ახალი ამბები

ადვოკატების პროტესტი ქორწინების ბეჭდის და ნათლობის ჯვრის გამო

27 აგვისტო, 2014 • 1148
ადვოკატების პროტესტი ქორწინების ბეჭდის და ნათლობის ჯვრის გამო

ორგანიზაცია  “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” წარმომადგენლებმა 27 აგვისტოს მოუწოდეს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს გააუქმოს ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ადვოკატებს საპატიმრო დაწესებულებებში ზოგიერთი ნივთის შეტანა არ შეუძლიათ.

საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის #135 ბრძანებაზე,  რომლითაც ცვლილება შევიდა 2011 წლის 30 მაისის N97-ე ბრძანებაში და რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელთა საპატიმროებში შეტანაც აკრძალულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” წევრის ზვიად კუპრავას თქმით,  “ამ ბრძანების საფუძველზე პირადი ნივთების, მათ შორის, ჯვრისა და საქორწინო ბეჭდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანის აკრძალვა ადვოკატებისა და თანამშრომლების მიმართ უნდობლობის გამომხატველია. მაშინ, როცა აღნიშნული ნივთებით დღემდე სარგებლობენ პრივილეგირებული პატიმრები”.

ბრალდებას წერილობით გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

 

სამინისტრო განცხადებაში განმარტავს, რომ N135 ბრძანებით, “აკრძალული ნივთების ნუსხაში შესულია ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები”.

თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იკრძალება საკულტო-რელიგიური ნივთები. “დაშვებულია, მაგალითად: ხის ჯვრის,  ხატის, ფსკვნილისა და სხვა რელიგიური ნივთების შეტანა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, ბრძანების მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესატან აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით დღემდე არსებული ბუნდოვანების აღმოფხვრაა. “რითიც მოხდება  შესაბამისი  დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო თვითნებობის პრევენციაც.”

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  2014 წლის 14 აგვისტოს მიღებული ბრძანების N135 საფუძველზე განისაზღვრა ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა პატიმრობის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის.  თუმცა ნივთები, რომლებზეც ადვოკატები საუბრობდნენ, წინა ბრძანებულებითაც იყო აკრძალული.

 

ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირადი ნივთების ტარების აკრძალვის გაპროტესტების პირველი შემთხვევა არაა. რელიგიური დანიშნულების ნივთებით ადვოკატების არშეშვებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადრეც  აპროტესტებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი