ახალი ამბები

თერგის ადიდების მიუხედავად, ლარსის საბაჟო და დარიალის ხეობის გზის მონაკვეთი გაიხსნა

30 აგვისტო, 2014 • • 1992
თერგის ადიდების მიუხედავად, ლარსის საბაჟო და დარიალის ხეობის გზის მონაკვეთი გაიხსნა

ავტომობილები გადაადგილებას დღის განმავლობაში შეუფერხებლად შეძლებენ, ხოლო 18:00-დან 07:00 საათამდე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები დაწესდება, საავტომობილო მოძრაობა კი საპატრულო პოლიციის უშუალო კოორდინაციით განხორციელდება.

“შესრულდა უზარმაზარი სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელშიც ჩართული იყვნენ მეცნიერები, მაშველები, ინჟინრები, მშენებლები, მობილიზებული იყო არაერთი სამთავრობო სტრუქტურა. საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა თითქმის წარმოუდგენელი – უმოკლეს დროში მომხდარიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად იშრომა და თითქმის შეუძლებელი შეძლო. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამ იმ ორი დაღუპული ადამიანის გამო, რომლებიც სტიქიამ შეიწირა. მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა პრევენციული სისტემა, რომელიც სულ რამდენიმე თვით ადრე დამონaტჟდა”,- ნათქვამია პრემირ-მინისტრის განცხადებაში. 

გზის გახსნა დღეს, 12:00 საათისთვის იგეგმებოდა, თუმცა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას დარიალის ხეობაში კვლავ ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც ხალხის ევაკუაცია მოხდა. იყო მცირე ჩამოშლები და თერგის ადიდებამ კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები.

 

“შედარებით რთული ვითარება იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩრდილოეთით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც ადიდებულია მდინარე და გზის მონაკვეთზე გადმოვიდა ქვა-ღორღი.  დღეს მომხდარი სტიქიის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით რეჟიმში ამოქმედდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, გადაადგილება დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებში კვლავ შეზღუდული დარჩება”.- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

ბოლო სამი თვის განმავლობაში დევდორაკის ხეობაში მეწყერი ორჯერ, 17 მაისს და 20 აგვისტოს ჩამოწვა. 20 აგვისტოს, საღამოს 22 საათზე, დევდორაკის ხეობაში  ღვარცოფულმა ნაკადმა გაიარა, ეს ის ადგილია,  სადაც 17 მაისს  კლდოვან–ყინულოვანი მასა მოწყდა.  ღვარცოფული გავლის შედეგად 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, ჩრდილოეთ–სამხრეთის  1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა  ლარსის ჰესი, დაიტბორა  ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და “დარიალჰესის” გვირაბი. სტიქიის გამო ორი ადამიანი დაიღუპა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი