციართან.

 

“შემდეგ თვითონ გუნდი პრობლემიდან გამომდინარე წყვეტდა, თუ წამყვანი იყო სოციალური პრობლება, სოციალურ მუშაკზე მეტი დატვირთვა მოდიოდა, თუ ფსიქიატრიული პრობლემა იყო, მაშინ, ცხადი,ა ფსიქიატრზე იყო უფრო მეტი დატვირთვა,” – ამბობს სინიცა.

 

სამინისტრო სპეციალისტთა ვიზიტების მონიტორინგს ელექტრონული პროგრამით ახორციელებს:

 

“გეგმაში კალენდარზე არის დატანილი ვინ, როდის და რა ტიპის შეხვედრას აკეთებს ბენეფიციართან. შესაბამისად, ყველა მათგანი ვალდებულია, რომ კოორდინატორთან რეპორტინგი გააკეთოს და მან მონიშნოს პროგრამაში, რომ, ვთქვათ, ორშაბათის ვიზიტი ფსიქოლოგმა ჩაატარა,”– თქვა არჩილ თალაკვაძემ.

რა მიმართულებით იგეგმება გაფართოება?

 

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ამბობს, სუიციდის პრევენციის პროგრამის გაფართოება მთელი სისტემის მასშტაბით არის დაგეგმილი.

 

“გაფართოვდება რისკების დაფარვაც, ანუ, ვთქვათ, თუ აქამდე სუიციდური იდეები და სუიციდის რისკი იფარებოდა, ახლა მიდის მუშაობა იმაზეც, რომ სერიოზული თვითდაზიანებების შემთხვევაშიც ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამაში.

 

გაფართოება ასევე მოხდება იმ დაწესებულებებშიც, რომლებშიც ახლა პროგრამა ფუნქციონირებს, უფრო მეტი მულტიდისციპლინური გუნდი შეიქმნება, რომ თითოეულ ადამიანთან პროფესიონალებმა დახარჯონ მეტი დრო,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, მოცემულ მომენტში პროგრამაში დაახლოებით 30–მდე პროფესიონალი არის ჩართული. თალაკვაძე ამბობს, რომ ადამიანური რესურსების ნაწილი ახლა ემზადება პროგრამაში ჩასართავად.

სუიციდის პრევენციის პროგრამა ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” დახმარებით შემუშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი