ეკონომიკა

თვითმმართველობები ელექტრონული ბიუჯეტის სისტემაზე გადასასვლელად ემზადებიან

10 სექტემბერი, 2014 • • 1070
თვითმმართველობები ელექტრონული ბიუჯეტის სისტემაზე გადასასვლელად ემზადებიან

საქართველოს მთავრობას “ელექტრონიული ბიუჯეტირების სისტემის” რეფორმის განხორციელებაში აშშ–ის განვითარების სააგენტო (USAID) ეხმარება. საქართველოში ორგანიზაციის მისიის დირექტორის სტეფან ჰაიკინის განცხადებით, აღნიშნული რეფორმის მიზანია ყველა დონის ბიუჯეტების ოპერაციების  გამჭვირვალობის უზრუნველყოფა  და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება.  


რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი: 

 

“აღნიშნული რეფორმა უზრუნველყოფს ინფორმაციის სისტემატიზებას, ანალიზის და დაგეგმვის შესაძლებლობების გაზრდას, რაც ადგილობრივი ინსტიტუტების პასუხისმგებლობას გაზრდის. ამავდროულად, რეფორმა უზრუნველყოფს ყველა დონეზე თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესებას. ეს არის მნიშვნელოვანი და არსებითი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწობს იმ კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად განხორციელდეს დეცენტრალიზაცია. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის, რათა ჩვენ გავიზიაროთ მეტი პასუხისმგებლობა.” 

 

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მომზადდა.


ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ უწყების მიზანია ბიუჯეტის გამჭვირვალობის ზრდა: 


“საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შემუშავებულია სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია. რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სახელმწიფო ფინანსების მართვის პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ზრდა. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში არის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ინტეგრირება უკვე დანერგილი ფინანსების მართვის ერთიან სალიცენზიო სისტემაში. ეს სისტემა მუშაობს ფინანსთა სამინისტროში, რომლითაც სარგებლობს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ზოგადად სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებისა, რის შედეგადაც 2015 წლის 1 იანვრიდან უკვე ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ისარგებლებს ელექტრონული ბიუჯეტის სისტემით, რაც გაზრდის საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობას და მის ეფექტურობას. ასევე მთავრობისთვის და მათ შორის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება კონსოლიდირებული ნაერთი ბიუჯეტის ანგარიში.” 


დღეს, 10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებთან, რომლის მიზანია მათთვის საჯარო ფინანსების საინფორმაციო სისტემის (PFMS) გაცნობა. 

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის განხილვა
სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის განხილვა

მასალების გადაბეჭდვის წესი