ახალი ამბები

მარგველაშვილი: პრეზიდენტი წავა ამერიკაში, პრემიერსაც ეფექტურ ვიზიტს ვუსურვებ

9 სექტემბერი, 2014 • • 1075
მარგველაშვილი: პრეზიდენტი წავა ამერიკაში, პრემიერსაც ეფექტურ ვიზიტს ვუსურვებ

მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრება გაერო-ს სამიტზე უხერხულობას გამოიწვევს და სამიტის ღონისძიებებში დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ის, რომ სწორედ პრემიერმინისტრი გაემგზავრება ნიუ იორკში, ამაზე დღეს ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა. სწორედ ამ საკითხზე სთხოვა გადაცემის წამყვანმა საქართველოს პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება. 

 

“მე დიდი ინტერესით მოვისმენ ყველა არგუმენტს, რომელიც იქნება ამ მიმართულებით წამოწეული, მაგრამ მინდა ეს თემა ჩემი პირდაპირი მოვალეობის ჭრილში განვიხილო. მგონია, რომ როდესაც პრეზიდენტი თავის სახელზე იღებს მოპატიჟებას, პრეზიდენტის საქმეა უპასუხოს ამ წერილს და არა სხვა უწყებების საქმე. იმიტომ, რომ პრეზიდენტს გააჩნია წერის შესაბამისი უნარიც, წერილის დაწერის, პასუხის გაცემის და თავის პოზიციის დაფიქსირების. დარმწუნებული ვარ, ამ შემთხვევიდანაც უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხით გამოვალთ,”- განაცხადა მარგველაშვილმა.


პრეზიდენტის განმარტებითვე, მის მიერ გაგზავნილ კომუნიკაციას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან.


“მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველა უწყება, ნებისმიერი სამინიტრო, არის არა მთავრობის სამინისტრო, არამედ სახელმწიფოს სამინისტრო. შესაბამისად, ის ვალდებულებები, რომელიც ამ სამინისტროებს გააჩნიათ, გააჩნიათ ზოგადად, მათ შორის პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფისთვის. თუ პრეზიდენტი აგზავნის წერილს, ეს წერილი უნდა მივიდეს დროზე, თუ პრეზიდენტს უგზავნიან წერილს, ეს წერილი უნდა მოვიდეს დროზე. თუ ერთიანი პოზიცია არის ჩამოსაყალიბებელი, ვინ სად წავა, ასეთი ერთიანი პოზიცია კონსულტაციებით ყალიბდება. ეს არის ის ჭეშმარიტებები, რომელიც რაღაც მომენტში შეიძლება დავიწყებული იყოს.”


პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი აზრით, ის განცხადებები, რომლებიც ამ საკითხზე გაკეთდა, არ ასახავს კონსტიტუციურ რეალობას.


“საქართველოში საგარეო პოლიტიკის კურსს აყალიბებს არა პრეზიდენტი, არა პრემიერი, არა საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ პარლამენტი, რომლის ფუძემდებლური დოკუმენტების ცხოვრებაში გატარებას ახორციელებს მთავრობა, ხოლო წარმომადგენლობითი ფუნქციები გააჩნია პრეზიდენტს. თუ პრეზიდენტი იღებს წერილს და პრეზიდენტი პასუხობს ამ წერილს, აქ მე რწმენის ან გემოვნების თემა არ მგონია გადასაწყვეტი იყოს ასეთი საკითხები.

 

ასე ნელ-ნელა, ყოველგვარი სკანდალების გარეშე, ზედმეტი ვნებათაღელვის დაცხრობის ფონზე მივალთ იმის გააზრებამდე, რომ ქვეყანაში არის პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, და რომ ყველას მათ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები გააჩნია და ამ უფლებამოსილებების მომსახურება არ არის გემოვნების თემა, ეს არის ვალდებულება.  

 

ძალიან ინტენსიური მიმოწერა იყო ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, გაზიარება იყოს იმის თაობაზე, რომ როდესაც პრეზიდენტი მიიღებს წერილს, პრეზიდენტი პასუხობს ამ წერილს.”

 

კითხვაზე, წავა თუ არა პრეზიდენტი გაერო-ს სამიტზე, სადაც კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენცია იმართება, მარგველაშვილი ამბობს:

 

“ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად, საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში, მე მასაც [ირაკლი ღარიბაშვილს] ძალიან ეფექტურ ვიზიტს ვუსურვებ და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო ძალიან ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ამ ფორუმზე. მაგრამ არ არის კარგი პრეზიდენტის ინტიტუტის უფლებამოსილებები შევკვეცოთ. ეს არ იქნება კარგი. გადახვევა კონსტიტუციიდან არის ის, რაც მე პირადად მაპირისპირებდა წინა ხელისუფლებასთან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი